GE

მე – პედაგოგი  

დავით ფერაძე. პედაგოგი წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლის ისტორიის მასწავლებელი

რა არის პედაგოგიური წარმატების მთავარი გასაღები

ცხადია, სიყვარული. და ეს არაა ლიტონი ტრივიალობა. ყოველთვის, როდესაც პირველად შევდივარ ახალ კლასში მოსწავლეებს ვეუბნები – მთავარია სიყვარული. მას ვერცერთ ადგილზე ვერ დავაყენებ, რადგან ნებისმიერ ადგილს აღემატება. და რადგან ასეა, პირველ ადგილს იკავებს ღირსება, შემდეგ კი ცოდნა.

სრულიად ბუნებრივია, რომ ასობით მოსწავლიდან რომელიმემ ვერ გაგიგოს, უნებლიეთ, რაღაც ეწყინოს ისეთი, რაც სხვისთვის არაა საწყენი, ან შეურაცხყოფად აღიქვას ის, რაც შეურაცხყოფა არაა.  მე ვეუბნები ბავშვს, რომ სანამ სახლამდე მიიტან წყენას, ეს ჯერ მე მითხარი. ჯერ მე გაგარკვევ. თუ საბოდიშოა, მოგიბოდიშებ კიდეც, მაგრამ თუ არაფრად ჩაგთვლი, მაშინ მიიტანე სახლში. ცხადია, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც და მერე მოვრიგებულვართ.

როგორ იწყებოდა პედაგოგობა

22 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში დავიწყე მუშაობა. საშინლად არ მინდოდა, მაგრამ დიდი თხოვნის მერე დამიყოლიეს. ეს იყო რეგიონში. მამიდაჩემთან, ახალციხეში, არის იქ ერთი ლამაზი სოფელი წნისი, თბილი მცხოვრებლებით. სასწავლო წლის ბოლოს ისტორიის მასწავლებელი გახდა ცუდად. მთხოვეს, მის ნაცვლად, დროებით, მხოლოდ თვენახევარი იმუშავეო. პარალელურად, სტუდენტი ვიყავი და თან რედაქციებში ვმუშაობდი. ამ მიზეზმა ვერ გადამარჩინა. ყველანაირად შეგიწყობთ ხელსო. მერე ვინმეს ვიპოვითო. როგორც იქნა, დამიყოლიეს. მაგრამ ბავშვებმა „ჩამითრიეს“ და რამდენიმე ხანს შემოვრჩი. საოცრებაა ბავშვი!  იმ დროიდან დღემდე როგორი მათგანი არ შემხვედრია და თამამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმრავლესი მათგანი ჩემი მეგობარია. ზოგიერთი ლამის, ჩემი ასაკისაა და ჩემ შვილებზე უფროსი შვილებიც კი ჰყავს.

რა არ უნდაგაბედოს” მოსწავლემ

არასდროს მქონია განცდა და არც არასდროს მითქვამს მოსწავლისთვის, მასწავლებელს ესა თუ ის რამე როგორ უნდა გაუბედო. მასწავლებელს კი არა, პიროვნებას, ადამიანს არ უნდა გაუბედო, ის რაც არაა გასაბედი. თუ რამე საწყენი არის, შეიძლება გვეწყინოს, როგორც ადამიანებს და არა როგორც პედაგოგს. ვცდილობ, ყოველ მოვლენას სხვისი თვალით შევხედო და ეს, ცხადია, ვრცელდება მოსწავლეებზეც.

გნებავთ, ამას ემპათია დაარქვით. თუმცა, ეს არ გამორიცხავს სიმკაცრეს. თუ ვაღიარებთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალური პიროვნებაა, ბუნებრივია, ყველაში ინდივიდიუალური შტრიხებია მოსაძებნი. ამიტომ, ზოგჯერ და ზოგთან   სიმკაცრეა საჭირო, ზოგჯერ და ზოგთან – ლმობიერება. ოღონდ, ვცდილობ, ორივე გზა ისე გამოვიყენო, რომ არ შეურაცხვყო.  ღირსებაზე იერიში სიხისტითაც შეიძლება და ლმობიერებითაც. ცხადია, სიმკაცრეში არ ვგულისხმობ მის უკიდურეს ფორმას.

დასაშვებია თუ არათავის გაყადრება

ურთიერთობის სწორად შერჩევას აქვს დიდი მნიშვნელობა. ფამილარობას არ მოაქვს შედეგი, მაგრამ, თუ მოსწავლეს აგრძნობინებ, რომ მისი მეგობარი ხარ, ეს სხვა საქმეა. რატომაც არ უნდა „გაუყადრო თავი“. სწორედ ეს დაახლოვება ხსნის ბავშვს, როგორც პიროვნებას და ამით უკეთ იგებ მის „მინუსებს“ და „პლუსებს“,  და ეს გეხმარება, როგორ წარმართო მისი აღზრდა.

პრობლემებს ვერ ავცდებით

ცხადია, არის პრობლემებიც. ეს უფრო მოსწავლის შეფასებებს ეხება. მუდმივად ვცდილობ, გავააზრებინო მოსწავლეს, რომ რეალური თვითშეფასების უნარი ჰქონდეს. მაგრამ საქართვერლოში ვერა და ვერ დავძლიეთ შეფასებაზე ორიენტირება. წლებია, რაც დამკვიდრდა ყალბი შეფასების სინდრომი. ჩემი წინა თაობებიც კი ასე გაიზარდნენ. ადამიანებს დღემდე ჰგონიათ, რომ თუ რამე საზოგადოებრივი მდგომარეობა უკავიათ, ან რაიმე, ასე ვთქვათ, პრესტიჟულ პოზიციაზე არიან დასაქმებული, მის შვილს აუცლებლად მაღალი შეფასება უნდა ჰქონდეს და ხშირ შემთხვევაში ეს შეფასება არაადეკვატურია.

მე ვეუბნები ბავშვებს – ასე ხომ სიყალბეს ვეჩვევით?! სკოლის ერთ-ერთი მიზანია, რომ შენში პატიოსანი მოქალაქე ჩამოაყალიბოს. სიყალბე კი უპატიოსნობაა. ზოგჯერ მპასუხობენ: რა ვქნათ? მშობლებს უნდათ ეს მაღალი ქულები, თორემ ჩვენ არაფერში გვჭირდებაო და პრობლემები ძირითადად სწორედ მშობლებთან იქმნება. ვერ ვიტყვი, რომ აგრესიას გამოხატავენ. არა… მოდიან მოწიწებით, მოკრძალებით და გთხოვენ მაღალ ნიშანს. მაგალითად, ასეც კი: „იცით, ნიშანს კი არ გთხოვთ, მაგრამ, იქნებ ცოტა მოუმატოთ ჩემ შვილს!“. კი ბატონო, მე განა წინააღმდეგი ვარ, ვპასუხობ მე. ოღონდ, თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა, რომ თქვენი შვილის ცოდნა არაფერს ნიშნავს თქვენთვის, რომ მზად ხართ ის შეფასდეს ყალბად, და თუ ამ პასუხისმგებლობას იკისრებთ, ისე შევაფასოთ, როგორც გნებავთ.

საგაკვეთილო გეგმა, ერთერთი ბიუროკრატიული სირთულე

პირდაპირ ვიტყვი: ვერ ვიტან გეგმების წერას. ჯერ კიდევ ახალბედა პედაგოგმა, გამოვაცხადე, რომ არ დავწერ გეგმას და რომ ეს არაფერში მჭირდება მეთქი. ეს არის ფორმალობა, რომელიც საბჭოური ეპოქიდან შემოგვრჩა. რა თქმა უნდა, განსასაზღვრია, როგორ ჩაატარებ გაკვეთილს, მაგრამ შეუძლებელია დაწერილ გეგმას გაყვე გაკვეთილზე. გაკვეთილი პიესა ხომ არ არის? ამიტომ, გეგმაზე სულ ტყუილად უნდა დაიკარგოს დრო. მირჩევნია, გეგმის წერის ნაცვლად, რამე წავიკითხო.

გაკვეთილის მიღმა

გაკვეთილის მიღმა, როგორც მეუბნებიან, სხვა ვარ.  გაკვეთილი მაინც ოფიციალური ღონისძიებაა, და გარკვეულ ვალდებულებებს ასრულებს. გაკვეთილის მიღმა ოფიციალურობისაგან „განვიმოსები“ და მოსწავლეებში უფრო პიროვნულ ნიუანსებს ვაკვირდები. დასვენება, ექსკურსია, არასასკოლო სიტუაციები – ესაა მეტი კომუნიკაციის ადგილი და დრო. ვინც ასეთ დროს „მანტიას“ იხსნის, ის ხვდება, რამდენად ეხმარება ეს შემდგომ პედაგოგიურ ურთიერთობაში.

როგორია ახალი თაობა?

არ ვფიქრობთ, რომ თაობები იღუპებიან ან ჩვენ დაგვღუპავენ. არც ჩემი ბავშვობის დროს იყო უთვალავი წიგნიერი და არც ახლაა. თუმცა, დღეს უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ. ჩვენ ვამბობთ, რომ წიგნი შეუცვლელია, მაგრამ ეს უფრო ემოციური მიდგომაა. მაგალითად, სტენდალი შეიძლება ბეჭდური პროდუქციის სახითაც წაიკითხო და ელექტრონული ვერსიითაც. მთავარია წაიკითხო. ხშირად მახსენდება ფილმი „შერეკილები“, სადაც ერთაოზი წიგნის გარეშე იძენს ცოდნას. ამიტომ დღეს კატასტროფას ვერ ვხედავ. პრობლემები უფრო სხვა სიბრტყეზე იყრის თავს. ახალი თაობის და შეხედულებათა გადაფასების შიში, კი, როგორც ისტორიკოსს, დამეჯერება და მუდმივად არსებობდა.

გვაქვს თუ არა ზნეობრივი კრიზისი?

ალბათ, გვაქვს, მაგრამ ვერ გავზომავ, როდის უფრო მეტი იყო, როდესაც საქართველოში საკუთარ მოყვასს ტყვეთა ბაზარზე ყიდდნენ მაშინ, თუ – ახლა? ისე, წინა საუკუნის 90-იან წლებს თუ შევადარებთ, ანუ ჩემი „თინეიჯერობის“ წლებს, ახლანდელი თაობა მაშინდელზე ზნეობრივია. თუმცა, გვაქვს ახლა გარკვეული, ახალი ზნეობრივ ინტელექტუალური „ვირუსებიც“, რაც ვფიქრობ, ამ თაობასაც დაავიწყდება სამომავლოდ, როდესაც თავად „ძველები“ გახდებიან და მათ  ასპარეზზე  სხვა „ახლები“ ჩაანაცვლებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური