GE

მეცნიერება – განათლების სამინისტრო განვითარების ორ ძირითად პრიორიტეტს ასახელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, განათლების რეფორმის პრეზენტაციების ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები წარმოადგინეს.

მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა, რომ მეცნიერების განვითარებისთვის ორი ძირითადი პრიორიტეტი იქნება დასახული – მეცნიერების ევროინტეგრაცია და ამისთვის ჩვენი მზაობა.

„ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რაც დავისახეთ, არის ძალიან ინტენსიური მუშაობა მეცნიერების ევროინტრგრაციისთვის, ამისთვის მათი მხრიდანაც ყველანაირი მზაობა არის. ეს მოგვცემს წვდომას ევროკავშირის შიდა საუნივერსიტეტო რესურსებთან წვდომას, რაც დღეს ხშირ შემთხვევაში მიუღწეველია ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ მეცნიერების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგ, ეს რესურსი და შესაძლებლობები შეუზღუდავი იქნება. ამიტომ, მთავარი იქნება ქართული მეცნიერების ევროპულ მეცნიერებასთან ინტეგრაცია, რაც დაწყებულია და მეორე, ამისთვის უკეთესად მომზადება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

EDU.ARIS.GE-ს  შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია მეცნიერების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ძირითადი აქცენტი მეცნიერების პოპულარიზაციასა და ევროპის წამყვან სამეცნიერო წრეებთან დაახლოებას დაეთმობა. იზრდება საგრანტო კონკურსების ბიუჯეტიც, და იგეგმება სახელობითი სტიპენდიების დაწესებაც.

„ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ფონდს გააჩნია რამდენიმე გრანტი,  ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამეცნიერო სტიპენდიები მაგალითად ფრანგულ სამეცნიერო ინსტიტუტთან. გრანტების მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტულ საგრანტო პროექტზე, ვადებსა და მსგავს დეტალებზე. საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად წელს საქართველო გეგმავს EURAXSESS–ში გაწევრიანებას, ეს არის ევროკავშირის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო პორტალი, საქართველო აქ გაწევრიანების თანავე მიიღებს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა ამ ორგანიზაციის წევრების ყველა კვლევით ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში. მეცნიერების მიმართულებით ჩვენ ვიწყებთ პრიორიტეტიზაციას, რაც 90-იანი წლებიან არ გაკეთებულა. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ჩვენ არ გვინდა რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, ამიტომ ორშაბათიდან ვიწყებთ უნივერსიტეტებთან შეხვედრებს, გავიცნობთ ყველას სამეცნიერო პოტენციალს. საბოლოო ჯამში, ვეცდებით, რომ ფუნდამენტური მეცნიერებები ისე განვავითაროთ, რომ მოხდეს მათი გამოყენებით ნაწილში გადაყვანა და საბოლოოდ კომერციული ტრანსფერებში გარდაქმნა“, – გვითხრა ფონდის ხელმძღვანელმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ნაწილის გამარტივება საგრანტო მიმართულებასთან დაკავშირებით, რაც ბარიერს წარმოადგენს ბევრი მეცნიერისთვის.

„ძალიან დიდი პრობლემა გახლავთ ბიუროკრატიული ბარიერები საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, საგრანტო განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების დადგენას გავამარტივებთ, ანუ მივცემთ მეცნიერებს ვადას, რომ გამოასწორონ ტექნიკური ხარვეზი და შესაბამისად სრული აქცენტი იქნება საგრანტო განაცხადის შინაარსობრივ ნაწილზე. აღარ მოხდება დახარვეზება ან დაბლოკვა ისეთი ტიპის პროექტების, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამო ჩერდებოდა“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზვიად გაბისონიამ.

პრეზენტაციაზე გაჟღერდა, რომ სახელმწიფო  აპირებს უფრო მეტად დააინტერესოს კერძო  სექტორი მეცნიერებით და გაზარდოს  მათი ჩართულობა მეცნიერების ხელშეწყობასა და განვითარების კუთხით.

EDU.ARIS.GE ამ მიმართულებითაც დაინტერესდა და შესაბამისი კითხვით, თუ როგორ აპირებს სამინისტრო და ფონდი კერძო სექტორის დაინტერესებას მეცნიერებით, ზვიად გაბისონიას მივმართეთ.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი. პრობლემა გახლავთ ის, რომ პირველ რიგში სამეცნიერო პოტენციალმა დააინტერესოს კომერციული ნაწილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს ვერ ვაიძულებთ ჩართვას სამეცნიერო კვლევებში, აქედან გამომდინარე, მეცნირებამ უნდა შესთავაზოს ისეთი ტიპის პროექტები კერძო სექტორს, რაც მათ საბოლოო ჯამში დააინტერესებს, რომ დააფინანსოს ესა თუ ის პროექტი“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

როგორც პრეზენტაციის ბოლოს აღინიშნა, თუ დღემდე რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს შეეძლო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომა, ამიერიდან სახელმწიფო ყველა უმაღლეს სასწავლებელს დააფინანსებს.

აქვე აღინიშნა, რომ დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgien Science) გამოცემა, რომელიც იქნება ორენოვანი, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.

პრეზენტაციის დასასრულს მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის შემდეგ უკვე უნივერსიტეტებთან, სამინისტრო საერთო პლატფორმას და სამოქმედო გეგმას უფრო ვრცლად წარმოადგენს.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური