GE

მინისტრი: “სკოლებში ბოლო ორი კლასი გაძლიერდება და რეპეტიტორების საჭიროება ნელ–ნელა გავა სცენიდან”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სკოლაში მე–12 კლასის შესახებ, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებაზე დამატებითი კომენტარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება იდენტური იმისა, რაც არის დღეს. ერთადერთი, რაც განიხილება, არის ბოლო ორი კლასის გაძლიერება და მომზადება უმაღლესისთვის. ანუ, ფაქტობრივად, მე–10 კლასის ჩათვლით ჩვეულებრივი სკოლაა, რომელიც ამზადებს ცხოვრებისთვის. მე-11 და მე-12 კლასში კი, თუ ჟურნალისტობას აპირებ, კონცენტრირდები მოსამზადებლად, ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებთ, ქიმიაზე. საუბარია სპეციალიზირებულ კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე და საუბარი მის გაუქმებაზე არ არის”, – განმარტა მინისტრმა.

მისივე თქმით, მეცხრე კლასამდე 2 საფეხური (დაწყებითი და საბაზო) სავალდებულოა, მესამე კი არა. შესაბამისად “მე–9 კლასიდან ჩვენს სისტემას აქვს ისიც, რომ მოსწავლემ მისთვის სასურველი გზა აირჩიოს.”

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაძლიერებული სკოლები აქამდეც იყო, თუმცა, მინისტრის ინიციატივით, ასეთი სკოლების რაოდენობის ზრდაზეა საუბარი. ჯეჯელავას განცხადებით, მიმდინარე წელს ასეთი 50–მდე სკოლა იქნება, რომელიც თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს.

“დღეს 50–მდე სკოლაა, ვინც ისედაც სპეციფიკურ პროგრამებზე მუშაობენ და სწავლაც კონცენტრირებულია. ბუნებრივია, ეს არ მოიცავს მხოლოდ თბილისს და იქნება რეგიონებშიც. ცალკეული სკოლების გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სტატუსი, ჩვენი მიზანია და გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ იმ სკოლებს, რომლებიც ბოლო კლასში თავიანთ ბავშვებს ასეთ სწავლას მოუწყობენ, რადგან ასეთ შემთხვევაში რეპეტიტორების საჭიროება მოიხსნება. მინიმუმ ამ ბავშვებისთვის მოიხსნება და შემდეგ წლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეპეტიტორების საჭიროება ნელ–ნელა გავა სცენიდან,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მე–10 კლასელ მოსწავლეს არ ექნება გადაწყვეტილი პროფესია, მაშინ რაში მდგომარეობს ბოლო ორი კლასის გაძლიერების იდეის წარმატება – ჯეჯელავამ ამის საპასუხოდ მობილობის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ერთი მიმართულებით წავა და შემდეგ სხვა პროფესიისკენ გადაიხრება, მას შეეძლება მობილობით ისარგებლოს და პროფესიაც შეიცვალოს.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური