GE

„მე ვაპირებ ავიცრა პირველივე შესაძლებლობისთანავე“ – უნივერსიტეტების რექტორები იმუნიზაციის მნიშვნელობაზე

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მაშინ მსოფლიოს ამ ახალი სენის შესახებ ბევრად ცოტა რამ ვიცოდით, ვიდრე დღეს ვიცით. დღევანდელი გადმოსახედიდან, სულ რაღაც ერთი წლის წინანდელი საზოგადოება გულუბრყვილოდ და ღიმილისმომგვრელად გამოვიყურებით საკუთარივე თვალში. მაშინ ჯერ კიდევ არ გვინდოდა დაჯერება, რომ საფრთხე მართლაც რეალური იყო. ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ ვირუსი გვერდს აგვივლიდა, სადღაც შორსავე აღიკვეთებოდა მისი გავრცელება და მის მიერ მოტანილი მსხვერპლი. ორიოდე თვე ვითვლიდით და ზეპირად ვიცოდით ყველა ქართული კლასტერი.

შემდეგ სათვალავი აგვერია. საფრთხე არათუ რეალური გახდა, მთლიანად მოიცვა და გაჟღინთა ჩვენი ყოველდღიურობა, პირადი და საზოგადო ცხოვრება. მრავალი დარტყმა მივიღეთ და ამ დარტყმებმა მტკივნეული კვალი დაგვაჩნია ქვეყანასა თუ ცალკეულ ინდივიდებს, ყველა შესაძლო მიმართულებით.

დღეს გაცილებით მეტი რამ ვიცით, დიდი მოლოდინით, ხან სიხარულითა და ხანაც გაღიზიანებით შევცქერით მოვლენების განვითარებას. თუმცა კვლავაც ბევრი მითი და დეზინფორმაცია ვრცელდება ვირუსისა და მასთან ბრძოლის მთავარი იარაღის, ვაქცინაციის შესახებ, რაც დაქანცულ და ეჭვებით სავსე ადამიანებს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს.

ვაქცინის შეზღუდული რაოდენობით ხელმისაწვდომობის გამო, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები, რათა აცრის შესაძლებლობა პირველ რიგში იმ ადამიანებს ჰქონდეთ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა. ამ ეტაპზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ ჯანდაცვის მუშაკებს, 55 წლის და უფროს ადამიანებს, დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებს.

არ წყდება საუბრები პრიორიტეტულ ჯგუფებში საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა ჩართვაზე.

EDU.ARIS.GE-მ იმუნიზაციისა და მისი მნიშვნელობის შესახებ მათი მოსაზრებების გაზიარების თხოვნით, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს მიმართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია ამბობს, რომ აპირებს აიცრას პირველივე შესაძლებლობებისთანავე.

მისი თქმით, საინტერესოა ისიც, რომ ვაქცინაცია საქართველოსთვის ახალი ხილი არ არის. ჯანდაცვის ამ მეთოდს მეოცე საუკუნეშიც წარმატებით ვიყენებდით. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ მე-18 საუკუნეში, ვაქცინაციის წინამორბედი მეთოდი, ე.წ. ვარიოლაცია, სწორედ კავკასიის და საქართველოს გავლით შევიდა და გავრცელდა ევროპაში. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ვაქცინაციის აღმოჩენაში, ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში, საქართველომ თავისი ისტორიული წვლილიც შეიტანა.

“მე ვაპირებ ავიცრა პირველივე შესაძლებლობისთანავე, რომელიც გამოჩნდება ჩემი ასაკის ადამიანებისთვის. ინფექციური დაავადებები და მათ მიერ წარმოშობილი ეპიდემიები კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდა მხოლოდ ვაქცინაციის მასობრივი დანერგვით. სწორედ ასე გადაურჩა ასობით მილიონი ადამიანი მეოცე საუკუნეში სიკვდილს. მიუხედავად ამისა, დღესაც ძალიან ძლიერია არასწორი, მითოლოგიური წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ თითქოს, წარსულში, როცა არ არსებობდა თანამედროვე მედიკამენტები, მაგალითად ვაქცინა, ადამიანის ჯანმრთელობა უკეთეს მდგომარეობაში იყო. არადა, თანამედროვე მედიცინის გაჩენამდე, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წელი იყო. დღეს კი, თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელზე მეტია. ეს სამედიცინო სფეროში მეცნიერული პროგრესის შედეგია. პროგრესის, რომლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას ვაქცინაცია წარმოადგენს.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც პროფესორები და სტუდენტები ურთიერთობენ. ურთიერთობა კი ძნელდება, როდესაც იგი არ არის უსაფრთხო. სწორედ ამის გამო, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსიტეტები ვერ დაუბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს იქამდე, სანამ წარმატებით არ განხორციელდება ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში. იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის სხვა სფეროებზე – თუ ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ცხოვრების, ურთიერთობის, შრომის ჩვეული ფორმები, ჩვენ გვჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას უახლოეს თვეებში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს”, – აცხადებს გიგა ზედანია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დამარცხება სწორედ ვაქცინაციით არის შესაძლებელი და ამის მაგალითია ისტორია.

“შეფასებულია, რომ დედამიწაზე მილიონობით სხვადასხვა ტიპის ვირუსია, რომელიც ჯერ არ არის აღმოჩენილი. თუმცა, ამ მიკრო სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია პათოგენურ ვირუსებს, რომელთაც შეუძლიათ ადამიანების დაავადება. სწორედ ამ ტიპის ვირუსებს შორისაა COVID-19, რომლის პანდემიამაც უკვე წელიწადზე მეტია გლობალური ხასიათი მიიღო.
დღეისათვის ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლის უმთავრეს საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს. ვაქცინა კეთდება ვირუსის მსგავსი მოლეკულისაგან, რომელსაც ადამიანში მძიმე დაავადების გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ იწვევს იმუნურ რეაქციას, რაც ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას და მის მიერ გამოწვეული დაავადების განვითარებას.

“კაცობრიობამ ვაქცინაციით საბოლოოდ აჯობა უმძიმეს დაავადებას ყვავილს, რომლის ვაქცინაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს აღმოაჩინეს. თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობის წარმოდგენა შეუძლებელია პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პოლიოვირუსის ვაქცინის ან წითურას საწინააღმდეგო რუბელას ვაქცინის გარეშე. ვირუსული დაავადებაა ცოფიც, რომლის განვითარებასაც რაბოვირუსის ვაქცინა უშლის ხელს.

“სწორედ ამ დაავადებებთან წარმატებით ბრძოლის მაგალითი გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია კორონავირუსის პანდემიის დამარცხებაც. დღეისათვის შემუშავებული ვაქცინების ზემოქმედებით, ადამიანს 2 კვირაში უვითარდება კოვიდ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი. იმუნიტეტის არსებობის შემთხვევაში, ადამიანისათვის კორონავირუსი ისევე უვნებელია, როგორც ჩვენს ირგვლივ არსებული ვიროსფეროს მილიონობით სხვა ვირუსი. ამ მხრივ, ვაქცინაცია დაავადების თავის აცილებისა და საზოგადოების ნორმალურ ცხოვრების რიტმში დაბრუნების უალტერნატივო გამოსავალია”, – აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე.

7 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია „ასტრაზენეკას“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა და ამბობს, რომ ეს ერთადერთი ეფექტური გამოსავალია ახლა კაცობრიობისთვის.

„დღევანდელი გლობალური პანდემიის ფონზე, ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გამოსავალია გადარჩენისთვის. სწორედ მასზე გადის ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ამ საქმეში კი თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია. ყველას მოვუწოდებ გაიკეთონ ვაქცინა და ერთად დავამარცხოთ ეს უმძიმესი გამოწვევა“, – ამბობს კსუ-ის რექტორი.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე ფიქრობს, რომ იმუნიზაციას ალტერნატივა არ აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.

„აქ არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა და საზოგადოება დაუბრუნდეს თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ცხადია, იმუნიზაცია არის უალტერნატივო ღონისძიება. მით უფრო ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მობილობის ძალიან მაღალი ხარისხია და შესაბამისად, რისკიც ძალიან მაღალია ვირუსის გავრცელების. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია, მე ვიტყოდი სავალდებულოც კი უნდა იყოს, არა მხოლოდ განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, არამედ საერთოდ მთელი საზოგადოებისთვის“, – გვეუბნება რექტორი.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი მხარს უჭერს ვაქცინაციას და თანამშრომლების დიდმა ნაწილმა ვაქცინაციის პირველი ეტაპი უკვე გაიარა კიდეც.

“ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID-19) კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან პანდემიამ ადამიანების დანაკარგთან ერთად უპრეცედენტო ეკონომიკური დანახარჯები გამოიწვია. COVID-19-თან გამკლავება ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტი გახდა.

“მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ხოლო იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ძირითად პრიორიტეტს და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინტერვენციას წარმოადგენს. ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მისაღწევად, ვფიქრობთ, აუცილებელია COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრით მოცვის მაღალი დონის მიღწევა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მხარს უჭერს ვაქცინაციას და აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით უკვე დარეგისტრირებულია და ვაქცინაციის პირველი ეტაპი გაიარა უნივერსიტეტის აკადემიური და დამხმარე პერსონალის უმრავლესობამ, ასევე თანამშრომელთა ოჯახის წევრებმაც, რაც მიგვაჩნია, რომ არის გარანტი იმისა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება შეძლებს დაუბრუნდეს აქტიური ცხოვრების ჩვეულ რიტმს”, – აღნიშნავს გორის უნივერსიტეტის რექტორი.

ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი ამბობს, რომ ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური მექანიზმია ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

“უხილავი მტრის დასამარცხებლად, მისგან დასაცავად ყველაზე ეფექტური მექანიზმი ვაქცინაა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გადავარჩინოთ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. დავუბრუნდეთ საქმეს, რომელიც გვიყვარს და მოგვენატრა.

ვაქცინაცია მოგვცემს საშუალებას, სრულყოფილად დავიბრუნოთ ჩვენი ყოველდღიურობა. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ შევძლებთ დავბრუნდეთ აუდიტორიებში ჩვენ სტუდენტებთან ერთად და პირისპირ კონტაქტით, დისკუსიებით ვიმსჯელოთ და ვიზრუნოთ განათლებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია მომავლის ასაშენებლად. ვთხოვოთ ერთმანეთს ვაქცინაციის ჩატარება და გადავარჩინოთ ჩვენი და სხვების სიცოცხლე”, – ამბობს ნინო ტალიაშვილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი მოგვიწოდებს, რომ ვაქცინაციას შევხედოთ, როგორც მოვალეობასა და პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების წინაშე.

“ვაქცინაცია – ეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. უკვე ერთი წელია, რაც ჩვენი საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას. კორონავირუსის გამო შეფერხებულია თითქმის მთელი მსოფლიოს ნორმალური განვითარება. მით უფრო რთულია ეს რეალობა საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის, ინგრევა ეკონომიკა, იზღუდება საგანმანათლებლო–კულტურული ასპარეზი. ის ფაქტი, რომ ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით სასწავლო პროცესს, ნაყოფიერად ვმონაწილეობთ არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტში, არ ნიშნავს, რომ გამოწვევები არ არსებობს.

პანდემია სხვაგვარად ვერ დამარცხდება, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. მის გარეშე ვერ აღდგება სრულფასოვანი ცხოვრება, ვერ შევძლებთ დასახული ამოცანების სრულყოფილად განხორციელებას. თითოეულმა ჩვენგანმა ამ პროცესს უნდა შეხედოს, როგორც მოვალეობას, პასუხისმგებლობას მეორე ადამიანის წინაშე. არ დაგვავიწყდეს, ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ ისინიც, რომლებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებიან და ვირუსით დაავადება მათ სიცოცხლის ფასადაც შეიძლება დაუჯდეთ. გავაკეთოთ ეს თუნდაც ჩვენი უახლოესი ადამიანების დასაცავად. ახლა მთავარია, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი მიდგომა და ნდობა ამ პროცესის მიმართ, რომ უფრო ჯანმრთელი და უკეთესი ხვალინდელი დღე დადგეს”, – აღნიშნავს აწსუ-ის რექტორი.

იმუნიზაციის მნიშვნელობაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დღეისათვის ხელმისაწვდომია ვაქცინები მინიმუმ 20 ისეთი დაავადებისგან დასაცავად, როგორიცაა დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, გრიპი და წითელა. ეს ვაქცინები ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს იცავს.

„ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ეფექტური გზა დაავადების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადასარჩენად. ვაქცინაცია მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა და უნდა გვიხაროდეს, რომ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ასეთი შესაძლებლობა გვაქვს. ძალიან დიდი რესურსი მიდის ვაქცინების შექმნაზე. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ქმნიან ახალ ვაქცინებს. როდესაც ვაქცინა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის ნებადართული, ესე იგი, მისი მიღება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ვირუსი, რომლისგანაც ის გვიცავს. ვაქცინაციის დროს ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავთ, არამედ გარშემომყოფებსაც. ადამიანები, რომელთათვის ვაქცინა, სხვადასხვა სერიოზული დაავადებების გამო არაა რეკომენდებული, დამოკიდებულები ხდებიან ჩვენზე – დანარჩენზე, ვისაც შეგვიძლია აცრის მიღება, რომ ხელი შევუწყოთ დაავადების გავრცელების შემცირებას.

“COVID-19 პანდემიის დროს ვაქცინაცია კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როცა ჩემი რიგი მოვა და იქნება აცრის შესაძლებლობა, აუცილებლად ჩავიტარებ აცრას იმ იმედით, რომ მოსახლეობის უმეტესობა აიცრება და მსოფლიო პანდემიას ასე უფრო მალე დაამარცხებს“, – აცხადებს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველი დღიდან დღემდე სულ 27 654 ადამიანი აიცრა. იმედი გვაქვს, რომ პროცესი მზარდი ტემპითა და ეფექტიანობით წარიმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური