მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან
ყოფილი მე-15 სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. მათი ძირითადი მოთხოვნა სკოლის შენობის და საჯარო სკოლის სტატუსის დაბრუნებაა.
მეთხუთმეტე სკოლა ნაძალადევის რაიონში, მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, თუმცა ორი წლის წინ იქ სოციალურად დაუცველი პირები შეიჭრნენ. შენობიდან იძულებით გამოყვანილი პედაგოგები და მოსწავლეები განათლების სამინისტრომ იქვე, სანზონაში მდებარე 207-ე საჯარო სკოლაში გახიზნა. როგორც პედაგოგებმა Aris.ge-განათლებას განუცხადეს, ისინი ორი წლის მანძილზე შენობის დაბრუნებას ელოდნენ, სანაცვლოდ კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეთხუთმეტე სკოლა, როგორც საჯარო სკოლის სტატუსის მქონე სუბიექტი საერთოდ გააუქმა.
“ორი წლის მანძილზე 207-ე სკოლაში ვიყავით შეხიზნულები. ამ დროს სკოლაში 2 დირექტორი იყო. განათლების სამინისტრო ამ პერიოდის მანძილზე სულ გვპირდებოდა – შენობა ავარიულია, გავარემონტებთ და დაგიბრუნებთო. ჩვენ მოთმინებით ველოდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, მეთხუთმეტე სკოლას, როგორც საჯარო სკოლას მთლიანად ლიკვიდაცია გაუკეთდა და აღარ არსებობს. მოხდა ჩვენი შერწყმა 207-ე სკოლაზე და ჩვენი პედაგოგებიც შეამცირეს. ორ უწყებას შორის ვართ დაკარგულები, განათლების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გვამისამართებს, ეკონომიკა კი განათლებასთან, “– აცხადებს Aris.ge-განათლებასთან პედაგოგი მაია რუხაძე.
მისივე ინფორმაციით, მეთხუთმეტე სკოლა თემქიდან ღრმაღელის მეტრომდე ერთადერთი სკოლაა. უბნის სიდიდიდან გამომდინარე კი, დასახლებას სკოლა აუცილებლად სჭირდება. სკოლის აღდგენის მოთხოვნით, უკვე დაწყებულია ხელმოწერების შეგროვებაც. მშობლებმა 1000-ზე მეტი ხელმოწერა ნაძლადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ კორძაიას სახელზე შეიტანეს. არსებული ინფორმაციით, შენობა ჯერ არ გასხვისებულა და კიდევ არის შანსი, რომ ის სკოლას დაუბრუნონ.
“ამ დროისთვის პარლამეტში ჩემს სახელზე 1000 მშობლის ხელმოწერაა შემოსული და ისინი სკოლის აღდგენას ითხოვენ. 1000 მშობლის უკან დგას 1000-ზე მეტი ბავშვი, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ამ სკოლამ მუშაობა განაახლოს. დღეს ეს სკოლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ვთვლი, რომ გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს”, – აცხადებს დეპუტატი.
აღნიშნულ საკითხზე Aris.ge-განათლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტეს, საკითხი შესწავლას საჭიროებს.
“მე-15 სკოლამ დეოპტიმიზაციის კომისიას მიმართა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოთხოვნის შესწავლა და საჭიროებების გაანალიზება. როგორც კი კომისია მუშაობას დაასრულებს პასუხი გვეცოდინება ,”-აცხადებენ სამინისტროში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომისიის პასუხს ელის, მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები კი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უახლოეს დღეებში ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება