GE

„თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, ამის გამო კი მთლიანად სისტემა მოშლილია.

როგორც მან 22 მაისს, გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ განათლების სისტემა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკურად საკუთარ თავზე მოირგეს.

„კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს მათ უმაღლესი განათლების სისტემაში. მაგალითად, იგივე რომ ავიღოთ წამყვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია – შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს, თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის ჩაკეტილი წრე, ამის გამო სისტემა არის მთლიანად მოშლილი. ამის გამო, არც სახელმძღვანელოები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება ვითარდება და არც არაფერი, არის მძიმე, ჩაკეტილი წრე ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება“ – პრემიერი მიზეზებზე საუბრობს

კითხვას, „რას უპირებთ ამას“, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ იქნება თვისებრივი გარდაქმნა და საზოგადოებას შესთავაზებენ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც „ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე“.

„ჩვენ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც ჩვენ შედეგად მივიღებთ არა რაღაც განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, არამედ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა. სოციალური ინტერესებიც აქვთ სტუდენტებს, გარდა განათლების მიღებისა, მათ შორის სპორტი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა გვექნება, სწავლების ხარისხი იქნება თვისებრივად განსხვავებული და სწავლების შინაარსი, გვექნება სახელმძღვანელოები უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში და ა.შ.

„განახლებული სახელმძღვანელოები, კურიკულუმები და ა.შ. თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე ადამიანებისთვის და ღირებულებები. იურიდიულ ფაკულტეტებზე რომ ვისაუბროთ – თუ სწორად დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია საქართველოში შექმნა ისეთი რესურსი, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე საქართველოში სტუდენტი მიიღებს ზუსტად ევროპულისა და ამერიკულის იდენტურ განათლებას, არც მეტი, არც ნაკლები, უმაღლესი დონის განათლებას. ამის რესურსი ქვეყანაში არის, მთავარია, სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს. მათ შორის ღირებულებებსაც ეხება ეს ყველაფერი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ:

„მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება“ – პრემიერი მიზეზებზე საუბრობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური