GE

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა 112 ქვეყნიდან 38-ე ადგილი დაიკავა – მოსწავლეთა სია

2023 წლის 13 ივლისს იაპონიაში, ქალაქ ტიბაში, მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა. საქართველოს გუნდმა წელს 38-ე ადგილი დაიკავა და, შარშანდელთან შედარებით, ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მათემატიკური შეჯიბრია.

1-ელ ადგილზე, ისევე, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩინეთის გუნდია, მე-2 ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი იკავებს, მესამე ადგილი კი სამხრეთ კორეის გუნდს ერგო. თურქეთი, გასული წლებისგან განსხვავებით, მოულოდნელად მე-8 ადგილზეა, სომხეთმა 32-ე, ხოლო აზერბაიჯანის გუნდმა 54-ე ადგილი დაიკავა.

იაპონიაში გამართულ 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში (IMO 2023), წელს 112 ქვეყნის 618
მოსწავლე მონაწილეობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და დამატებითი ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ირჩევს. წელს ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო.

საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 4 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს:

დავით კლდიაშვილი – ოქროს მედალი (33 ქულა);
თორნიკე ბერია – ბრინჯაოს მედალი (24 ქულა);
ალექსანდრე კორკოტაშვილი – ბრინჯაოს მედალი (19 ქულა);
თამარ ფეიქრიშვილი – ბრინჯაოს მედალი (18 ქულა);
გურამ მაჭარაშვილი – ბრინჯაოს მედალი (18 ქულა);
ივანე ყულჯანიშვილი – საპატიო სიგელი (17 ქულა).
ერთ მონაწილეს მაქსიმუმ 42 ქულის მოპოვება შეუძლია.

გუნდის ლიდერი – გიორგი ჭელიძე, თანალიდერები – გივი ნადიბაიძე და გიორგი სვანაძე.

ვულოცავთ მონაწილეებს, სკოლასა და გულშემატკივრებს!

2024 წელს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური