GE

„მათი კომპეტენცია ერთ-ერთი ყველაზე დაბალია თუნდაც მისაღები გამოცდების შედეგებით, მასწავლებლის პროფესიაში ნიჭიერი კადრები არ მოდიან“

განათლების სპეციალისტი და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ მასწავლებლის პროფესიაში მაღალკვალიფიციური კადრები არ მოდიან. პრობლემაა მათი უმაღლეს სასწავლებლებში მომზადების ნაწილშიც. ამის შესახებ მან აუდიტის დასკვნის შესახებ საუბრისას, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

„2019 წლამდე ჩვენ გვქონდა 2010-2014 წლები და მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი, რომელმაც, მთელი ამ წლების განმავლობაში, ანალოგიური სურათი აჩვენა. შესაბამისად, არ გვქონია მოლოდინი, რომ ამ თვალსაზრისით რამე გარღვევა იქნებოდა“, – განაცხადა ტაბატაძემ.

მისი თქმით, არსებულ შედეგებში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე თავად მასწავლებლები არიან და დამნაშავეა მთელი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მასწავლებელთა განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.

მან სამი სხვადასხვა მიმართულება გამოყო ამ თვალსაზრისით:

“პირველი არის – ვინ მოდის მასწავლებლის პროფესიაში მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე. თუკი ავიღებთ, მაგალითად, 2019 წლის შედეგებს მისაღები გამოცდების: მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე ვინც აბარებდა და ასეთი იყო დაახლოებით 700 აბიტურიენტი და მათგან მხოლოდ ცხრამ შეძლო 50%-იანი გრანტის აღება. ვერც ერთმა – 70%-იანი და ვერც ერთმა 100%-იანი გრანტი ვერ აიღო. რისი მანიშნებელია ეს? – ამ პროფესიაში არ მოდიან ყველაზე მაღალკვალიფიციური კადრები, ყველაზე ნიჭიერი ადამიანები. უფრო მეტიც, მათი კომპეტენცია ერთ-ერთი ყველაზე დაბალია თუნდაც მისაღები გამოცდების შედეგებით”, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, მართალია, უნივერსიტეტი გარკვეულ განათლებას იძლევა, მაგრამ მასწავლებელი, რეალურად, პროფესიონალი ხდება სკოლაში, სასკოლო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობის გზით, რაც სკოლაში უნდა ხორციელდებოდეს.

“მეორე ეტაპი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც უნდა იღებდნენ საბაზისო ცოდნას და განათლებას მომავალი მასწავლებლები და აქაც უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები მასწავლებელთა განათლების და მოდით ვთქვათ, პრობლემაა განსაკუთრებით სწავლისა და სწავლების მიმართულებით და საკმაოდ დაბალ დონეზე ვართ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, რომ კვალიფიციური მასწავლებელი მოამზადოს“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

და მესამე ეტაპი, რომელზეც სპეციალისტმა ისაუბრა, ეს არის, როცა მასწავლებელი უკვე შედის სკოლაში.

“რეალურად, სად იზრდება მასწავლებელი? უნივერსიტეტი კი აძლევს გარკვეულ განათლებას, მაგრამ რეალურად მასწავლებელი ხდება სკოლაში. აუდიტის დასკვნაში საკმაოდ კრიტიკული იყო ტრენინგები, რომელსაც „მასწავლებლის სახლი“ ატარებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ ტრენინგებს ის შედეგები ვერ ექნება, რომ სკოლაში კვალიფიციური მასწავლებელი გვყავდეს, რადგან მასწავლებელი სკოლაში ვითარდება. ჩვენ კი, სკოლაში, სასკოლო დონეზე, არ გვაქვს შექმნილი პროფესიული განვითარების სისტემა და არ გვყავს სასკოლო პროცესის ხელმძღვანელები, რომლებიც სასკოლო დონეზე ამის უზრუნველყოფას შეძლებენ. მე აბსოლუტურად მესმის, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ტაბატაძემ.

მისი თქმით, ერთი პრობლემაა ზოგიერთ საკითხში სახელმწიფო პოლიტიკის არათანმიმდევრულობა და მეორე პრობლემაა ზოგიერთ საკითხში ზედმეტი თანმიმდევრულობა.

„მაგალითისთვის, თუ იგივე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ავიღებთ, რომელიც 2015 წელს შემოვიდა და იმ პერიოდისთვის გარკვეული მოსაზრებებით პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო, ჩვენ დღემდე ამ 2015 წლის გადაწყვეტილების მძევალი ვართ. ჩვენ ამაზე 2015 წელსვე ვსაუბრობდით, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო, რომ ამ სქემას, მსგავსი ტიპის კრედიტების დაგროვებას, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდასთან და მოსწავლეების მიერ ხარისხიანი განათლების მიღებასთან არანაირი ბმა არ ექნებოდა. ზოგიერთი მასწავლებელი უფროს მასწავლებლობაზე გაჩერდა და კვალიფიკაციის გაზრდა არ მოინდომა. ისინი კვალიფიკაციას ყოველდღე იზრდიან, მაგრამ უბრალოდ, ამ მასწავლებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ იმ ბიუროკრატიულ სქემებში შესვლა მნიშვნელოვანი არ იყო და მნიშვნელოვანი იყო რეალური საქმით დაკავება“, – განაცხადა ტაბატაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სტატუსი კვალიფიკაციას არ განსაზღვრავს, ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ეს სწორედ ასეა.

„მეტსაც გეტყვით – ჩვენ არ ვიცით, საკლასო ოთახში რა ხდება და მასწავლებლებს რა შედეგები აქვთ, რადგან არ გვაქვს არანაირი ანგარიშვალდებულების მექანიზმი და არანაირი ინფორმაცია, როგორ ხდება სასკოლო დონეზე სასწავლო პროცესი. რეალურად, საქართველოში ვერავინ ვერ იტყვის, რომელ მასწავლებელს აქვს უკეთესი შედეგი“, – განაცხადა ტაბატაძემ.

„მასწავლებლად შემოსვლის ღია კარის პოლიტიკის გამო, ვინც კი უმუშევარი იყო, ვისაც არ დაეზარა, სხვაგან სამუშაო ვერ ნახა, მასწავლებლად აღმოჩნდა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური