GE

მომავალი მასწავლებელი: „ჩვენ თუ არ ვიქნებით თავისუფლები, ვერც ბავშვებს ვასწავლით იმას, რისიც თვითონაც არ გვჯერა“

„ჩემი მოტივატორი არ არის ხელფასი, რადგან ვთვლი, რომ მასწავლებლებს მათი პასუხისმგებლობის შესაბამისი ხელფასები არ აქვთ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პედაგოგობის მსურველმა იანა პაქსაშვილმა, რომელმაც 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის შემდეგ, 9 ივლისს, მასწავლებლის საგნის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI კლასები) ჩააბარა.

როგორც თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა იანა პაქსაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პედაგოგობა სურს იმიტომ, რომ საკუთარ თავს მხოლოდ სკოლაში ხედავს – „100%-ით და კითხვების გარეშე“:

„ეს პროფესია ძალიან ახლოს არის ჩემთან – ჩემი დიდი ბებიაც პედაგოგი იყო, დეიდაჩემიც სკოლაში მუშაობს. გარდა ამისა, სკოლა რომ დავამთავრე, ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, თითქოს ვერ გამოვედი სკოლის ასაკიდან. თუ სკოლაში არ ვარ, თავს ისე ვერ ვგრძნობ, როგორც მინდა, რომ ვიყო. ასისტენტადაც ვმუშაობდი და ვგრძნობდი, რომ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ვფიქრობ, მე ყველა ის თვისება მაქვს, რაც კარგ პედაგოგს უნდა ჰქონდეს. შემიძლია ბავშვებთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარება. ნასწავლი მაქვს ფსიქოლოგია. ერთი სიტყვით, სკოლაში ვხედავ ჩემს თავს 100%-ით, თან ისე, რომ კითხვებიც არ მაქვს“.

პედაგოგობის მსურველი EDU.ARIS.GE-სთან საკუთარი მოსწავლეობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მასწავლებლებს არა ბავშვების განვითარების, არამედ ხელფასის აღების მოტივაცია ჰქონდათ. თავად კი სურს, ყველა ის ხარვეზი და მიდგომა, რაც როგორც მოსწავლემ საგაკვეთილო პროცესში დაინახა, აღმოფხვრას და შეცვალოს:

„დიდი ხანი არ არის გასული, რაც სკოლა დავამთავრე. მახსოვს ჩემი მასწავლებლებისგან ხარვეზები საგაკვეთილო პროცესში. და მე ყველანაირად ვეცდები, რომ ეს ხარვეზები აღმოვფხვრა. ჩემი მოსწავლეობის დროს, პედაგოგებს თითქოს მოტივაცია ჰქონდათ დაკარგული. მათი მთავარი მოტივაცია არ იყო, რომ ბავშვები განვითარებულიყვნენ – შეიძლება, ხელფასი იყო. მე ვფიქრობ, რომ ყველა გაკვეთილი, იმის მიუხედავად, რამდენად კარგად იცი მასალა, წინასწარ უნდა დაიგეგმოს. აუცილებელია, რომ სიახლეები მიიღო, თუნდაც ციფრული რესურსებით ბავშვებისთვის უფრო საინტერესო გახადო გაკვეთილი, დაეხმარო მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, რასაც ჩემს დროს ძალიან იშვიათად აკეთებდნენ და ისიც ზოგიერთი მასწავლებელი.

ბავშვი გაკვეთილზე უნდა იყოს წამყვანი. ყველაზე კარგი გაკვეთილია, როცა მასწავლებელი ნაკლებს ლაპარაკობს გაკვეთილზე და მოსწავლეები – ბევრს. ჩვენ უფრო პასიური მსმენელები ვიყავით ხოლმე, რაც ძალიან არ მომწონს და სიამოვნებით შევცვლიდი“.

იანა პაქსაშვილის აზრით, მასწავლებელი თავისუფლად მოაზროვნე უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, მოსწავლეს ვერ ასწავლის იმას, რისიც თავად არ სჯერა.

„არ მიჭირს აზრის თავისუფლად დაფიქსირება, არსად. ვერ გავჩერდები ისეთ გარემოში, სადაც შებოჭილი ვიქნები და ის უნდა ვთქვა, რასაც მეტყვიან. ხელს არ უშლის ერთმანეთს ის, რომ თავისუფალიც იყო და – მასწავლებელიც. ბავშვებს ის უნდა ვასწავლოთ, რომ თავისუფლად იაზროვნონ და ისაუბრონ და ჩვენ თუ არ ვიქნებით თავისუფლები, მგონია, რომ ისეთ რაღაცას ვერც ვასწავლით, რისიც თვითონაც არ გვჯერა“, – აღნიშნა პედაგოგობის მსურველმა.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლობის მსურველი ბათუმიდან – „აუცილებლად მივიჩნევ ფსიქოლოგიური ტესტის გავლასაც“

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური