GE

რატომ უსვამს ციყვი ნიჩაბს და რატომ კითხულობს წიგნს კალმახი? – ჟურნალისტი და პირველკლასელი

„ცაში გალობს კურდღელი, ხოჭოს ადგას უღელი, ხეზე დახტის იხვი, ნიჩბებს უსვამს ციყვი, წიგნს კითხულობს კალმახი“ – ერთი შეხედვით არარეალური, აზრს მოკლებული წინადადებებია, რომლებიც პირველკლასელის ქართული ენის სახელმძღვანელოში, ერთ-ერთ ლექსში გვხვდება. ყველაფერი გასაგები ხდება მას შემდეგ, რაც ვკითხულობთ, რომ ეს არაკია და ფანტაზიის ფარგლებში ხომ ყველაფერი შესაძლებელია.

კიდევ უფრო მარტივი და გასაგებია ყველაფერი დავალების შემთხვევაში, რომელიც ბავშვს, კონკრეტულად ამ ტექსტიდან გამომდინარე, სთხოვს გაიაზროს და დააკავშიროს ერთმანეთთან არსება და მოქმედება. მაგალითად, რას აკეთებს ციყვი? დახტის ხეზე თუ უსვამს ნიჩაბს?

მსგავსი უცნაურობებითა და უჩვეულო მოვლენებითაა სავსე პირველკლასელთან ურთიერთობაც და პირველკლასელის ქცევაც. განსაკუთრებით, იმ დროს, როდესაც საქმე 21-ე საუკუნის ძალიან ჭკვიან, ცელქ და თავნება ბავშვებს ეხება, რომლებმაც პანდემიის გამო, საბავშვო ბაღში სრულფასოვანი წინასასკოლო პროგრამაც ვერ გაიარეს.

დღეს, 27 მაისს, საჯარო სკოლების პირველკლასელებმა უცნაური და პანდემიური სასწავლო წელი დაასრულეს, მათ შორის, ჩემმა გოგონამ, ანიტამ. მისი მეორე კლასში გადასვლა მასზე მეტად, მგონი ჩვენ, მშობლებს გაგვიხარდა.

პირველ სემესტრში ანიტამ სკოლაში მხოლოდ ერთი კვირა იარა. კითხვაზე, რა მოეწონა ყველაზე მეტად, პასუხი აქვს, რომ თამუნა მასწავლებელი და სკოლის ტუალეტი პრიალა ჭერით, სადაც მეგობრებთან ერთად დადის. საპირფარეშოს ამბავი ცოტა მეუცნაურა, მაგრამ მალევე მივხვდი, ეს იყო ის პირველი სოციალური ქმედება, რაც მან დამოუკიდებლად, მეგობრებთან ერთად განახორციელა, აღმოაჩინა, რომ სადღაც შეუძლია იაროს უფროსის გარეშე და ამით მოიხიბლა.

პანდემიის გამო, სკოლამ მალევე სახლში გადმოინაცვლა. ნაჩუქარი ბუკი ამ შემთხვევაში ნამდვილად საჭირო გამოდგა. თუმცა ვისურვებდი, რომ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ უამრავ ელექტრონულ რესურსს საკლასო ოთახშიც ისევე აქტიურად იყენებდნენ, როგორც დისტანციური სწავლებისას.

ვერ ვიტყვი, რომ ონლაინ სწავლების მიმართ მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, განსაკუთრებით, უფროსკლასელების შემთხვევაში, რომლებმაც წერა-კითხვა კარგად იციან და ინფორმაციის მოსმენა დისტანციურ რეჟიმშიც მშვენივრად შეუძლიათ, მაგრამ როდესაც საქმე პირველკლასელთან გვაქვს, აქ ყველაფერი რთულდება.

ყველაფერი რთულდება განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ცელქია, თავისუფლად შეუძლია ბუკში თამაში გადმოიწეროს და გაკვეთილის პარალელურად ჩაირთოს. გათიშოს კამერა, ხატვა დაიწყოს, ან წამოწვეს და მაგალითად, კაკაოს წრუპვით დაკავდეს. ამ დროს მშობლები მუშაობენ და მასწავლებელს აქვს მხოლოდ 20-30 წუთი, რომ ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტაროს, ბუნებრივია, ის ამ დროს კამერების გაკონტროლებაში ვერ დახარჯავს.

ასეთ დროს, პირველკლასელმა ბავშვმა რომ წერა და კითხვა ისწავლოს, მთელი ტვირთი გადმოდის მშობელზე, რომელიც საღამოს 6 საათის შემდეგ, შესაძლებელია, სრულად წაშლილი იყოს, განსაკუთრებით, თუ ის ჟურნალისტია.

დღის მანძილზე ესაუბრე რამდენიმე რესპონდენტს, უსმინე მაგალითად, განათლების კომიტეტის მრავალსაათიან სხდომას, წაიკითხე რაღაც დიდი კვლევა და რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ცვლილება, გაიაზრე ყველაფერი, დაწერე 4-5 ნიუსი, რომელსაც იცი, რომ 10 ათასობით ადამიანი წაიკითხავს. ყველა სიტყვა უნდა აწონო, ამ ფონზე, სადმე შეიძლება სტილისტურ-ორთოგრაფიული შეცდომა გაგეპაროს და მთელი ფეისბუკი „გადაგივლის“, რომ უცოდინარი და უწიგნური ჟურნალისტი ხარ. სრულდება სამუშაო დღე და შენი შვილი მართლა უწიგნური რომ არ გამოვიდეს, ახალ მძაფრსიუჟეტიან თავგადასავალს იწყებ – პირველკლასელის მეცადინეობას.

ჩვეულებრივი ბავშვი არაა, რომელიც მოვა, დაჯდება ჭკვიანად, დაიწყებს წერას და დაასრულებს. მთელი ცერემონიებია საჭირო, ამ დროს დაღლილი ხარ და თან  მაქსიმალურად ლიბერალური მიდგომები გაქვს. ვფიქრობ, გაკვეთილის მომზადება, ისევე, როგორც სკოლა, ბავშვისთვის არ უნდა იქცეს სტრესის მომტანად. მაგრამ, როგორ გინდა სტრესი მოუხსნა, როცა არ უნდა დაჯდომა და ბარბებთან თამაში ურჩევნია, ან იუთუბის არხის ყურება?

ვიგონებ თამაშს, რომ დედაენა დამალული განძია, საწოლი გემია. უნდა იპოვოს განძი, მოიტანოს გემზე და წავიკითხოთ, რომ გავიგოთ, სად უნდა გავცუროთ. თამაშის პირველი ნაწილი ამართლებს, პოულობს სიხარულით, მაგრამ, ამოკითხვაზე რომ მიდგება საქმე, ტირის, ყალბი ცრემლებით. აღარ ვაქცევთ ცრემლებს ყურადღებას – ტირილით, მაგრამ ტექსტი წაკითხულია. აქ სირთულე ისაა, რომ ყოველდღე რამდენიმე ხერხი ან თამაში უნდა მოიფიქრო, თითქმის ყველა საგანზე.

მძიმე სამუშაო დღის ფონზე, ეს დიდი სტრესია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თავად იყავი მოწესრიგებული და სტანდარტული ხუთოსანი მოსწავლე, რომელმაც წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე, საკუთარი სურვილით ისწავლა და პირველ კლასში უკვე ლიტერატურის წაკითხვა აინტერესებდა. ასეთ შემთხვევაში, არის მოლოდინი, რომ შვილიც ასეთივე „ზედმეტად წესიერი“ იქნება. მაგრამ არა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მომავალი პირველკლასელების აღმზრდელებო, ეს არასოდეს დაგავიწყდეთ. არასდროს შეადაროთ ბავშვი საკუთარ თავს, ან ნებისმიერ ვინმეს.

მსგავსი შეცდომა… თუ სტრესი 8 წლის წინ, პირველი შვილის შემთხვევაში გავიარე. რატომ არ მგავს ჩემი შვილი?! რატომ ვერ ამბობს ამოკითხული ასოებიდან სიტყვას? რატომ არ ჯდება სამეცადინოდ და მაინცდამაინც მაშინ რატომ შია, სწყურია, სტკივა და თამაში ურჩევნია?

საბედნიეროდ, მაშინაც სტრესი გააზრებამ და მოქმედებამ გააბათილა. ჩემი თაობის ადამიანების ბავშვობა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან გასვლას დაემთხვა, აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო. ამასთან, ჩემი პირველი შვილი სკოლაში 5 წლის ასაკში შევიდა (ოქტომბერში გახდა 6-ის) და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

იმაზე ფიქრის ნაცვლად, რატომ არ მგავს ჩემი შვილი, დავიწყე ხერხებისა და მეთოდების მოფიქრება, როგორ გამეადვილებინა მისთვის კითხვის სწავლა. მოვიფიქრე ასეთი რამ, ყოველი ახალი თანხმოვნის სწავლის შემდეგ, ამ თანხმოვანს ხუთივე ხმოვანთან წყვილში ვუწერდი, მაგალითად სა, სე, სი, სო, სუ და ამ მარცვლებს სასაცილოდ ვკითხულობდით. გაამართლა. ძალიან კარგად დაიწყო კითხვა და მეორე სემესტრიდან სირთულეებიც მოიხსნა.

მეორე სემესტრი ორივე შემთხვევაში უფრო მარტივი იყო, ამ დროს ბავშვი უკვე მიჩვეულია სასკოლო რუტინას და მოვლენებიც უფრო მარტივად მიდის, განსაკუთრებით, თუ გაკვეთილები საკლასო ოთახში ტარდება. მასწავლებელთან ურთიერთობა, დაფასთან პრეზენტაცია, საკლასო დავალებების შესრულება ბავშვზე აშკარა დადებით გავლენას ახდენს.

ასე, რომ ვინც მომავალში ამ თავგადასავლისთვის ემზადებით, არ იფიქროთ, რომ მარტო ხართ. მთავარია, შევძლოთ, რომ მოვლენებს ბავშვის თვალებით შევხედოთ, თითქოს კითხვა არ ვიცით და ჩვენც ახლა ვსწავლობთ, ყველაფერი გაცილებით მარტივი გახდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური