GE

„შვილებზე დაკვირვებით ვიზრდებით, როგორც მშობლები“ – თიკა ფაცაცია

„დედობა ისეთი სტატუსია, რომელიც მაშინ იწყება როცა გაიგებ, რომ დედა ხდები“, – საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ტელესახე თიკა ფაცაცია, EDU.ARIS.GE– ს რუბრიკის „მშობელი მშობელს“ სტუმარია. წამყვანი, მოდელი და მომღერალი მრავალშვილიანი დედაა. თიკას სამი შვილი ჰყავს, ალექსანდრე, იოანე და ანდრია. აქტიური ცხოვრებიდან და სხვადასხვა საქმიანობიდან გამომდინარე, მისი გადატვირთული გრაფიკი სრულიად ბუნებრივია. როგორ ახერხებს ოჯახის წევრებთან დროის ნაყოფიერად გატარებას და რა მიდგომები აქვს შვილებთან ურთიერთობისას… წარმატებული ტელეწამყვანი ოჯახურ გარემოზე თავად გვიამბობს:

დედამ თავის თავს დრო უნდა დაუთმოს

“დედობა ისეთი სტატუსია, რომელიც მაშინ იწყება როცა გაიგებ, რომ დედა ხდები. ეს სტატუსი არასდროს მთავრდება. დედობა ყველაფერია აღმატებულ ხარისხში.

დედად ყოფნა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ პირადი საქმე და საკუთარი პროფესიის განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს რაც ბედნიერებას ანიჭებს, ის აუცილებლად უნდა აკეთოს. მნიშველოვანია სიამოვნების წყაროს არსებობა. ცხოვრებას მრავალფეროვნებაც უნდა ახლდეს.

დედამ მშობლობის გარდა სხვა რამეც უნდა შეითავსოს: პირადი საქმიანობა, თუნდაც ქსოვა, ან თუნდაც ერთი საათით გასეირნება და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა. როცა სხვა საქმიანობისგან ნასიამოვნები ხარ, შვილებთან ურთიერთობაც უკეთესად გამოგდის.

ყველა მშობელი ინდივიდუალურია: ინსტიქტურად თვითონ უკეთ გრძნობს რა უფრო სჭირდება თავის შვილს. მგონია, რომ 24 საათიანი მიძღვნაც არ არის საჭირო. ბევრი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, შვილებისთვის უკეთესი მშობლები რომ ვიყოთ და მათთვის მეტი გავაკეთოთ.

იმ დროს, რასაც ჩემს შვილებთან ვატარებ ვცდილობ, ერთმანეთით შევივსოთ, ერთმანეთის საჭიროებები გავითვალისწინოთ. ასე ვეძახი ხოლმე, “დავიტენოთ” ჩვენი ურთიერთობებით.

ვცდილობ, მათთან ყოველთვის გულახდილი ვიყო

დედა-შვილი საოცრად გრძნობს ერთმანეთს: ალღოს აღება ხდება, ამ კავშირის კიდევ უფრო გამყარება. ამას ალბათ ინტუიცია ან დედა-შვილური კავშირი ჰქვია. შვილებზე დაკვირვებით ვიზრდებით, ჩვენც როგორც მშობლები.

სხვადასხვა ასაკში გაჩენილ შვილს სხვადასხვანაირად ვუდგებით. პირადი გამოცდილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. სირთულე ყველა ეტაპს ახლავს. ვიღაცისთვის უძილო ღამეებით იწყება, ვიღაცისთვის სხვა სირთულეები იჩენს თავს. მიდგომა ყველა შვილთან განსხვავებულია. მათი გარდატეხის პერიოდიც ერთმანეთისგან განსხვავდება. შვილში ცვლილებები სულ არის.

ვცდილობ, მათთან ყოველთვის გულახდილი ვიყო და არ მოვატყუო. იმას ვაკეთებ, რაც მინდა მათგან მივიღო, ვაჩვენო და მაგალითი მივცე. ვცდილობ ძალიან ღია ვიყო, მათი ნებისმიერი პრობლემა თუ ჩივილი დამალვის საბაბი რომ არ გახდეს. თუ რაიმე მოსაგვარებელია ერთად მოვაგვაროთ. პრობლემები კი, ბუნებრივია, ყოველთვის არის.

თუმცა დგება მომენტი, როდესაც მშობელი შვილისთვის აღარ არის ავტორიტეტი: შვილები მეგობრებში ან სხვა ადამიანებში ეძებენ თანამოაზრეს. ეს ეტაპიც უნდა ვიცოდეთ და მაქსიმალურად უნდა შევუმსუბუქოთ.

შვილმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებისას მშობელი მხარში უდგას

ჩემმა შვილმა გადაწყვიტა პირველივე წელს არ ჩაებარებინა და დრო აეღო, რომ სცოდნოდა რა აინტერესებს. ამას დავთანხმდი, იმიტომ რომ, პროფესიის არჩევა მარტივი არ არის.

ეს ძალიან ნორმალურია და ადამიანს დრო უნდა მიეცეს. რისი მიდრეკილება და ინტერესიც აქვს, ის უნდა აკეთოს, რისი კეთებაც ბედნიერებას მიანიჭებს. როცა ყოველდღიური საქმიანობა გაქვს, რომელიც ვალდებულება არ არის და ძალიან მოგწონს, შესაბამისად სამუშაოს კარგად ასრულებ და წარმატებულიც ხარ.

მე ჩემი იდეები შევთავაზე, გადაწყვეტილება კი თავად მიიღო. მის გადაწყვეტილებას რაც მოჰყვება, კარგი თუ ცუდი, თავად უნდა გაუმკლავდეს. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მშობელი ნებისმირ შემთხვევაში გვერდში უდგას.

სახლში ერთგვარი კანონები უნდა არსებობდეს

აუცილებელია აკრძალვაც და დასჯაც, ისეთი ფორმით, რომელსაც ფსიქოლოგები დასჯის თვალსაზრისით, ჯანსაღად თვლიან. საყვარელ საქმიანობაზე ან რაიმეზე მათთვის მნიშვნელოვანზე უნდა ეთქვათ უარი, კონკრეტული ვადით. წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ რომელიმე მათი ქმედება ცუდი ქცევაა. სახლში ერთგვარი კანონები უნდა არსებობდეს, რომელიც ცუდ საქციელს განსაზღვრავს, ცუდი საქციელი კი დასჯადია.

ბავშვებმა იციან რაზე შეიძლება მქონდეს ცუდი რეაქცია. ასევე იციან რა პასუხისმგებლობები აქვთ, რომ მათთვის ეს სიურპრიზი არ იყოს. როგორც უფროსებმა ვიცით, რომ რომელიმე კონკრეტული საქციელის გამო, შეიძლება კანონით დავისაჯოთ და ამას არ ჩავდივართ, შვილების შემთხვევაშიც დაახლოებით ასეთი მიდგომაა საჭირო.

ბავშვებს, თავისთავად, რაღაცები უნდა ეკრძალებოდეთ, მაგრამ ზომიერებაა საჭირო. თავისუფლებაც უნდა ეძლეოდეთ და ზოგიერთი რამ უნდა ეკრძალებოდეთ.

ახლა ამ პანდემიურ ვითარებაში იმდენად რთულია ნებისმიერ ასაკთან ურთიერთობა. რთული გახდა ყოველდღიურობა. ვცდილობ ჩემი მკაცრი და კრიტიკული დამოკიდებულება შევზღუდო, რადგანაც პანდემიის გამო მათ, ჩვენთან ერთად უცნაურ დროში უწევთ ცხოვრება. მეც ვეძებ გზებს, ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცის შეცვლა საკუთარი თავით დავიწყო, სხვანაირად არ გამოდის. სხვა ადამიანს ვერ შევცვლი. ვცდილობ კომფორტული მშობელი ვიყო.

უნდა ვიყოჩაღოთ, რომ შვილები ლაბირინთში გავიყვანოთ

პანდემიამ ყველას შიში ჩაუნერგა: გარეთ გასვლის, ურთიერთობების, სიახლეების… შვილების გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, მათი სოციალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თავი იჩინა ურთიერთობების დეფიციტმა. მშობლებისთვის ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა. უნდა ვიყოჩაღოთ, რომ შვილები ლაბირინთში გავიყვანოთ. თავადაც უნდა შევინარჩუნოთ რაციონალურობა და მათთან ერთად გავიკვალოთ გზა.

მთავარია თანაგრძნობის უნარი

მთავარი თვისება, რაც შვილებში უნდა განვავითაროთ თანაგრძნობის უნარია. ადამიანი ამით განსხვავდება ყველა სხვა არსებისგან. თანაგრძნობა, სიყვარული და ამის გამოხატვა უნდა ვასწავლოთ. ასევე შრომის უნარიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობაც. მნიშვნელოვანია წინააღდეგობების დაძლევის უნარიც. სირთულეები ნორმალურია, ალბათ ყველას ცხოვრებაში გვხვდება და მათთან გამკლავება უნდა შეგვეძლოს.

მოამზადა სალომე გაზდელიანმა

ასევე იხილეთ:

ქართველოლოგია – უცხოელების მრავალწლიანი ინტერესის ობიექტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm