GE

მოგზაურობა, უცხოელი მეგობრები და ხარისხიანი განათლება – საბაუნის სტუდენტის თავგადასავალი ესპანეთში

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ესპანეთში, სწავლობთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მოგზაურობთ ულამაზეს ქალაქებში და თან პროფესიულად ვითარდებით. ჟღერს როგორც ოცნება? სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნის) სტუდენტისთვის ეს რეალობად იქცა Erasmus+ პროგრამის წყალობით.

საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, გიორგი ქაჯაიამ, ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 5 თვე გაატარა.

როგორც თავად ამბობს, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სწავლამ მის მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა.

„პროფესიული უნარების გაუმჯობესების თვალსაზრისით ნამდვილად ნაყოფიერი იყო, ვალიადოლიდში გატარებული 5 თვე, კერძოდ ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის კონტექსტში შევასრულე სხვადასხვა დავალება, რამაც უკეთესი ხედვა ჩამომიყალიბა ჩემი პროფესიის ასპექტში. განსაკუთრებით პროფესიული უნარების ასპექტში განვივითარე საჯაროდ საუბრის უნარები, რადგან ყოველკვირეულად დიდ აუდიტორიასთან (დაახლოებით 30-40 სტუდენტთან) მიწევდა სხვადასხვა პროექტისა თუ პრეზენტაციის წარდგენა. დამატებით, რადგან სწავლა იყო საკმაოდ დატვირთული, გავიუმჯობესე დროის მენეჯმენტის უნარები, წინააღმდეგ შემთხვევაში საგნების წარმატებით დასრულება და მოგზაურობა შეუძლებელი იქნებოდა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში, თავისი დატვირთული პროგრამიდან გამომდინარე. მოლაპარაკებების უნარების გაუმჯობესებაც აღსანიშნავია, რადგან ჯგუფური მუშაობის დროს აუცილებელიც კი იყო შევჯერებულიყავით იმ საერთო იდეის გარშემო, რომელსაც განვავითარებდით ჩვენს სამუშაოში“.

“გაცვლითი პროგრამა გვაყალიბებს დამოუკიდებელ და მებრძოლ ადამიანებად, რომლებსაც არ გვაშინებს გამოწვევები,” – ხაზს უსვამს სტუდენტი.

„გაცვლითი პროგრამა არ არის მხოლოდ უცხოურ უნივერსიტეტში განათლების მიღება, ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობა, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. გამარჯვებისა და მოწვევის მიღებიდან უამრავი საბუთისა თუ დეტალის მოგვარება გიწევს, ჩასვლის შემდეგ კი, ფაქტობრივად ხარ მარტო და უნდა გაუმკლავდე ნებისმიერ დაბრკოლებას. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გაცვლითი პროგრამა გვაყალიბებს დამოუკიდებელ და მებრძოლ ადამიანებად, რომლებსაც არ გვაშინებს გამოწვევები, მეტიც მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.

რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, არ მექნებოდა საშუალება მესწავლა ინტერნაციონალურ გარემოში, სადაც სტუდენტები, ყოველდღიურად, ერთმანეთისგან უამრავ ახალ ინფორმაციასა და პროფესიულ დეტალს ვსწავლობდით“, – გიორგი ქაჯაია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური