GE

„მე ვერჩი სისტემას, რომელიც ასეთ გამოცდას ისე გეგმავს, რომ ჩვენს მოთხოვნებს არ ითვალისწინებს“, – მასწავლებლებმა უცხო ენაში ზეპირი გამოცდა ჩააბარეს

პედაგოგებმა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდის პრაქტიკული ნაწილი დღეს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და  ფრანგულ ენებში ჩააბარეს. ნაწილი კი პრაქტიკულ გამოცდას საგანში ქართული, როგორც მეორე ენა აბარებს.  გამოცდის პრაქტიკული ნაწილი 15 წუთს გრძელდებოდა.

დღეს საგამოცდო ცენტრთან პედაგოგების ნაწილი კონსპექტებითაც მივიდა. იქამდე, ვიდრე გამოცდაზე შევიდოდნენ გულმოდგინედ კითხულობდნენ ფურცელზე დაწერილს.

,,გუშინ ვიმეცადინე და აქ ის ტექსტები მიწერია. აღწერაა ჩემი ოჯახის და კიდევ რაღაცები.  გამოცდაზე ხომ ვერ მოვიგონებ უცებ ტექსტებს და წინასწარ მოვამზადე. ახლა კი ვიმეორებ, რომ არაფერი გამომრჩეს. ძალიან ვნერვიულობ, რა საჭიროა ეს გამოცდები საერთოდ”, – გვითხრა გორის საგამოცდო ცენტრში მისულმა რუსული ენის პედაგოგმა.

საგამოცდო ცენტრიდან გამოსულებმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვეს. მათი შეფასებით, გამოცდა არასათანადო პირობებში მიმდინარეობდა, რადგან საუბარი ყველას ერთად უწევდა და ხმაური იყო.

,,გამოცდაზე ყურსასმენები გიკეთია, მაგრამ იმხელა ხმაზე საუბრობენ, რომ წარმოუდგენელია ამ ფორმატში გამოცდის ჩაბარება. ყურსასმენებში მაინც შემოდის ხმა და ვიბნევით. მე არ ვერჩი პედაგოგებს, მათ სხვა გზა არ აქვთ. მე ვერჩი სისტემას, რომელიც ასეთ გამოცდას ისე გეგმავს, რომ არ ითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს. გამოცდა რთული არ იყო, მაგრამ დროა ძალიან ცოტა. 15 წუთში როგორ უნდა გაართვა თავი ისე, რომ არ გქონდეს ამოსუნთქვის საშუალება, მე არ ვიცი. მასალა ბევრია და დროც მეტი უნდა იყოს“, – გვითხრა რუსული ენის პედაგოგმა.

„ვნერვიულობ ძალიან. სრულიად ზედმეტია ეს გამოცდები. პატრონი არ გვყავს, მაგარი განუკითხაობაა. ვინმე მასწავლებელს ეკითხება რამეს? ჩვენ არ გვინდა ეს გამოცდები და ხომ უნდა გაიგონ ამდენი წელი, რომ ამას ვაპროტესტებთ. რავიცი, კი ამბობენ, დემოკრატია არისო და სად არის დემოკრატია? გვაიძულებენ გამოცდები ჩავაბაროთ ასეთ პირობებში, სადაც ყველა ერთად ლაპარაკობს და მათი ხმა უფრო გესმის ვიდრე საგამოცდო საკითხების.  გამომცდელებიც კარგი ტიპები ჰყავთ რაა, მითითებების მიცემაში მაგრები არიან. არ დაკეცოთ ფურცელი, ხომ არაფერი შემოგყვათ, არსად გაიხედოთ – მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლებიან ხოლმე და ტყუილად ნერვებს გვიშლიან ისინიც“, – ამბობს კიდევ ერთი მასწავლებელი.

,,როგორ შეიძლება, ერთ პატარა ოთახში, ამდენი ადამიანი ერთდროულად ლაპარაკობდეს. არ არის ეს ნორმალური საქციელი. საშინელებაა, ვითომ ყურსასმენები გიკეთია, მაგრამ სულ ტყუილად, ხმა მაინც აღწევს შიგნით. კი ვეცადე, არ შემემჩნია, მაგრა არ გამოდის, რაც გინდა ეცადე. მე არ შემიძლია ასე გამოცდის ჩაბარება და რა ვქნა. ზოგი ისეთი პედაგოგია, რომ სხვასთან ერთად არ შეუძლიათ საუბარი დაიწყონ და მითუმეტეს ამდენ მასწავლებელთან ერთად. სასწრაფოდ გასაუქმებელია ეს გამოცდები. ჩვენ ძველი დროსის მასწავლებლები ვართ და აუცილებლად უნდა გვკითხონ აზრი“, – გვითხრა კიდევ ერთმა პედაგოგმა.

პედაგოგებმა საგამოცდო საკითხებზეც ისაუბრე. მათი განცხადებით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო.

,,გამოცდა რთული არ იყო. გვეკითხებოდნენ რომელი იყო ჩვენი საყვარელი მწერალი და წიგნი. თუ წავიკითხეთ ეს წიგნი ბოლომდე. ძალიან უცნაური კითხვები იყო. თუ საყვარელ წიგნზე მეკითხები, წაკითხული მექნება აბა არ მექნება? მისი მოკლე შინაარსი უნდა მოგვეყოლა, რაც შეიძლება მოკლე დროშო. კითხვა იყო ასეთი, რომ ვანოს ეზარება სკოლაში სიარული და რას ვურჩევდით მის მშობლებს, რომ ბიჭი ხალისით მისულიყო გაკვეთილებზე. ამაზე უნდა გვესაუბრა. მე ვისაუბრე, რომ ვანოს იმიტომ ეზარება სკოლაში სიარული, რომ ბევრ საშინაო დავალებას აძლევენ მეთქი. დროის პრობლემაა. სხვა არაფერი პრეტენზია არ მაქვს. გამოცდის საჭიროებას კი არ ვხედავ, მაგრამ ასეთია კანონი და მეც ვემორჩილები“,– გვითხრა ნელი აკოფაშვილიმა.

,,საგამოცდო საკითხები საშუალო სირთულის იყო. სწრაფ აზროვნებას მოითხოვდა. კითხვა იყო წიგნზე, რომელიც ბოლო პერიოდში წავიკითხეთ და აქედან რომელი ეპიზოდიც გვახსოვდა ის უნდა მოგვეთხრო. ავტორიც უნდა დაგვესახელებინა. სწარი საუბარია საჭირო. დიდი პაუზის გაკეთების უფლება არ გაქვს. მოსწრებაზე ხარ, რადგან დრო მალე გადის. კიდევ იყო კითხვა მათემატიკის მასწავლებელზე, რომელსაც შესთავაზეს მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა, მაღალი ანაზღაურებით.  ამაზე უნდა გვემსჯელა გადავიდოდა თუ არა ამ სამსახურში. ჩემი აზრით გადავიდოდა, რადგან მაღალი ანაზღაურება ჩვენც გვინდა. იმედია, კრედიტებს დავაგროვებ და ხელფასი მეც მომემატება“, – ამბოს პედაგოგი.

საგამოცდო პროცესს კი პედაგოგები ასე იხსენებენ:

,,ე.ი., რომ შედიხარ საგამოცდო ოთახში, პატარა მაგიდებზეა განლაგებულია კომპიუტერები. გსვამენ ერთ-ერთ მაგიდასთან, რომელიც ცარიელია და იწყება გამოცდა. იკეთებ ყურსასმენებს და კომპიუტერის მონიტორზე გამოდის კითხვები, რომელსაც პასუხები უნდა გასცე. როგორც ვიცი, ხმა იწერება და შემდეგ ხდება ამის შემოწმება თუ, როგორ ვისაუბრეთ და გავართვით თავი გამოცდას. ლაპარაკს ამოწმებენ, რამდენად შეგვიძლია. აბა, ამდენი წელია უცხო ენების მასწავლებელი ვარ და საუბარი არ მეცოდინება? ეს ცოტა არ მესმის“, გვითხრა ინგლისური ენის პედაგოგმა.

ზოგიერთი აპლიკანტი ზედმეტად გაწეული ხარჯის გამო წუხს:

,,ჩემთვის ეს გამოცდა ძალიან დისკომფორტის შემქმნელია. ხომ შეიძლება, ეს 15 წუთიანი ვითომ პრაქტიკული გამოცდა, იმავე დღეს ჩაატარონ და მეორე დღეს ამის გულისთვს არ ჩამოგვიყვანონ. ძალიან ბევრი პედაგოგი დღეს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდა და ეს ხომ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. მაშინ გამოცდების ცენტრმა უზრუნველყოს ჩვენი ტრანსპორტირება. არ შეიძლება ასე მოქცევა, როგორც ჩვენ გვექცევიან. არ არის რთული გამოცდა და შესაძლებელია ერთ დღეში ჩავეტიოთ. საკითხები სულ სკოლის, მოსწავლისა და მშობლის გარშემო იყო“, – გვითხრა გორელმა პედაგოგმა.

,,დღეს მე პრაქტიკული გამოცდა ქართულში, როგორც მეორე ენა ჩავაბარე. საერთოდ არ არის რთული. სხვა არაფერზეა საუბარი გარდა სკოლისა და მოსწავლისა,“ – გვითხრა ქართული ენის პედაგოგმა ინგა მამისაშვილმა.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური