GE

მთავრობა: 1-ელი ივლისიდან 233 000-მდე ბავშვისთვის გაიზრდება ბენეფიტის ოდენობა 200 ლარამდე

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს, 19 ივნისს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 10 საკითხი განიხილეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1 ივლისიდან გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე.

“აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა”, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, დღემდე არსებული ჩანაწერის თანახმად, კანონი ადგენდა შემდეგს: “ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 150 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური