GE

მოსწავლის ზოგადი უნარები კონკრეტულ საგნებთან მიმართებაში შემოწმდება

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე ამბობს, რომ შეფასების ახალი მოდელი, რომელიც სკოლებში უნდა დაინერგოს, მოსწავლეების დასჯაზე ორიენტირებული არ იქნება.

„ზოგადად, გამოცდა იქნება არ იქნება, ან როგორი იქნება, საერთოდ საჭიროა თუ არა, დარჩება გემოვნების საკითხად, სანამ არ შევთანხმდებით ცოდნა რა არის. ხშირად, ჩვენ, განათლების სამინისტროში, ცოდნას ვადარებთ მანქანის ტარებას. ვამბობთ, რომ მანქანის ტარება მაშინ ვიცი, როცა ტესტიც ვიცი და ქუჩაში მართვაც შემიძლია. თუ მხოლოდ მანქანის ტესტი ვიცი, ჩემი ცოდნა ცოდნა არ არის. ის CAT-ის გამოცდა ამოწმებდა პირდაპირ ტესტების ნაწილს. როდესაც არის საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე ლაპარაკი, თემის გადაფარვა ხდება თითქოს გამოცდები ზოგადად აღარ არსებობს და შეფასება არ ხდება. მე-6 და მე-9 კლასის ბოლოს ტარდება შეფასება, ეს არის სასკოლო შეფასება სამინისტროს მიერ. ეს რას ნიშნავს? რომ ყოველ წელიწადს სკოლას ექნება მონაცემები რა დონეზე არიან მისი მოსწავლეები, ყველა საგანში ყველა კომპეტენციის მიმართულებით. მომდევნო წელს ზუსტად ისეთი შეფასება ჩატარდება, სკოლას ექნება საშუალება, შეამოწმოს მაჩვენებლები – გაუმჯობესდა თუ გაუარესდა.

ცენტრალიზებული გამოცდის ნაცვლად, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ინერგება შეფასება, რომელიც ორიენტირებულია აღმოაჩინოს, რა არ შეეძლო მოსწავლეს გუშინ და რა შეუძლია დღეს. და არა, რა არ იცის დღეს, დავუწეროთ ერთიანი, ორიანი ან სამიანი და დავსაჯოთ და მოვუკლათ სწავლის მოტივაცია, ეს არის არსი“, – განაცხადა ნიკო სილაგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კითხვაზე, როდესაც მოსწავლეების უნარების განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებთ, 2020 წელს რატომ აუქმებთ ზოგადი უნარების გამოცდას? სამინისტროს წარმომადგენელი პასუხობს, რომ ზოგადი უნარები კონკრეტულ საგნებთან მიმართებაში შემოწმდება.

„რეალურად ზუსტად კავშირშია ეს ყველაფერი, ჩვენ ვამბობთ, რომ ზოგადი უნარები, არსებობს და ყველა საგანი ამას ემსახურება. ანუ არა აქვს მნიშვნელობა რომელი საგნის გამოცდაა,  ყველა საგანში უნდა მოწმდებოდეს ეს ყველაფერი, ამ საგანთან ერთად. ცალკე აღებული გამოდის გამეორება, მაგალითად კარგად დაგეგმილი თუ არის ისტორიის გამოცდა, ზოგადი უნარები ისტორიის კონტექსტში როგორ უნდა გამოავლინო, ეს მოწმდება. თუ ასეა მართლა და მართლა ასეთია გამოცდა, მაშინ რაღა საჭიროა კიდევ ცალკე? უნარი ზოგადად არ არსებობს, უნარი ვლინდება რაღაც კონკრეტულ საგნობრივ კონტექსტში“, – აღნიშნა ნიკო სილაგაძემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური