GE

მომავალი სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება?!

2014 წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლების მოსწავლეების დრეს კოდი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ ფორუმებზე აქტიურად განიხილება მოსაზრება, რომ განათლების ახალი მინისტრი, ახალ სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეებს სასკოლო უნიფორმების სახით სიურპრიზს უმზადებს.

თუ არ გიტარებიათ, ალბათ გახსოვთ მაინც, ყავისფერი ქვედაბოლო, ლურჯი შარვალი, თეთრი წინსაფარი, თეთრი პერანგები, წინდები და დიდი ბაბთები. მართალია, თანამედროვე სასკოლო ფორმას საბჭოურთან საერთო არც ფორმა აქვს და არც ხარისხი, ფერზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ მოსწავლეთა თითქმის სრულ უმეტესობას უნიფორმის გაგონებაც არ სურს. მათ შეხედულებას არც ის ფაქტი ცვლის, რომ თანამედროვე ფორმები შესაძლოა ცნობილმა დიზაინერებმა მოდური ტენდენციების გათვალისწინებით შექმნან.

თუ საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო უნიფორმას არ ატარებენ რადიკალურად განსხვავებული სურათია კერძო სოლებში. “ნიუსქულ ჯორჯიას” დირექტორი მარინა ჟღენტი ARIS.GE- განათლებას უნიფორმის დადებით მხარეებზე ესაუბრა:

“მივიჩნევ, როცა მოსწავლეებს ფორმა აცვიათ, მათი გარეგნობა რადიკალურად იცვლება უკეთესობისკენ. სკოლის ფორმა იმ სულისკვეთებას განასახიერებს, რომელიც სკოლაშია. იგი აერთიანებს მოსწავლეებს. ფორმა მიგვანიშნებს, რომ ყველა ჩვენი მოსწავლე თანასწორია და ისინი ერთმანეთს პატივისცემით უნდა ექცეოდნენ. სკოლის ფორმა სკოლის თვითმყოფადობის ერთ–ერთი გამოხატულებაა. მოსწავლეებმა ამით უნდა იამაყონ. მნიშვნელოვანია, რომ მშობელს, როცა მათი შვილი სკოლაში ფორმით დადის, ტანსაცმლის საყიდი თანხა ეზოგება. ფორმის ტარება ბავშვს უსაფრთხოების დაცვაშიც ეხმარება, რადგანაც უფრო ადვილი ხდება ხალხში ფორმიანი ბავშვის გამორჩევა” – განაცხადა მარინა ჟღენტმა.

სწორედ მასიდან გამორჩევაა ერთ-ერთი მტკიცე არგუმენტი მათთვის, ვინც ფორმის ფენომენს ეწინააღმდეგება.

“საითაც გაიხედავ ყველგან ერთნაირი ბავშვები –საშინელებაა. არავითარი ეკონომია ამაში არ არის. ფორმა ყოველ მეორე დღეს გასარეცხია, ცვდება, ფუჭდება. მიხარია, რომ ჩემს სკოლაში ფორმა სავალდებულო არ არის და არც მინდა იყოს. ჩემს კლასშიც არიან მდიდარი და შედარებით ნაკლებ შემოსავლიანი ოჯახის შვილები, მაგრამ ჩვენ მაინც მეგობრული კლასი ვართ – ტანსაცმელი რა შუაშია?! თუ ფულიანს უნდა, რომ ზემოდან გიყუროს ფორმიდანაც ზემოდან შემოგხედავს” –განუცხადა ARIS.GE-განათლებას 117–ე სკოლის მოსწავლე ეკა უშხვანმა.

ცოტაა ისეთი ვინც დღეს ფორმით დადის და ამ იდეას თავიდანვე აღფრთოვანებით შეხვდა.

“ნელ-ნელა შევეჩვიე ფორმას, სკოლას უხდება. ინგლისის, შოტლანდიის, ჩინეთის, ავსტრალიის სკოლებში დადიან ფორმით- ცუდი რომ იყოს ივლიდნენ?! კიდევ ერთი დიდი პლუსი იცით რა არის?!- ყოველ დილით იმაზე ფიქრი აღარ მიწევს, რა ჩავიცვა, რა არ მიხდება” – გაუზიარა თავისი მოსაზრება ARIS.GE-განათლებას ქართულ-ბრიტანული სკოლის მოსწავლემ.

რატომ მოსწონთ ან რატომ ეწინააღმდეგებიან მოსწავლეები და მათი მშობლები სასკოლო ფორმას? ფსიქოლოგებს ამ საკითხზე მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულება აქვთ:

“კარგია იმიტომ რომ სოციალური განსხვავებულობა იშლება, მოსწავლე კონცენტრირებულია სწავლაზე და არა სამოსზე. გაინტერესებთ რატომ არ უნდათ უნიფორმები იმიტომ, რომ ფიქრობენ რომ ინდივიდუალიზმს კარგავენ. თუმცა ადამიანს ყოველთვის შეუძლია იპოვოს ის რაც მას სხვებისგან განასხვავებს” -აცხადებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

მათ დასამშვიდებლად, ვისთვისაც არგუმენტებს მნიშვნელობა არ აქვს და სასკოლო დრეს კოდის ჩარჩოში მოქცევა არ სურთ ვიტყვით, რომ განათლების სამინისტრო სკოლებში ფორმების ტარებას სავალდებულოს არ ხდის. განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით “სასკოლო ფორმების ტარებასთან დაკავშირებული საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება”.

ლია გიგაურის განცხადებით აღნიშნულ საკითხს განათლების შესახებ კანონი არეგულირებს:

“სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე. სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით”-ნათქვამია განათლების შესახებ კანონის მეთოთხმეტე მუხლში.

P.S. პირადად ჩემთვის სასკოლო ფორმა იმიჯია, დაახლოებით ისეთივე როგორც საქმიან კაცზე კარგად მორგებული პიჯაკი. თუმცა შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლა დიდი ხნის წინ დავამთავრე და არც სასკოლო ფორმა მიტარებია.

თქვენ როგორ ფიქრობთ: უნდა გახდეს თუ არა სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური