„NAEC-მა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო“ – ვადებზე მინისტრის მოადგილე საუბრობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გელა გელაძის ინფორმაციით, 2027 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებმა ინფრასტრუქტურულ, საგამოცდო და სასკოლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
მისი განმარტებით, სამინისტრომ და გამოცდების ცენტრმა ეს პროცესი უკვე დაიწყეს და სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო მუშაობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ უმაღლეს სასწავლებლებში მიღება. აქ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სკოლებისა და უნივერსიტეტების როლის გაზრდას. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს და 2027 წლიდან უკვე ახალი მოდელით დავიწყებთ”, – განაცხადა გელა გელაძემ 8 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში.
დეპუტატის კითხვას, ხომ არ აქვს სამინისტროს ხედვა რა ტიპის ცვლილება უნდა მოხდეს, ან როგორი იქნება ჩაბარების ბარიერი, მინისტრის მოადგილემ ასეთი პასუხი გასცა: “რა თქმა უნდა, მოდელზე ვფიქრობთ. სამუშაო ჯგუფებია და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი, უბრალოდ, ახლა ამაზე საუბარი, თუ რა მოდელით შეიძლება 2027 წლიდან განხორციელდეს, არარეალისტური, არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან. როგორცკი შედეგამდე გავალთ, გვექნება პრეზენტაცია თქვენი, პარლამენტის ჩართულობით და შემდგომ უკვე საზოგადოებასაც გავაცნობთ ამ საკითხს”.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ამჟამად არსებული მოდელის ცვლილების საკითხი არაერთი მინისტრის საქმიანობის დროს დადგა დღის წესრიგში, მაგრამ ძირეული ცვლილება არ განხორციელებულა.
ასევე იხილეთ:
55-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2023 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება