ნელი მოქმედების ნაღმები ზგემში
განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტმა (ზგემი) უკვე დაიმსახურა განათლების მკვლევართა კრიტიკა. რა „ნაღმებია“ წარმოდგენილ დოკუმენტში და რა შედეგს მივიღებთ, თუ ხელისუფლება სპეციალისტთა შენიშვნებს არ გაითვალისწინებს? EDU.ARIS.GE განათლების მკვლევარსა და სფეროს ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრება:
– ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტი არის ზოგადი განათლების სფეროში სხვადასხვა გადაწყვეტილების, მაგალითად სასწავლო გეგმის, რესურსების… ერთგვარი საფუძველი. ანუ, ზგემი სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და ერთგვარ გეზს აძლევს ყველას, ვინც ჩართულია განათლების სისტემის მართვასა და განვითარებაში. ის არის საფუძველი, საით უნდა წავიდეს განათლების სისტემა, რა გამოცდილება უნდა შესძინოს მოსწავლეებს, რომლებიც ამ სისტემაში ვითარდებიან და ყალიბდებიან პიროვნებებად, მოქალაქეებად. დოკუმენტის განახლება მისასალმებელი და საჭიროა, რადგან მოქმედი დოკუმენტი 20 წლის წინანდელ პრობლემებს და მისწრაფებებს ასახავს. წლების განმავლობაში კი შეიცვალა თავად საზოგადოება და სახელმწიფო მიზნები და გარემოც, რომელშიც სკოლებს უწევთ მუშაობა. მაგალითად – ტექნოლოგიური გარემო.
– თუ ასეა, ობიექტურია განათლების მკვლევართა კრიტიკა, რომ დოკუმენტში მეტი ინფორმაცია უნდა იყოს იმაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება „განათლების გაციფრულებას“?
– დოკუმენტში არის ჩანაწერი ციფრულ მოქალაქეობაზე და შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ტექნოლოგიური განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ, ნაკლებად მიმაჩნია, რომ ეს ხარვეზია. აქცენტი სხვა საკითხებზე უნდა გავაკეთოთ. 2004 წლის შემდეგ შეიცვალა პრობლემები და პრიორიტეტები. მაგალითად, მაშინ დიდი პრობლემა იყო კრიმინალური სამყარო და მოსწავლეების მათთან ურთიერთობა. ამიტომ, მოქმედ დოკუმენტში კანონმორჩილებაზეა საუბარი. დღეს კი, აქცენტი უნდა იყოს იმაზე, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, რომ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესში. დოკუმენტის ხარვეზად მიმაჩნია, რომ განათლების ფილოსოფია, რომელიც საფუძვლად უდევს წარმოდგენილ ფორმულირებებს, არ არის არც თანამედროვე, არც სასურველი და არც მეცნიერული.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– იმას, რომ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მოსწავლე არის განათლების ობიექტად გამოყვანილი, რომელშიც, როგორც „რაღაც ჭურჭელში“, უნდა „ჩავასხათ“ ცოდნა და ღირებულებები. რათა მივიღოთ რაღაც ყალიბში ჩამოსხმული პიროვნება, რომელიც ატარებს ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა. 2004 წლის დოკუმენტშიც არის საუბარი ღირებულებებსა და კომპეტენციებზე, მაგრამ იქ მაინც ხდება აღიარება, რომ მოსწავლე უნდა იყოს პიროვნება და თავად წყვეტდეს რა ღირებულებებს ატარებს. უბრალოდ, სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, შეიძინოს ისეთი გამოცდილება, რომელიც შეაძლებინებს ასეთი ღირებულებები და კომპეტენციები ჰქონდეს. ახალ დოკუმენტში კი, შესაძლებლობაზე კი არა, ვალდებულებაზე და მოსწავლის ისეთ ადამიანად ჩამოყალიბებაზეა საუბარი, როგორიც სახელმწიფოს სურს. ასევე დიდი პრობლემაა, რომ ტექსტი დაწერილია ნაციონალისტური და პოპულისტური პერსპექტივიდან.
– არადა, ბევრისთვის ის, რასაც თქვენ „ნაციონალურ პერსპექტივას“ უწოდებთ პატრიოტულ სულისკვეთებასთან ასოცირდება, მითუმეტეს, რომ გვხვდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ეროვნულობა“, „პატრიოტიზმი“, „ოჯახის პატივისცემა“…
– დიახ, მაგრამ სკოლები ისედაც ნაციონალისტურად უდგებიან სწავლებას, მაგალითად, ლიტერატურის თუ ისტორიის და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ტრადიციებზე, ოჯახის პატივისცემაზე მუდმივი ხაზგასმა არასასურველი, მეტიც, საშიშია. ვიცით, რა შედეგიც მოიტანა ამან მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, როცა ნაცისტური ღირებულებების დანერგვა ხდებოდა ნაცისტური რეჟიმის დროს და საქართველოშიც ვნახეთ რა ხდება, როცა ნაციონალიზმი ადგილს არ ტოვებს ჯანსაღი განსჯისთვის, იწვევს კონფლიქტებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის… განათლების სისტემა და ზგემი კი, ამის ხელშემწყობი კი არა, პირიქით, მოწინააღმდეგე უნდა იყოს.
– პოპულიზმზე ეჭვს ისიც ხომ არ გიჩენთ, რომ დოკუმენტი ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგინეს?
– დიახ. თავის დროზე, ზგემი შემუშავდა არჩევნების მოგების შემდეგ, როცა მმართველ პარტიას ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ახალი დოკუმენტი კი არჩევნების წინ წარმოადგინეს და იგრძნობა, რომ ეს უფრო საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მასში პოპულისტური, წინასაარჩევნო რიტორიკაა. მაგალითად, მინისტრი საუბრობდა, რომ რადგან საქართველოსთვის დემოგრაფიული საფრთხე არსებობს, ამიტომაა აქცენტი ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე. პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი რიტორიკის გამოყენება მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ასე ბევრგან ხდება. მაგალითად, უნგრეთში ორბანი ამ საფრთხეებზე საუბრითა და კონსერვატიული მსჯელობის გამოყენებით ცდილობს მიიმხროს მხარდამჭერები. იმავეს აკეთებს ტრამპი ამერიკაში, პუტინი – რუსეთში. არის სხვა პრობლემაც – ამ დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო არის რაღაც აღმატებული, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს მოქალაქე. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტი ითხოვს სკოლებისგან, აღვზარდოთ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქეები.
– რას ნიშნავს „სახელმწიფოსთან ურთიერთობის მაღალი კულტურა“?
– არ ვიცი საიდან მოიტანეს იდეა, რომ არსებობს სახელმწიფოსთან ურთიერთობის მაღალი კულტურა. რა იგულისხმება ამაში? რამე ეტიკეტი არსებობს სახელმწიფოსთან ურთიერთობის? რა ტიპის ურთიერთობაზეა საუბარი? ეს გაუგებარია! მეორე მხრივ, დოკუმენტში სახელმწიფო თითქოს არის რაღაც განყენებული და არ არის განათლების პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი. ისე გამოდის, თითქოს სახელმწიფო საზოგადოების ნების გამომხატველი კი არ არის, საზოგადოებისგან დამოუკიდებლად რაღაც ინტერესებს ატარებს, თითქოს სკოლაც რაღაც განყენებული, დამოუკიდებელია, რომელიც სახელმწიფოსგან რაღაც დაკვეთას ასრულებს და მერე სახელმწიფო ამოწმებს, შეასრულა თუ არა ეს დაკვეთა.
– ასეთი მიდგომა ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის არ არის დამახასიათებელი? თუ სახელმწიფო საზოგადოების ნებას არ გამოხატავს და მოქალაქეებს ღირებულებებსაც განუსაზღვრავს, გამოდის, დოკუმენტი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება?
– დიახ. თუმცა, დემოკრატიის პრინციპებს ეს დოკუმენტი ბევრი თვალსაზრისით ეწინააღმდეგება. არადემოკრატიულია შინაარსიც, სადაც არ არის გათვალისწინებული დემოკრატიული სახელმწიფოს არსი და შექმნის პროცესიც – როცა სკოლებსაც კი არ კითხეს აზრი, ისე წარმოადგინეს ზგემი და განხილვის სურვილიც არ ჩანს.
– რატომ, ვადა ხომ მისცეს სკოლებს მოსაზრებების წარსადგენად?
– სკოლებს უბრალოდ უთხრეს, 10 დღე გაქვთ და შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოთო. ფორმალურად შექმნეს განხილვის ილუზია. ურთიერთობის ფორმაც არასწორია. არ ყოფილა დისკუსია, არ ვიცით კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა მის შექმნაში. არ ვიცით აპირებენ თუ არა გადახედონ დოკუმენტს წერილობითი პასუხების მიღების შემდეგ. 2004 წელს, სანამ დღეს მოქმედ დოკუმენტს მიიღებდნენ სამინისტროს ჰყავდა მრჩეველთა საბჭო, რომლის სიაც იყო ცნობილი. მაშინ საბჭოს პირველადი ვერსია გაიგზავნა ყველა საჯარო სკოლაში. დოკუმენტის დამუშავება-განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები. ახლა რა ხდება, არ ვიცი.
თუმცა, საინტერესოა, რომ ზგემის ამ ახალი დოკუმენტის წარდგენამდე არც ისე დიდი ხნით ადრე, სახელმწიფომ სთხოვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაეწყოთ მუშაობა მოქმედი დოკუმენტის გადახედვაზე.
– მერე, დაიწყეს მუშაობა და წარუდგინეს სამინისტროს რაიმე ხედვა?
– დიახ. სფეროში ჩართული ორგანიზაციებისა და ადამიანების მიერ შემუშავდა ხედვა. შეიქმნა პარალელური დოკუმენტი, რომელიც განათლების კოალიციის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული. განხილვის რამდენიმე ეტაპი ჩატარდა. ამ პარალელურ დოკუმენტზე მომუშავე ადამიანების გვარებიც ცნობილია და სხვათა შორის, პროცესში სახელმწიფო ორგანიზაციებიც იყო ჩართული.
– სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი სფეროში მომუშავე ადამიანების მიერ შემუშავებულ პარალელურ ვერსიასთან თანხვედრაში არ არის?
– არა. პირიქით, მკვეთრად განსხვავდება. პარალელურ დოკუმენტში დასაბუთებულია, რატომ უნდა შეიცვალოს ზგემი, არის მიმოხილვა როგორ ხდება ამ მიზნების გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით. კვლევაა ჩატარებული, როგორ გამოიყენება დოკუმენტი მაგალითად განათლების პოლიტიკის წარმოებისას. ანუ, ერთ მხარეს გვაქვს განათლების სფეროს ორგანიზაციებისა და ადამიანების მიერ გამჭვირვალედ შემუშავებული კომპლექსური დოკუმენტი და მეორე მხარეს – სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, გაუმჭვირვალე პროცესის საფუძველზე შემუშავებული, ბევრი ხარვეზის მქონე, პოპულისტური დოკუმენტი.
– პარალელურ დოკუმენტში ისიც წერია, კონკრეტულ მიზნებს როგორ უნდა მივაღწიოთ თუ ზგემში ტექნიკური საშუალებების შესახებ საუბარი არ არის აუცილებელი?
– კონკრეტული ნაბიჯები არა, მაგრამ პარალელურ ვერსიაში არის იმ პრინციპების ჩამონათვალი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განათლების პოლიტიკა. მაგალითად, გამჭვირვალობა, სამართლიანობა, კეთილდღეობაზე, სისტემის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირება და სხვა. რაც შეეხება მიზნების მიღწევის ტექნიკურ საშუალებებს, მიმაჩნია, რომ მსგავსი ჩანაწერი დოკუმენტში არ უნდა იყოს, რადგან ის მუდმივად ცვალებადია და ცვლილებებთან ერთად მთელი დოკუმენტის განახლებასაც ხდის საჭიროს.
– ეთანხმებით განათლების მკვლევართა მოსაზრებას, რომ დოკუმენტში უნდა იყოს ჩანაწერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სუვერენული უფლების აღდგენის გააზრებაზე? და ზოგადად, სუვერენიტეტის აღდგენის პროცესში ზგემს შეუძლია წვლილის შეტანა?
– მოქმედ ვერსიაში წერია, რომ მოქალაქეს უნდა შეეძლოს გაიაზროს საკუთარი ქვეყნის ინტერესები და მათ შესაბამისად იმოქმედოს. ამ ინტერესებს შორისაა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ვფიქრობ, ცალკეული ინტერესის ჩამოთვლა არ არის სწორი. მითუმეტეს, საბოლოოდ, ინტერესების შესახებ გადაწყვეტილება თავად მოქალაქემ უნდა მიიღოს.
– არც სახელმწიფო ენის დაცვაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე მეტი აქცენტის გაკეთებაა სასურველი? ამ საკითხების გამოც დაიმსახურა დოკუმენტმა კრიტიკა.
– ამ ყველაფერზე დოკუმენტში აქცენტი ირიბად კეთდება.
– დოკუმენტი სულ 9-პუნქტიანია და უკვე 3 მნიშვნელოვან საკითხზე ვამბობთ, რომ აქცენტი ირიბად კეთდება…
– დიახ, ეს შთაბეჭდილება ნამდვილად რჩება. მოქმედ დოკუმენტში საკითხები შედარებით დაბალანსებულია. წარმოდგენილში კი, ერთი და იგივე შინაარსი პრეამბულაში, დასკვნით ნაწილში და რამდენიმე პუნქტშიცაა გაბნეული. სწორედ ეს ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რაღაც საკითხები ნაკლებპრიორიტეტულად მიაჩნიათ. თუმცა, რაც არის ნახსენები, პრიორიტეტად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრიორიტეტად ვერ ჩავთვლით ლიბერალურ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, რადგან სიტყვა „ლიბერალიზმი“ ტექსტში საერთოდ აღარ გვხვდება?
– ლიბერალური დემოკრატია საქართველოს არჩევანია და ამას ვერ გავექცევით. რამდენად გვინდა ჩავწეროთ ზგემში, როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა, არ ვიცი, მაგრამ „თავისუფლება“, როგორც ღირებულება, ახალ ვერსიაში ნამდვილად გამქრალია. ეს მხოლოდ სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებით კი არა, იმითაც ჩანს, რომ სკოლადამთავრებულისგან არ ელიან თავისუფლებას, თავად გადაწყვიტოს რა ღირებულებები ექნება.
– გამოდის, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საკმაოდ ბევრი ნელი მოქმედების ნაღმია. თუ ხელისუფლებამ შენიშვნები არ გაითვალისწინა და წარმოდგენილი დოკუმენტი დაამტკიცა, რა შედეგს ან როგორ მოქალაქეს მივიღებთ?
– ისეთი მოქალაქე, როგორც ამ დოკუმენტშია აღწერილი, რთული წარმოსადგენია. ერთი მხრივ ეს არის მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება მის აღმზრდელ სახელმწიფოს და ეს დამახასიათებელია ტოტალიტარული სისტემისთვის და მეორე მხრივ, ამ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი და უნდა იყოს შემოქმედი. წარმოუდგენელია ადამიანს თან განუსაზღვრო როგორი იყოს და თან შეეცადო ჰქონდეს საკუთარი თავის ჩამოყალიბების უნარი. ამ დოკუმენტში, ყველაზე დიდი ნაღმი და საფრთხე ისაა, რომ იმ ჯგუფებს, რომლებსაც უნდათ შეზღუდონ თავისუფლება ჩვენ საზოგადოებაში ან ჩამოაყალიბონ რაღაც ნაციონალისტური იდეოლოგიის მიმდევართა ჯგუფები, მეტად ეხსნებათ ხელ-ფეხი. ანუ, ეს დოკუმენტი, მისცემს მათ მეტ ლეგიტიმაციას, მოითხოვონ ნაციონალისტურად შემუშავებული სახელმძღვანელოები, ჩაერიონ პროგრამებში… ეჭვი მეპარება, საბოლოოდ ზგემმა გადაწყვიტოს საზოგადოება რამდენად დაექვემდებარება ასეთ იდეოლოგიებს, მაგრამ შედეგი ის იქნება, რომ მეტად მოუწევს საზოგადოებას ბრძოლა, დაიცვას დემოკრატიული საზოგადოება მემარჯვენე-პოპულისტური მთავრობებისგან და მათი კონსერვატიული მხარდამჭერებისგან.
თუმცა, რადგან თქვეს, რომ დოკუმენტი პარლამენტში გაიგზავნება, მაინც მაქვს იმედი, განხილვა მოხდება. იმედია, საზოგადოებაც უფრო გააცნობიერებს ზგემის მნიშვნელობას და აქტიურად ჩაერთვება პროცესში. მასწავლებლების კომენტარი მოვისმინე, ჩემზე პირდაპირ არ მოქმედებდა ეს დოკუმენტი და ახლაც არ იმოქმედებსო. პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მოქმედებს და ქმნის საფუძველს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ჩავერთოთ განხილვის პროცესში და ვეცადოთ, საბოლოოდ, მივიღოთ ისეთი შეთანხმებული დოკუმენტი, რომელიც საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარებისთვის იქნება სასარგებლო.
ასევე იხილეთ:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება