GE

მომავლის პროფესია – მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები SEU-ში

„აირჩიე ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესიები და გაუსწარი დროს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად“, – ახალგაზრდებისაკენ მიმართული ამ მოწოდებით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, პირველად საქართველოში, ექსკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას იწყებს, რომელთა სახელწოდებებიც ისევე შთამბეჭდავად ჟღერს, როგორიც მათი შინაარსია: მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა.

ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შექმნილ და აკრედიტებულ პროგრამებზე პირველ მსმენელებს უკვე ელიან. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მაღალია დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მომავლის სპეციალობების დაუფლების სურვილს გამოთქვამენ, რაც გასაკვირი არცაა, რადგან მსგავსი შესაძლებლობა, საქართველოში, ამ დრომდე არ არსებობდა. კურსდამთავრებულები შეძლებენ იმუშაონ ისეთ მოთხოვნად პოზიციებზე, როგორებიცაა: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, მონაცემთა ინჟინერი, მონაცემთა ანალიტიკოსი, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი და სხვა.

მოკლე ვიდეორგოლი ექსკლუზიური პროგრამების შესახებ

საზოგადოება, ნელ-ნელა, სულ უფრო მეტს იგებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ და აღიარებს მის როლს თანამედროვე სამყაროში. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის მიზანი ადამიანის ინტელექტის გამეორებაა, რაც მას მსჯელობის განხორციელებისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს. ტექნოლოგიების განვითარებამ მრავალი ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი და ბევრი ისეთი პროფესიაც გააჩინა, რაც აქამდე არ არსებობდა. მისი მნიშვნელობა კარგად ესმით წამყვან საერთაშორისო კომპანიებს – GOOGLE-ს, META-ს, AMAZON-ს და ა.შ.

რაც შეეხება მონაცემთა მეცნიერებას, როგორც SEU-ში განმარტავენ, მისი აქტუალობის თვალშისაცემი ზრდა, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მონაცემების დაგროვების, შენახვისა და ანალიზის ტექნოლოგიებში განვითარებულმა ცვლილებებმა გამოიწვია. ასევე იმან, რომ თითქმის ყველა სახის ორგანიზაცია, მთელ მსოფლიოში, მონაცემთა დიდ რაოდენობას აწარმოებს, რამაც მისი მონიტორინგი და შენახვა სულ უფრო რთული გახადა. უნივერსიტეტში გვიცხადებენ, რომ მონაცემთა მეცნიერების ასეთი ტემპით განვითარებამ, შრომით ბაზარზე, სპეციალისტებზე მოთხოვნის კარდინალურმა მატებამ განაპირობა.

„მონაცემთა მეცნიერებს, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 2-ჯერ მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე დეველოპერებს, ან პროგრამისტებს. დროის გასვლასთან ერთად გროვდება უამრავი მონაცემი, რომლის დამუშავებაა საჭირო. ამის მაგალითია ChatGPT, Google Bard და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვა თანამედროვე სისტემები, რომლებიც მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას მონაცემთა დამუშავების გზით ახდენენ. ბიზნესის წარმატებით მართვაში ხელოვნური ინტელექტის როლი დღითიდღე იზრდება და სწორი ანალიტიკისა და პროგნოზირებისათვის მონაცემთა დამუშავება გადამწყვეტია“, – აღნიშნავენ SEU-ში.

ახალი პროგრამების პირველ სტუდენტებს უნივერსიტეტი არაერთი შეთავაზებით ხვდება. EDU.ARIS.GE-ს SEU-ში განუმარტეს, რომ მათი პრიორიტეტი პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესია, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სტუდენტობიდანვე უშუალოდ აკეთონ საქმე, რომელიც მათი პროფესია და ცხოვრებისეული არჩევანია და ამით ათვისების პროცესი კიდევ უფრო გაიმარტივონ. ბენეფიტებზე საუბრისას, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სტუდენტებს სწავლის პერიოდში ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სასწავლო პრაქტიკა დარგში არსებულ SEU-ს პარტნიორ ორგანიზაციებში: მსხვილ თუ მცირე ბიზნეს კომპანიებში, ბანკებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, საერთაშორისო კომპანიებში, სატელეკომუნიკაციო კომპანიებში და სხვა. ისინი რეალურ, პრაქტიკულ შემთხვევებზე იმუშავებენ.

რაც მთავარია, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გასაძლიერებლად სტუდენტებს SEU-ში დახვდებათ ხელოვნური ინტელექტის პირველი კვლევითი ცენტრი საქართველოში და კომპიუტერული ლაბორატორია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ SEU სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას დაიფინანსონ სწავლა დამსაქმებლის მიერ და გადაიხადონ დასაქმების შემდეგ. ეს შეთავაზება პროგრამებს ხელმისაწვდომს სტუდენტების უფრო ფართო სპექტრისთვის ხდის და უზრუნველყოფს, რომ დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ტექნოლოგიურ სფეროში ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები შეისწავლონ.

პროგრამა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალით, რომელთაც აქვთ სფეროში სწავლებისა და მუშაობის დიდი გამოცდილება, აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებსა და ღონისძიებებში. მათ შორის არიან უცხოეთში სწავლების გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლებიც. პრაქტიკული კომპონენტების განხორციელებისთვის კი იგეგმება უშუალოდ პრაქტიკოსების ჩართვა პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

ახალ პროგრამებს აკრედიტაცია 2023 წლის 11 აპრილს მიენიჭა. SEU სტუდენტთა პირველ ნაკადს წელს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიიღებს. მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ მათემატიკა ან/და ფიზიკა და ეროვნულ გამოცდებზე აღნიშნულ საგნებში გადალახონ 50%-ზე მეტი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ერთ-ერთი მაღალი მოთხოვნაა.

აღსანიშნავია, რომ SEU ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მხოლოდ საბაკალავრო პროგრამას არ ჯერდება და 2024 წლისთვის სამაგისტრო პროგრამის დამატებასაც გეგმავს.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური