GE

მოიხსნა თუ არა პედაგოგის სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა საერთოდ? – რა პასუხი აქვს NAEC-ს და განათლების სამინისტროს

“სტატუსის ასამაღლებ გამოცდებთან დაკავშირებით, არაფერი ისმის? – რა ვქნათ იმ ხალხმა, ვისაც სტატუსის ამაღლება გვინდა?!”, – ამ კითხვას არაერთი პედაგოგი სვამს მას შემდეგმ, რაც 2025 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კითხვას ასე პასუხობს: “2025 წლის ივლისის თვეში მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი გამოცდები არ ჩატარდება”, თუმცა არ აქვთ პასუხი სრულად მოიხსნა თუ არა მსგავსი გამოცდა.

EDU.ARIS.GE საკითხის დასაზუსტებლად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დღეს, 20 მარტს დაუკავშირდა. უწყებამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართა, სადაც გვიპასუხეს, რომ არ არიან ინფორმირებული მსგავსი გამოცდა საერთოდ გაუქმდა თუ სამომავლოდ მაინც ჩატარდება. უწყებაში საკითხის კიდევ დაზუსტებასაც დაგვპირდნენ, მათი პასუხის შესაბამისად ინფორმაცია განახლდება.

შეგახსენებთ, სტატუსის (წამყვანი/მენტორი) ასამაღლებელი გამოცდები გიორგი ამილახვარის განათლების მინისტრობის პერიოდში შეჩერდა. განმარტება კი ასეთი იყო:

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე არაერთი შეხვედრა ჩავატარე მასწავლებლებთან მათი მოსაზრებების, სურვილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით. არაერთი საინტერესო იდეა მოვისმინე და ყველა მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ. მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები.

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა.

ეს პერიოდი გვინდა, გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას.

ბუნებრივია, მასწავლებლის პროფესიული განვითარება მისი ყოველდღიური საქმიანობის პროცესია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს მუდმივად ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა სისტემის ყველა რგოლისგან პროფესიული განვითარებისთვის და ასევე, ყოველწლიურად ჰქონდეთ მრავალმხრივი შესაძლებლობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელონ კარიერული წინსვლა“.

2024 წელს განათლების სამინისტრო აცხადებდა, რომ „მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავდებოდა“, თუმცა ეს საკითხიც, როგორც არაერთო სხვა დაანონსებული სიახლე თუ ცვლილება მინისტრის ცვლილების შემდეგ ჯერ წინ არ წასულა.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავდება“ – განათლების მინისტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური