GE

მასწავლებლობის მსურველი ბათუმიდან – „აუცილებლად მივიჩნევ ფსიქოლოგიური ტესტის გავლასაც“

9 ივლისს, 2026 წლის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. გამოცდების პარალელურად, EDU.ARIS.GE ბათუმში გამოცდაზე მისულ პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს ესაუბრა და ჰკითხა, მათი აზრით, მასწავლებლის მაღალი კომპეტენციის მთავარი დამადასტურებელი გამოცდაა თუ მოსწავლეების მიღწევები.

გამოკითხული პედაგოგების შეფასებით, გამოცდა მხოლოდ აკადემიური ცოდნის ნაწილის შეფასების შესაძლებლობას იძლევა, მაშინ როდესაც მასწავლებლის პროფესიონალიზმი, პირველ რიგში, სასწავლო პროცესში, პრაქტიკულ საქმიანობასა და მოსწავლეების შედეგებში უნდა აისახოს.

დაწყებითი კლასების სპეციალისტი ნინო ყაჭეიშვილი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის შეფასება მხოლოდ საგამოცდო შედეგებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„მე ვფიქრობ, მოსწავლეების აკადემიური მიღწევები, პირველ რიგში, მასწავლებლის წარმატებას განსაზღვრავს. ასევე მიმაჩნია, რომ აღნიშნული გამოცდა პედაგოგის კომპეტენციას სრულყოფილად ვერ აფასებს. ის მხოლოდ მასწავლებლის აკადემიური ცოდნისა და მომზადების დონის განსაზღვრას უზრუნველყოფს და ვერ ასახავს იმ მიდგომებსა და პროფესიულ უნარებს, რომლებსაც მასწავლებელი სასწავლო პროცესში იყენებს. რა თქმა უნდა, მასწავლებელს შესაბამისი აკადემიური ცოდნა უნდა ჰქონდეს, თუმცა ერთია, რას აკეთებს გამოცდაზე, და მეორეა, რას აკეთებს პრაქტიკაში, როდესაც გაკვეთილზე შედის. ჩემი აზრით, ეს, მეტწილად, მოსწავლეების შედეგებზე უნდა აისახებოდეს. ამაზე უკვე ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ. დიახ, უმჯობესი იქნებოდა, მასწავლებლის კომპეტენცია შერეული პრინციპით შეფასდეს, არა მხოლოდ გამოცდის შედეგებით, არამედ პირადი პორტფოლიოთი და მოსწავლეების აკადემიური მიღწევებითაც“, – ფიქრობს დაწყებითი კლასების სპეციალისტი ნინო ყაჭეიშვილი.

მსგავს პოზიციას იზიარებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ძნელაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ პედაგოგის პროფესიული შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მოსწავლეების მიღწევებსა და მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობას უნდა მიენიჭოს.

„ეს ძალიან საკამათო თემაა. ბავშვების აკადემიური მოსწრებაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი პროფესიული სტატუსის ამაღლებაზე ვსაუბრობთ. მე წამყვანი მასწავლებელი ვარ და ეს სტატუსი სწორედ ბავშვების მიღწევებისა და მათი ნამუშევრების საფუძველზე მივიღე და არა გამოცდით. ვფიქრობ, ჩემი კომპეტენცია უკვე დადასტურდა მაშინ, როდესაც უმაღლესი განათლება მივიღე. ამის შემდეგ კი შეფასებას, პირველ რიგში, ჩემი, როგორც მასწავლებლის, პრაქტიკული საქმიანობა იმსახურებს. ჩვენ ხომ მხოლოდ ბავშვებზე არ ვმუშაობთ, მუდმივად საკუთარ თავზეც ვმუშაობთ, პროფესიულად ვვითარდებით“, – მიიჩნევს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ძნელაძე.

გამოცდაზე გასულმა მათემატიკის პედაგოგობის მსურველმა საბა ყულეჯიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტესტი მისთვის რთული არ ყოფილა, თუმცა არსებული შეფასების სისტემის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვს.

„კარგ შედეგებს ველოდები, ტესტიც მისაღები იყო, ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მე პირადად არ ვეთანხმები მხოლოდ გამოცდის სისტემას. მაგალითად, აუცილებლად მივიჩნევ ფსიქოლოგიური ტესტის გავლასაც. გამოცდაზე ჩემს გვერდით საკმაოდ ასაკიანი პედაგოგები ისხდნენ და ჩემთვის ცოტა მიუღებელია ეს ფაქტი. მასწავლებელს, რომელიც თუნდაც ორმოცი წელი ასწავლის, გამოცდაზე ყოველ წელს გაყვანა და თავიდან ტესტის დაწერინება არასამართლიანია“, – თქვა მათემატიკის პედაგოგობის მსურველმა საბა ყულეჯიშვილმა.

გამოკითხული პედაგოგების მოსაზრებებიდან ჩანს, რომ მათთვის მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის შეფასება მხოლოდ გამოცდის შედეგებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მათი შეფასებით, ეფექტიანი მოდელი უნდა აერთიანებდეს როგორც აკადემიური ცოდნის შემოწმებას, ისე პრაქტიკული საქმიანობის, პროფესიული განვითარების, პორტფოლიოსა და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების შეფასებას. EDU.ARIS.GE-ს გამოცდიდან გამოსული კიდევ უფრო მეტი მასწავლებლის მოსაზრების მოსმენა სურდა, თუმცა მათმა უმრავლესობამ მედიასთან საუბარზე უარი თქვა.

მოამზადა სულხან მესხიძემ

ასევე იხილეთ:

„ყველაფერი მიჩვევითაა, მიგვაჩვიეს ამ გამოცდებს და ჩვენც ცხვრებივით დავემორჩილეთ“ – შეფასება მასწავლებლის გამოცდიდან

„35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება“ – შეფასებები ტესტირების შემდეგ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური