GE

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის რეზიდენტურის გამოცდა ფასიანი გახდა

სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს, რეზიდენტურის გამოცდაზე დასაშვებად მთავრობამ გადასახდი დაუწესა, რასაც  ახალგაზრდების პროტესტი მოყვა. საკითხთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა უნდა შედგეს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სამინისტრო გამოცდების დაფინანსებას აღარ აპირებს.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სტუდენტები გუშინ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, მათი თქმით, რეზიდენტურის გამოცდაზე გასასვლელად 80 ლარი უნდა გადაიხადონ, ამ ფაქტის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, როცა გამოცდაზე უკვე დარეგისტრირებულები იყვნენ.

“გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ ფული. არავის გავუფრთხილებივართ. არის დაწესებული თანხა 80 ლარი. არ ვაპირებთ ამის გადახდას, იმიტომ, რომ არიან სტუდენტები რომლებსაც არ აქვთ ამის საშუალება”, – აცხადებს სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.

“მაშინ როცა უკვე დავრეგისტრირდით ამდენი სტუდენტი, შემთხვევით გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ 80 ლარი და მხოლოდ ჩეკის საშუალებით შეგვიშვებენ გამოცდაზე. არ ვიცი რა ჰქვია ამ ფაქტს, ალბათ ჩვენი დაცინვა”, – ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი ასმათ კურტანიძე.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 120 ლარი, ხოლო დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ე.წ. რეზიდენტურის მოსაკრებელი 80 ლარი გახდა. გამოცდაზე გასვლის საფასური მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით განისაზღვრა. გამოცდაზე რეგისტრირებული პირები ვალდებულები არიან გამოცდაზე გადახდის ქვითარი წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი გამოცდაზე არ დაიშვებიან.

სტუდენტების ნაწილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტებს განუცხადეს, რომ სამინისტრო გამოცდების ტექნიკურ ნაწილს ვეღარ დააფინანსებს, როგორიცაა დამკვირვებლების ხელფასი, გამოცდისთვის დარბაზის დაქირავება და ა.შ.

საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური