GE

„მთავარი მხოლოდ გამოცდა არ არის“ – აბიტურიენტი ბათუმის საგამოცდო ცენტრიდან

აჭარაში აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ოთხ საგამოცდო ცენტრში აბარებენ, სამი ცენტრი ბათუმში მოქმედებს, ხოლო ერთი მაღალმთიან აჭარაში, ხულოში.

გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან ემოციებსა და მოლოდინებზე საუბრობდნენ.

„ვფიქრობ, რომ შევძლებ და ჩავაბარებ. ჩემთვის მთავარი მხოლოდ გამოცდა არ არის, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. არ მგონია, ისეთი რთული იყოს გამოცდა ან ტესტი, რომ იმაზე ფიქრი მოგვიწიოს, შევძლებთ თუ არა. სამართალმცოდნეობაზე გავაკეთე არჩევანი და ვფიქრობ, მომავალში ნოტარიუსი გამოვალ“, – ამბობს აბიტურიენტი ანანო ბერიძე.

საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა აბიტურიენტმა სალომე აბულაძემაც.

„ძალიან ვნერვიულობ, რადგან მინდა, მთელი წლის შრომა დამიფასდეს. ხშირად ხდება, რომ საგამოცდო ოთახში შესვლის შემდეგ იბნევი, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერს შევძლებთ. ჩემი აზრით, საგამოცდო საკითხები ჩვენს შესაძლებლობებზეა გათვლილი და ისეთი სირთულის არ იქნება, რომ ვერ გავართვათ თავი“, – ამბობს სალომე აბულაძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება, გამოცდებისთვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

მოამზადა სულხან მესხიძემ

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური