მეტრა-ნახევარი თუ მეტრონახევარი? სამ-ნახევარი თუ სამნახევარი? სამლარ-ნახევარი თუ სამლარნახევარი?
ზომა-წონის და ოდენობის აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებისას გასათვალისწინებელია თანამედროვე სალიტერატურო ენაში დამკვიდრებული რამდენიმე წესი, რათა თავიდან ავიცილოთ ორთოგრაფიული შეცდომები. „გრამატიკულ ცნობარში“ დღეს სწორედ ამ საკითხის მიმოხილვას შემოგთავაზებთ.
დავიწყოთ მეორედის(-ნახევარი) მნიშვნელობით გამოყენებული სიტყვის დართვით წარმოებული სახელების მართლწერით.
სიტყვა „ნახევარი“ დაერთვის სახელებს და გამოეყოფა მათ დეფისით. უკავშიროდ დართვის გამო გავრცელებულია რამდენიმე დაწერილობა: სამნახევარი, სამ-ნახევარი და სამ ნახევარი. რომელია მათგან სწორი?
თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების გათვალისწინებით ერთადერთ სწორ ფორმად მიჩნეულია:
სამ-ნახევარი
საათ-ნახევარი
თვე-ნახევარი
სიჭრელე შეინიშნება საერთაშორისო ტერმინების – მეტრისა და ლიტრის ხმარების დროსაც. გვხვდება ვარიანტები: მეტრ-ნახევარი, მეტრა-ნახევარი და მეტრო-ნახევარი; ლიტრ-ნახევარი და ლიტრა-ნახევარი.
ზოგჯერ აღნიშნულ სიტყვებს დამოუკიდებლადაც ხმარობენ ხმოვნის დართვით: სამი ლიტრა, სამი მეტრა ან სამი მეტრო. მცდარი ფორმები რუსული ენის გავლენის გამო გავრცელდა. ქართულისთვის ხმოვნების ( ა და ო) დართვა სრულიად ზედმეტია. შემაერთებელი ხმოვანი ჩვენს შემთხვევაში საჭირო არ არის, –ნახევარი ყოველთვის გამოიყოფა დეფისით და სწორ ფორმებად მიჩნეულია:
მეტრ-ნახევარი
ლიტრ-ნახევარი
სამლარ-ნახევარი
კუბმეტრი
ლიტრი
მეტრი
შენიშვნა:
ლიტრა ქართულში თიხის ჭურჭელსაც აღნიშნავს. კონტექსტის მიხედვით, თუ იგულისხმება ჭურჭელი, დაწერილობა – ლიტრა – სწორი იქნება.
სწორია: მეტრ-ნახევარი; სამ-ნახევარი; სამლარ-ნახევარი; მეტრი; კუბმეტრი.
არასწორია: მეტრა-ნახევარი; სამნახევარი; სამ-ლარნახევარი; მეტრა; კუბამეტრი
გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები
რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი
-
მართლწერის წესები და სავარჯიშოები – რიცხვითი სახელების მართლწერა აკადემიური წერისას (I)
by აბიტურიენტებისათვის
-
ხშირად დაშვებული შეცდომები ნაცვალსახელების მართლწერისას და სავარჯიშოები მეცადინეობისთვის
by გრამატიკული ცნობარი
-
ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ
by გრამატიკული ცნობარი