GE

მომავლის პროფესიები – რა ავირჩიოთ?

ახალი კორონავირუსის პანდემიამ 2020 წლის მსოფლიო უჩვეულო გამოწვევების წინაშე დააყენა და კაცობრიობა ახალ პრიორიტეტებზე დააფიქრა. ამ ფონზე აბიტურიენტებს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უხდებათ, მათ უნდა აირჩიონ პროფესია, რომელიც პერსპექტიული იქნება და თანამედროვეობის მოთხოვნებს უპასუხებს.

რას გვეუბნება უახლესი კვლევები და რა პროფესიებზე არის მოთხოვნა თანამედროვე მსოფლიოში, როგორი რეალობა შეიქმნა COVID-19-ის პანდემიის შედეგად და რა პერსპექტივები აქვს სხვადასხვა პროფესიას? – EDU.ARIS.GE ამ საკითხებზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელ ნათია ზედგინიძეს ესაუბრა.

– მსოფლიოში დღეს არსებული რეალობა არის სრულიად უჩვეულო და განსხვავებული, ამ ფონზე აბიტურიენტები აკეთებენ მნიშვნელოვან არჩევანს, რომელ მიმართულებებზეა მოთხოვნა და რა რჩევას მისცემდით მათ მომავლის პროფესიებთან დაკავშირებით?

– დავიწყოთ იქიდან, რომ მანამ სანამ COVID-19 შეიპყრობდა მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, არაერთი კვლევა ჩატარდა მსოფლიო მასშტაბით. მათ შორისაა 2017 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევა, რომელიც აღსანიშნავია იმით, რომ 20 ქვეყანა და 30 სექტორი იქნა გამოკვლეული. ამ კვლევის მიზანი გახლდათ 2030 წლის მომავლის პროფესიების დადგენა. მასში გამოყენებული იყო სხვადასხვა პარამეტრი, როგორებიცაა ქვეყნების დემოგრაფიული ტენდენციები, მთლიანი შიდა პროდუქტი, სხვადასხვა მაკრო ეკონომიკური პარამეტრი და ა.შ. შედეგად „მაკკენზის გლობალური ინსტიტუტის“ კვლევა აღიარებულია ერთ-ერთ საინტერესო კვლევად და გამოვლინდა რამდენიმე სექტორი, რომლებშიც იკვეთება მზარდი მოთხოვნა პროფესიებზე. 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით 400-დან 800-მილიონამდე ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე. ეს გამოწვეული იქნება სამუშაო ადგილებზე ადამიანების ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩანაცვლებით. ეს კვლევა 2017 წელს ჩატარდა და ახლა COVID-19-ის პანდემიის პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა იცვლება და ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

მეორე კომპონენტი, რომელიც ასევე ამ კვლევაში იყო და COVID-19-მა კიდევ უფრო გაასამმაგა მისი მნიშვნელობა, გახლავთ ის, რომ მსოფლიოში 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხოვნობა ასეულ მილიონობით იზრდება. არსებული პანდემიის ფონზე, ეს ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფის ასაკია, მაგრამ სწორედ აქ ჩნდება ჯანდაცვის სექტორი, უფრო კონკრეტულად კი ექიმებსა და ექთნებზე მოთხოვნა. ყველა შემთხვევაში გაიზრდება ისეთ ადამიანურ კაპიტალზე მოთხოვნა, ვინც შეძლებს ჯანდაცვის სექტორში (და არა მხოლოდ) ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას, დანერგვას და გამოყენებას. ეს ზუსტად კომპიუტერულ მეცნიერებებს, ხელოვნურ ინტელექტს, ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას და მათ დანერგვას უკავშირდება, ასეთი პოზიციების რიცხოვნობა, ჯერ კიდევ 2017 წლის პროგნოზითაც 20-დან 50 მილიონამდე ადგილს შექმნის მსოფლიოში და დღევანდელობის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

ვხედავთ, რომ ბევრი რამ დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დისტანციურად მუშაობაც შესაძლებელია, შესაძლებელია სწავლაც და ზოგადად, ტექნოლოგიებს რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს.

შემდეგი სექტორი, სადაც შრომით რესურსზე მოთხოვნა გაიზრდება ეს გახლავთ კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა როგორც მიმართულება და დარგი, ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT). ანუ იზრდება საჭიროება სპეციალისტებზე, რომლებიც შექმნიან და იმუშავებენ ინოვაციებზე, განავითარებენ ხელოვნურ ინტელექტს.

შემდეგი სექტორი ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა. 2030 წლისთვის მსოფლიოს დასჭირდება ინფრასტრუქტურული საჭიროებების მეტად დაკმაყოფილება და ამ მხრივ არქიტექტორი, დიზაინერი, სამშენებლო-საინჟინრო კომპეტენციების მქონე სპეციალისტები, რომლებიც შექმნიან, დანერგავენ და გამოიყენებენ აღნიშნულ სექტორში პროექტებს, რსებითად მნიშვნელოვანი იქნება.

მეოთხე სექტორი ეს გახლავთ განახლებადი ენერგიები, კერძოდ ქარისა და მზის ენერგიები. დედამიწაზე ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნა იზრდება მოსახლეობის დემოგრაფიულ მატებასთან ერთად და შესაბამისად, ამ დარგის სპეციალისტები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებით, კომპეტენციებით და მათი გამოყენებით იქნება ასევე მოთხოვნადი.

მოკლედ, რომ შევაჯეროთ აქცენტები კეთდება ისევ ტექნოლოგიებზე და აქ გამოიყოფა ისეთი მიმართულებები და დარგობრივი ცოდნა, როგორიც არის მათემატიკა და საერთოდ მათემატიკური უნარები, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ნებისმიერი პროფესიისთვის.

– ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თქვენ მენეჯმენტის მიმართულებას ხელმძღვანელობთ. ამ პროგრამის მომავლის პროფესიებთან კავშირზე და მნიშვნელობაზე რას გვეტყვით?

– მმართველობითი ნაწილი, ანუ მენეჯმენტის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დღესაც დავინახეთ და COVID-19-მა ნათლად გვაჩვენა, რომ ერთია ფლობდე გარკვეულ რესურსებს, მაგრამ მეორეა იცოდე ამ რესურსების ეფექტიანი და ეფექტური მართვა. ეს რესურსები, იქნება ადამიანური რესურსი, ფინანსური თუ, თუნდაც დროითი რესურსი, მათი ეფექტური და ეფექტიანი მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. მმართველობითი უნარები და კომპეტენციები ღირებულია ნებისმიერ სექტორში, იქნება ეს ჯანდაცვა, ტექნოლოგიების მიმართულება თუ რომელიმე სხვა სექტორი. ჩვენი უნივერსიტეტი თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM). ამ უნივერსიტეტის კონცეფცია ეფუძნება ინოვაციებს, ტექნიკას, ტექნოლოგიას, მათემატიკურ უნარებს. ეს ყველაფერი წარმოადგენს ფუნდამენტს, მათ შორის მენეჯმენტის მიმართულებისთვის. ამიტომაც საწყის ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აირჩია სამი პროგრამა და შესთავაზა აბიტურიენტებს. ეს გახლავთ კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამები. სამივე პროგრამა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM-თან) პარტნიორობით არის შექმნილი, მათ პროგრამებთან თანწყობით, მათთან კონსულტაციებით, მათი რეკომენდაციებითა და მათი პრინციპების დაცვით. ამასთან, ისიც ნიშანდობლივია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია – სწორედ TUM-ის პროფესორი, რომელიც 24 წლის განმავლობში აღნიშნული უნივერსიტეტის პრეზიდენტი გახლდათ.

– KIU-ს მენეჯმენტის პროგრამა და ამ ეტაპზე უნივერსიტეტში არსებული სხვა მიმართულებები რით არის გამორჩეული საქართველოში არსებული მსგავსი პროგრამებისგან?

– KIU-ს მენეჯმენტის პროგრამა ყველა სხვა მახასიათებელი რომ გადავდოთ გვერდზე, იმითაც გამოირჩევა, რომ საწყის ეტაპზე ისწავლება მათემატიკა, პროგრამირება, სტატისტიკა. ანუ ისეთი საგნები, რომლებიც ნებისმიერ დარგში, სადაც არ უნდა წავიდეს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მას უნდა ჰქონდეს უნარი, რომ ადვილად შეძლოს გარკვეული, თუნდაც მარტივი, ალგორითმის შექმნა, შეეძლოს ნებისმიერი ტიპის ტექნოლოგიის გამოყენება, შეეძლოს ტექნოლოგიის სპეციალისტებთან კომუნიკაცია და ამ პროცესების მართვა, შეძლოს მულტიდისციპლინურ გუნდებთან თანამშრომლობით ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება.

KIU-ს სამივე პროგრამა იმითაცაა გამორჩეული, რომ მოიცავს სავალდებულო სტაჟირების პროგრამას. ეს ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას საზღვარგარეთ და შესაბამისად გარკვეულ გამოცდილებას მიიღებენ შესაბამის კომპანიებში. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ იქნება პროექტული სწავლება, ესეც პროგრამების სავალდებულო ნაწილია. პროექტული სწავლება ნიშნავს იმას, რომ მათემატიკის სტუდენტი, კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი და მენეჯმენტის ბაკალავრი მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით ერთად იმუშავებენ პროექტზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პროექტზე მუშაობის დროს სამივე მიმართულების სტუდენტები ერთად, გარკვეული საკითხების მიმართ ურთიერთშემავსებელნი ხდებიან და ის ცოდნა, უნარები, მოსაზრებები, რომლებიც პროექტზე მუშაობის დროს ვლინდება, საზიარო ხდება. ეს თითოეულ მათგანს, სამივე პროგრამის სტუდენტს, დაეხმარება, მომავალში ისწავლონ და შეძლონ ფუნქციონირება ასეთ მულტიდისციპლინურ გუნდებში და შესაბამისი კომპეტენციების მიხედვით გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიონ.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში არსებობს სხვადასხვა საგრანტო პროგრამები, უსაფრთხო, კომფორტული გარემო და უნიკალური ინფრასტრუქტურა. ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს, რომელიც 2030 წლისთვისაც და კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მორგებული იქნება მომავლის პროფესიებზე. საქართველოშიც ჩვენთან მოთხოვნა არის კარგ მენეჯერზე, ადამიანზე, რომელიც უბრალოდ დელეგირებით კი არ არის დაკავებული, არამედ შეუძლია ორგანიზება, შეუძლია კრიტიკული აზროვნება, შეუძლია განსხვავებული მოსაზრებების მიღება, შეუძლია მულტიდისციპლინურ სხვადასხვა კომპეტენციის მქონე ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაცია, შეუძლია სისტემური აზროვნება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, დროის ეფექტური მართვა.

– ექნებათ თუ არა სტუდენტებს შესაძლებლობა, ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში აირჩიონ პარალელური პროგრამები?

– ომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ბაკალავრებს შეუძლიათ, მესამე კურსზე უკვე აარჩიონ დამატებით, მაინორ პროფესიად მენეჯმენტი. ამ პროგრამაში 45 კრედიტი დააგროვონ და აიღონ მეორე დიპლომი მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე პირიქით. ეს პროგრამა არ არის მხოლოდ/ზოგადად მენეჯმენტი (ან სტანდარტული მენეჯმენტის კურსი), არამედ წარმოადგენს ხუთი კომპონენტის კონცენტრაციას. პირველი გახლავთ ეკონომიკა და პოლიტიკა. დღეს, პროფესიონალი ეკონომისტი, რომელიც თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს კვლევების განხორციელებას, ეკონომიკურ ანალიზს, მომავლის პროგნოზირებას, შეძლებს გარკვეული ეკონომიკური სცენარების სიმულაციურ ჩატარებას, საკანონდებლო რეგულირების ზეგავლენების წინასწარ შეფასებას (Regulatory Impact Assessments, RIA), არგუმენტირებული გადაწყვეტილებების თუ მოსაზრებების მოწოდებას, აი სწორედ ასეთ ეკონომისტებზეა მოთხოვნა მომავალში. მეორე კონცენტრაციაგახლავთ:მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა. დღეს, როდესაც ორგანიზაციებისა თუ კომპანიების უმრავლესობა გადადის დიჯითალ (ციფრულ) მარკეტინგზე, ანუ ონლაინ პლატფორმებზე, როდესაც გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და როდესაც დისტანციური სერვისები/მომსახურება ვითარდება, სწორედ ეს სპეციალობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მარკეტინგი 21-ე საუკუნის ტენდენციებს მიყვეს ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით. თუმცა ეს კონცენტრაცია მხოლოდ მარკეტინგით არ შემოიფარგლება. სათაურიდანაც ჩანს, რომ ის, ასევე, მოიცავს სტრატეგიულ დაგეგმვასა და ლიდერობის მიმართულებებს. მესამე კონცენტრაცია ეს გახლავთ – ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. აქაც, ისევ ტექნოლოგიებზე მორგებით მოხდება აღნიშნული პროფესიის დაუფლება. მეოთხე კონცენტრაცია – ეს გახლავთ ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვა. ხშირად სვამენ კითხვას, რას ნიშნავს ეს კონცენტრაცია? დღეს, მთელი მსოფლიო ვართ დოვლათის, ფასეულობების ანუ პროდუქტებისა თუ სერვისების/მომსახურების ურთიერთგაცვლა-მიწოდების პროცესში, მთელ ამ სისტემას სჭირდება შესაბამისი, სპეციფიურ ცოდნასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული მართვა. ეს გულისხმობს: ოპერაციული, ანუ პროდუქტისა და სერვისების/მომსახურების შემქმნელი პროცესების აწყობას, დალაგებას, სისტემატიზაციასა და სტანდარტიზაციას. ეს არის სწორედ ის ერთ-ერთი პროფესია, რომლის კვალიფიციური სპეციალისტებიც, მაგალითად, საქართველოში მაღალი მოთხოვნით სარგებლობენ, ხოლო დასაქმების ბაზარზე არსებობს მათი დიდი დეფიციტი.

და ბოლოს, ან დასასრულს, მეხუთე კონცენტრაცია – ინოვაციები და მეწარმეობა. დიახ! ინოვაციები და მომავლის ტექნოლოგიები, დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის, საკუთარი ბიზნესის შექმნის და მისი ეფექტიანი მართვის პროფესია. ეს კონცენტრაცია საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, მოახდინონ საკუთარი იდეების გენერირება, კონსოლიდაცია, ინოვაციების შექმნის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა და დამოუკიდებელ, მეწარმეებად, ბიზნესმენებად ჩამოყალიბება.

– ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სწავლა-სწავლების ახალი სივრცე ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში, რა სიახლეს შემოიტანს ის და რას მიიღებენ განსხვავებულს სტუდენტები?

– KIU-ს სხვა უნივერსიტეტებისგან განასხვავებს ის, რომ ჩვენთან მუშაობენ წამყვანი ქართველი და ასევე უცხოელი პროფესორები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან. უნივერსიტეტში აქტიურად გამოვიყენებთ დისტანციური სწავლების კომპონენტსაც. უფრო მეტიც, პანდემიის დაწყებამდეც, მიმდინარეობდა მუშაობა დისტანციური სწავლების პლატფორმების შემოტანაზე უნივერსიტეტში. მაგალითად, ამის დასტურია ისიც, რომ უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსებში, დაინტერესებულ კანდიდატებს ინფორმაცია უნდა წარმოედგინათ დისტანციური და ელექტრონული სწავლების (E-learning) გამოცდილების შესახებ. E-learning სწავლების პლატფორმა სრულფასოვანი და თანამედროვე სწავლების განუყოფელი ნაწილია, რომელზეც უნივერსიტეტმა იზრუნა და სთავაზობს მომავალ სტუდენტებს. დღეს ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსიტეტი ამისთვის მზადაა.

აქვე, მე როგორც ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტმა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ამ მიმართულებით, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასევე, ითვალისწინებს და პრაქტიკაში ნერგავს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 21001 სტანდარტის პრინციპებს. აღნიშნული სტანდარტი გახლავთ ISO (International Organization for Standardization) ორგანიზაციის მიერ 2019 წელს საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის გამოშვებული სტანდარტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური