GE

„მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება“ – პრემიერი მიზეზებზე საუბრობს

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს, ეს არის მთავარი ხაზი, რაც აქვს ამ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, უფრო სწორად გამტარებელი ამ ქვეყანაში იყო გიგი თევზაძე თავის პარტნიორებთან ერთად. საარჩევნოდ საზოგადოებას განათლების ფუნდამენტურ რეფორმას შევთავაზებთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 მაისს, გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ „საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკამ და იდეოლოგიამ სამწუხაროდ, დიდწილად შედეგი მართლაც გამოიღო“.

„შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას ეს ადამიანები – გიგი თევზაძე, გვარამია, შაშკინი და სხვები, ვინც იდგნენ განათლების პროცესების უკან. შეგნებულად ანგრევდნენ, ეს მათი დავალება იყო. ანუ ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზი, რომ უნდა მოშალო განათლების სისტემა და სამწუხაროდ, მათი საქმიანობის ეს შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი წაკითხულის გააზრებაში საქართველოს შედეგებსაც შეეხო და განათლების სისტემის მოშლა წინა ხელისუფლებასთან ერთად, 90-იანი წლების პერიოდს დაუკავშირა.

„კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ PISA-ს ტესტის შედეგით 81 ქვეყანაში გავედით 63-ე ადგილზე წაკითხულის გააზრებაში. რა თქმა უნდა, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეს იყო სწორედ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი – მთავარი არის რა, რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მისცე, ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, რეალურად ეს ხდებოდა, ეს იყო გიგი თევზაძის და მისი მეგობრების იდეოლოგია და თან ღირებულებებს აცლი.

„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი ჩვენი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია“

კითხვაზე, რატომ ვერ გამოსწორდა სისტემური ხარვეზები განათლებაში ახალი ხელისუფლების პირობებში, რისთვისაც მათ 12 წელი ჰქონდათ, ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანს ასეთი პასუხი გასცა:

„ერთი, რაც უნდა ვაღიაროთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც, სამწუხაროდ, საკმარისი ვერ გაკეთდა… უნდა ვაღიაროთ, რომ ეს დრო [12 წელი] სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული, თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს პოლიტიკურად საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ესეც გარე დავალება იყო, იყო სწორედ განათლების სისტემა. ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხითაც და ა.შ. საბოლოო ჯამში, რაღაც მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის მარტივად გადალაგება არ იყო შესაძლებელი“.

ასევე იხილეთ:

„განათლებაში სარისკო გლობალური ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა“ – ზგემის საბოლოო ვარიანტი შედგენილია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური