GE

მნიშვნელოვანია თუ არა მაგისტრის ხარისხი კარგი სამსახურის დასაწყებად – გამოცდის მონაწილეთა აზრი და სპეციალისტის შეფასება

საქართველოში დამკვიდრებული აზრის თანახმად, კარგი სამსახურის საშოვნელად, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლონ. პროფესიის დასაუფლებლად კი, ისინი ბევრ ენერგიას და მრავალ წელს ხარჯავენ უნივერსიტეტებში, იქნება ეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლა თუ მაგისტრის ხარისხის მოპოვება.

თითქოს ლოგიკურია, რომ რაც უფრო დიდხანს ვისწავლით, მით უკეთესი შანსები უნდა გვქონდეს ჩვენი თავის შრომის ბაზარზე რეალიზაციისთვის, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა თუ როგორ ხედავენ საკუთარ პერსპექტივას ის ახალგაზრდები, რომლებიც წელს სამაგისტრო გამოცდებს აბარებენ. რამდენად არსებითია დასაქმებისთვის მაგისტრის ხარისხი, ენიჭებათ თუ არა გარკვეული პრიორიტეტი მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ და აირჩევენ თუ არა დამსაქმებლები მათ.

ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ მაგისტრის ხარისხი სამსახურის მაძიებლისთვის უპირატესობაა, მხოლოდ მაშინ, როცა მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ის პრაქტიკულ გამოცდილებასაც დააგროვებს.

სწორედ ასე მიიჩნევს 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილე ნიკოლოზ მოდებაძე, რომელსაც ტესტირების შემდეგ გავესაუბრეთ.

„რეალურად, ჩემი აზრით, მაგისტრის საფეხურის გავლა მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარებისთვის. ეს ასე უნდა იყოს დამსაქმებლებისთვისაც, თუმცა აქ ძალიან ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად ნეპოტიზმი. მე შევსწრებივარ შემთხვევას, როცა ადამიანი, რომელსაც მაგისტრის ხარისხი ჰქონდა, არ აიყვანეს სამსახურში და მის ადგილას ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდა დანიშნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ნაცნობი ჰყავდა კომპანიაში. არადა, უცხო ქვეყნების მაგალითზე რომ ვთქვა, იქ მაგისტრის ხარისხი ლამის გარანტიად ითვლება, რომ შესაბამის სამსახურს იშოვი. მგონია, რომ აქაც ეგრე იქნება, მთავარია, იმ უსამართლობას არ შევეჩეხოთ, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია.

„რაც შეეხება პრაქტიკას, პირადად ჩემი პროფესიის მაგალითზე რომ ვთქვა, მე ფიზიკური თერაპევტი ვარ და ჩემს საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას. აქედან გამომდინარე, მაგისტრატურის ორი წელი თუ არაფერი ვაკეთე და უბრალოდ თეორია ვისწავლე, ვერაფერიც ვერ გამომივა. მაგისტრატურის კურსები კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სწავლის პარალელურად ვიმუშაოთ, ან პრაქტიკული კურსები მაინც გავიაროთ“, – გვითხრა მომავალმა მაგისტრმა.

საერთო სამაგისტრო გამოცდის კიდევ ერთი მონაწილე, ანი ოკმელაშვილი კი ფიქრობს, რომ მაგისტრის ხარისხი ყველა პროფესიის ადამიანისთვის არსებითი არ იქნება, მაგრამ არსებობს გარკვეული პროფესიები, სადაც ადამიანი მაგისტრატურის გარეშე მნიშვნელოვან წინსვლას ვერ მიაღწევს.

„ჩემი აზრით, არის პროფესიები, რომლებსაც საერთოდ არ სჭირდებათ მაგისტრატურა – ჟურნალისტიკა, პიარი. მაგრამ, ასევე არის პროფესიები როგორებიც არის, ფინანსისტი, ეკონომისტი, იურისტი – ამ სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლებელია მაღალი საფეხურის განათლების გარეშე. მაგალითად იურისტისთვის, სწორედ მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ იხსნება ბევრი ეტაპი, რომლის გავლაც ბაკალავრებს უბრალოდ არ შეუძლიათ“, – ამბობს ანი და ამატებს, რომ დამსაქმებლებისთვის საინტერესო ყოველთვის ის კანდიდატი იქნება, რომელსაც მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

„დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ყოველთვის ის კანდიდატი იქნება, რომელსაც მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს, რადგან იგი დარწმუნებულია, რომ ასეთ კანდიდატს ნამდვილად შეეძლება საქმის გაკეთება. ამიტომ, მხოლოდ მაგისტრატურის გავლა ამ პერიოდში რეალური შედეგის მომცემი ვერ იქნება. მხოლოდ სამაგისტრო ხარისხი აიღო და ამის პარალელურად ეს ნასწავლი პრაქტიკით არ გაამყარო, სისულელე და სიზარმაცე მგონი“.

ანი და გიორგისგან განსხვავებით, მაგისტრის ხარისხის მნიშვნელობაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, დათო.

„სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, გამომადგება თუ არა რამეში მაგისტრატურა. ამაზე ბევრს ვფიქრობ და ხშირად ვეწინააღმდეგები კიდეც საკუთარ თავს. საერთოდაც არ ვიცი გამომადგება თუ არა რამეში. იმას კი ვიაზრებ, რომ გარკვეულ ცოდნას მომცემს ეს საფეხური, მაგრამ თუ მიღირს ეს ცოდნა იმ თანხად, რასაც სწავლაში გადავიხდი, ეს საკითხავია. ბაკალავრის ხარისხის ფონზე რომ შევაფასო, მე კერძო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და შესაბამისად, საკმაოდ ძვირიც მაქვს გადახდილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე ვისწავლე, ეს ნამდვილად არ ღირდა იმ გადასახადად. უნივერსიტეტის პარალელურად, რამდენიმე სამსახურიც კი გამოვიცვალე, სადაც ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ დიპლომიც კი არავის მოუთხოვია. არ ვიცი მაგისტრატურა რით იქნება განსხვავებული“, – ამბობს დათო, რომელიც დარწმუნებულია, რომ დამსაქმებლებისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ სამუშაო გამოცდილებას აქვს, თუმცა ამავდროულად, თუ ამ სამუშაო გამოცდილებას დაემატება ჯერ ბაკალავრის და მერე მაგისტრატურის განათლება, ეს სამსახურის მაძიებლებს ნამდვილად აუმაღლებს კონკურენტუნარიანობას.

მარიამ იმერლიშვილი, კადრების აყვანის სპეციალისტია და EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ ჰიპოთეზა იმის შესახებ, თითქოს მზარდანაზღაურებადი სამსახურის დასაწყებად აუცილებლად მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი იყოს საჭირო, მცდარი და რეალობასთან შეუსაბამოა:

„გეტყვით, რომ თითოეულ ვაკანსიას, რომელიც ცხადდება თან ერთვის იმ მოთხოვნათა სია, რომელსაც მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს. გამოვყოფთ ე.წ ძირითად და სასურველ მოთხვნებს, თუ მაგისტრის ხარისხის ქონა ძირითად მოთხოვნათა სიაშია, მაშინ აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ეს ხარისხიც, მაგრამ ყველა ვაკანსია რასაკვირველია ამას არ ითხოვს. პირს, რომელსაც აქვს სურვილი დასაქმების, პირველ რიგში, საკუთარი შრომითი გამოცდილების მიხედვით უნდა შეარჩიიოს ვაკანსია. ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მაღალანაზღურებადი სამსახურის დასაწყებად აუცილებლად მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი გჭირდებათ, მცდარია. სამუშაო კადრის აყვანა სამსახურში ერთი კონკრეტული კრიტერიუმით არ ხდება, მით უფრო მაშინ, თუ ეს კრიტერიუმი არაძირითად მოთხოვნათა სიაშია, დასაქმების მსურველებს ვურჩევ იყვნენ ყურადღებით და ეძებონ მათთვის რეალური ვაკანსია, რომლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებენ“.

ცნობისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდა 26 და 27 ივლისს ჩატარდა და წელს მაგისტრატურის საფეხურზე ჩაბარება 9,500-ზე მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს გოგა ნიჟარაძემ და მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური