„მივიღებ იმ შედეგს, რაც დადგება“ – როგორ შეიძლება გაამხნევოს მშობელმა აბიტურიენტი? – EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვა

„მის მხარდაჭერას გავაგრძელებ!“ – ასე უპასუხა EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტის მამამ, რომელსაც ვკითხეთ: როგორ უნდა ამხნევებდეს მშობელი შვილს, რომელმაც მისი მოლოდინი ვერ გაამართლა, უმაღლესი ქულები და სასწავლო გრანტი ვერ მიიღო, ან სულაც „ჩაიჭრა“ გამოცდაზე.
„ჩემი შვილის მომზადების პერიოდიდან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს, რომ ნამდვილად ჩააბარებს. მთავარია, იქ მოხვდეს, სადაც მას სურს. როგორც ყველა მის გადაწყვეტილებას ვენდობი, ისე ვენდობი შედეგსაც. თუკი ვერ ჩააბარებს, გვერდზე დავუდგები. ჩხუბი და კონფლიქტი რა საკადრისია. მის მხარდაჭერას გავაგრძელებ”, – გვითხრა ერეკლე წივწივაძემ, რომელიც შვილს თბილისის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან ელოდა.
ქალბატონი ლია ლომთათიძე კი ამბობს, რომ მოლოდინისგან განსხვავებული შედეგის დადგომა ტრაგედია არ არის, თუმცა არ გვიმალავს, რომ ეს მისთვის სტრესი იქნებოდა:
„ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ მომავალი წინ აქვს. შეიძლება, ბევრი შეცდომა დაუშვას ემოციის გამო. არცოდნას არ ნიშნავს ის, რომ უმაღლესი ქულა ან გრანტი ვერ აიღოს, ან სულაც ჩაიჭრას. ასაკი აქვთ ისეთი, რომ ძალიან ემოციურები არიან. იმედი მაქვს, ასეთი მდგომარეობა არ მექნება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, შევეცდები, რომ უფრო მეტი სტიმული მივცე და მეორე წელს გამოცდები უფრო მშვიდად და კარგად გადალახოს. კონფლიქტს, ჩხუბს, რომ აი, რატომ ვერ შეძელი – გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სტრესი იქნება, მაგრამ შევეცდები, რომ მან ეს არ იგრძნოს და მომავალში წარმატებისკენ სვლა განაგრძოს”.
კიდევ ერთი აბიტურიენტის მშობელი, მარიამ გაბისონია, ჩვენთან საუბარში არ ამართლებს მშობლის მხრიდან ჩხუბის გზას და გვიხსნის რა არის მისი როლი:
„მე არ ვამართლებ, რომ მშობელმა დაზაფროს შვილი, პირიქით, იმედი უნდა მისცეს. იმ შემთხვევაში, თუ წელს ვერ ჩააბარა, მომავალი იმისთვისაა, რომ კიდევ სცადოს და გავიდეს ეროვნულებზე. მშობელმა შვილს მოტივაცია არ უნდა დაუკარგოს. “თუ ჩაიჭერი, დამთავრდა ამით ყველაფერი” – ეს ასე არ არის. საკუთარი შესაძლებლობის უკეთ რეალიზაციას აბიტურიენტი შემდეგ წელს შეძლებს. გამოცდის წინ და ზოგადადაც, უნდა მივცეთ შვილს სტიმული, რომ მას ყველაფერი შეუძლია. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ აბიტურიენტმა მშობლის და პედაგოგის გვერდში დგომა ყოველთვის უნდა იგრძნოს”.
აბიტურიენტის მამის, გიორგი სვიანიძის თქმით, მშობელმა კონფლიქტის გზა არ უნდა აირჩიოს, რადგან ასეთი შემთხვევები 99 პროცენტში ცუდად მთავრდება.
„ცხოვრება გრძელდება და მომავალ წელს ჩააბარებს. ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ ბავშვს მშობელი ყოველთვის გვერდით უნდა დაუდგეს. ჩააბარებს, გრანტს აიღებს თუ ჩაიჭრება, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ბავშვმა უნდა იგრძნოს მშობლის გვერდში დგომა“, – გვითხრა ბატონმა გიორგიმ.
„დღეს ისეთ სტრესს გადის ბავშვი, რომ ყველაფერი ეპატიება“, – ეს კი ნათია პატარიძის სიტყვებია, რომელიც სხვა მშობლებსაც მიმართავს და გვიხსნის როგორ უნდა მოიქცეს მშობელი შვილის შესაძლო წარუმატებლობისას:
„მივიღებ იმ შედეგს, რაც დადგება. ჩააბარებს თუ არ ჩააბარებს, გრანტს აიღებს თუ არ აიღებს, ამით ყველაფერი არ მთავრდება! ყველა მშობელს ვურჩევდი, გაგებით მოეკოდონ ვითარებას – ეს ბავშვის ბრალი არ არის”.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
როცა შვილი სასურველ სკოლაში დავარეგისტრირე – „დედა, ახლა ხომ წავალთ მთაწმინდაზე სასეირნოდ?!“ by ARIS.GE-განათლება
-
„შვილებზე დაკვირვებით ვიზრდებით, როგორც მშობლები“ – თიკა ფაცაცია by მშობელი მშობელს
-
რატომ უსვამს ციყვი ნიჩაბს და რატომ კითხულობს წიგნს კალმახი? – ჟურნალისტი და პირველკლასელი by განათლებული ბლოგი