GE

მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“

2 დეკემბრის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძე არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტის, საჯარო თუ კერძო სკოლებისა და პროფესორ მასწავლებლების გაფიცვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ უნდა შევიდეს!”.

მინისტრმა შეახსენა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ დაფინანსებას იღებენ:

“ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც. შესაბამისად, ყველა სკოლა, თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს.

სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა. პირადად მე ვთვლი, რომ სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი და განაგრძონ ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

განათლების მინისტრის ამ განცხადებამდე, ის, რომ სკოლების დეპოლიტიზება ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახსენა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა პროტესტი არ წყდება. გასული კვირიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საპროტესტო აქციებს უერთდებიან და გაფიცვებს აწყობენ სკოლები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც.

პროტესტი 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური