GE

SEU-ს რექტორი უპრეცედენტო სიახლეზე: „ხელს შევუწყობთ რეგიონში მასპინძლობის სფეროსა და ტურიზმის სექტორის განვითარებას“

„უპრეცედენტო მოვლენა საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში მასპინძლობის სფეროში განათლების მიმართულებით“, – სწორედ ასე აფასებენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სიახლეს, რომელიც მათზეა გათვლილი, ვინც მასპინძლობის მენეჯმენტისა და ტურიზმის პროფესიის შესწავლით, ან ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებით არის დაინტერესებული.

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს და Hospitality Business School (EHL)-ის, მასპინძლობის მენეჯმენტის და ტურიზმის სფეროში მსოფლიოს N1 უნივერსიტეტის ერთობლივმა პროფესიული განათლების გადამზადების ცენტრმა სტარტი აიღო. ცენტრი იქნება საფუძველი იმისა, რომ Hospitality Business School (EHL)-ის თანამშრომლობით თბილისის არეალში მასპინძლობის სფეროში სრულიად ახალი კამპუსის ფარგლებში შეიქმნება მასპინძლობის, ასევე ტურიზმის და სფეროს პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიკვლიონ გზა გლობალურ ასპარეზზე.

აღნიშნული პროგრამები ასევე მოიცავს ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებული დისციპლინების სწავლებას, როგორიცაა მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი, მეწარმეობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ წამყვან საერთაშორისო ბიზნეს მიმართულების ორგანიზაციებში.

„ამჟამად ვიწყებთ პროფესიული და საბაკალავრო განათლებით, შემდეგ დაემატება სამაგისტრო მიმართულება. თავდაპირველად პროფესიული განათლების ცენტრში იქნება კულინარიის და რესტორნის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა. რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურს, ამ მიმართულებით იგეგმება მასპინძლობის მენეჯმენტის, ტურიზმის, გლობალური მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით, ერთობლივი პროგრამების შემუშავება“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს რექტორი და დამფუძნებელი, გია კავთელიშვილი.

SEU-სა და EHL-ს შორის თანამშრომლობა 1 წლის წინ დაიწყო და სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, გია კავთელიშვილის ხელმძღვანელობით 10-13 ივნისს იმყოფებოდა შვეიცარიაში. ისინი ეწვივნენ EHL-ის კამპუსს, შეხვდნენ აკადემიურ პერსონალს და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე. EHL-ის წარმომადგენლებმა SEU-ს დელეგაციას გააცნო სტრატეგიული განვითარების გეგმა და პროცესები ბოლოს კი გაიმართა საზეიმო ხელმოწერის ცერემონია.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, შეხვედრის მიმდინარეობისას SEU-ს პარტნიორებმა მკაფიოდ დააფიქსირეს მათი დადებითი დამოკიდებულება და მზაობა ამ ახალი მასშტაბური პროექტის მიმართ:

„SEU-ს მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და EHL-ის გამოცდილების კომბინირებით, რომელიც 130 წელია ქმნის განათლების უმაღლეს სტანდარტს მასპინძლობის სფეროში, დარწმუნებულნი ვართ, რომ სტუდენტები მიიღებენ უბადლო გადამზადებას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავუკვალავთ გზას ახალ თაობებს, რომლებიც აამაღლებენ ინდუსტრიაში არსებულ მომსახურებას და დანერგავენ ინოვაციურ სტანდარტებს“.

SEU-ს რექტორი და დამფუძნებელი, გია კავთელიშვილი EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, რომ ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი ერთობლივი პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარება, ხარისხიანი განათლების გაზრდა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიმართულებით და EHL-ის პრაქტიკის დანერგვაა საქართველოში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალებით შევძლოთ მოვამზადოთ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რითაც ხელს შევუწყობთ ქვეყანაში და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მასპინძლობის სფეროსა და ტურიზმის სექტორის განვითარებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ მასპინძლობის ინდუსტრიის მრავალი მიმართულება და გამოწვევა, ამავდროულად, გაეცნონ ინოვაციურ აზროვნებასა და თანამედროვე მიდგომებს. EHL-ის მხარდაჭერით, სტუდენტებს მივაწვდით ხარისხიან განათლებას მასპინძლობის სფეროში, რომელიც აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რამაც განაპირობა EHL-ის მსოფლიო მასშტაბის რეპუტაცია 1893 წლიდან“, – ამბობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დამფუძნებელი.

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა EHL-ისა და SEU-ს მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტი, ორმაგი დიპლომი. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. ასევე, აღსანიშნავია რომ სტუდენტებს სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ EHL-ის ნებისმიერ ფილიალში, სხვადასხვა ქვეყანაში და, რაც მთავარია, ეს პერიოდი უღიარდებათ.

რაც შეეხება კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობასა და პერსპექტივებს სწავლის დასრულების შემდეგ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე, როგორც ბატონი გია კავთელიშვილი გვიხსნის, „EHL – ის უნივერსიტეტი ეს არის საერთაშორისო ცნობილი, ძალიან პრესტიჟული ბრენდი, რომლის კურსდამთავრებულებისთვის შეიძლება ითქვას ყველა კარი ღიაა მასპინძლობის ინდუსტრიაში, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. EHL აერთიანებს წამყვანი აკადემიური და ინდუსტრიის მოთამაშეების ქსელს. ასევე, სტუდენტს, აქვთ შესაძლებლობა სწავლის პერიოდში წვდომა ჰქონდეთ სტაჟირებებზე და სამუშაო შეთავაზებაზე, რასაც EHL -ის პარტნიორი კომპანიები სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ EHL-ს ჰყავს 25 000-ზე მეტი კურსდამთავრებული“.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური