GE

ნაეკი: 2018 წლის აბიტურიენტების ბიოლოგიის ტესტის 26-ე დავალება უზუსტობას შეიცავს!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის აბიტურიენტების ბიოლოგიის ტესტში არსებული უზუსტობის შესახებ განმარტებას აკეთებს.

“ბიოლოგიის ტესტის 26-ე დავალება შეიცავს უზუსტობას, შესაბამისად, აღნიშნულ დავალებაში ბიოლოგიის გამოცდის მონაწილე ყველა აბიტურიენტი მიიღებს 1 ქულას”, – აღნიშნულია “ნაეკის” განცხადებაში.

ბიოლოგიის არჩევითი საგნის ტესტურ დავალებაში შეცდომის არსებობის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კითხვით აბიტურიენტებმაც მიმართეს.

“ბიოლოგიის ერთ-ერთ კითხვასთან მინდა გავაკეთო განცხადება. ”რომელი ჰორმონი ‘სინთეზდება’ ჰიპოფიზში? 1-ოქსიტოცინი 2-სომატოტროპინი 3-პროგესტერონი. მოგეხსენებათ რომ ოქსიტოცინი სინთეზდება ჰიპოთალამუსში და შემდეგ ის გროვდება ჰიპოფიზის უკანა ნაწილში და აქ გამოიყოფა.

კითხვაში რომ ყოფილიყო რომელი გამოიყოფა ჰიპოფიზიდანო(ან სად ინახებაო) მაშინ ამას ჩავთვლიდით, მაგრამ სინთეზით ნამდვილად ჰიპოთალამუსში სინთეზდება, რაც გარკვევით წერია სკოლის გრიფირებულ მე-10 კლასის ზაალიშვილში. სომატოტროპინი ნამდვილად ჰიპოფიზში სინთეზდება და ეს ინფორმაციაც წერია მე-10 კლასის ზაალიშვილში. პროგესტერონს რაც შეეხება, ის პლაცენტაში, თირკმელზედა ჯირკვალსა და ყვითელ სხეულში სინთეზდება ამიტომ ეს პასუხიც არ არის სწორი. ამ კითხვაზე სწორი პასუხია მხოლოდ სომატოტროპინი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი პასუხი სავარაუდოებში არ იყო. ფაქტია, რომ მცდარი პასუხებიდან უნდა აგვერჩია ყველაზე ნაკლებად მცდარი პასუხი, რამაც გამოიწვია აბიტურიენტების უკმაყოფილობა ამ კითხვასთან დაკავშირებით. როგორც თქვენ ამბობთ ეროვნულები ეყრდნობა გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, ხოდა ამ გრიფირებული სახელმძღვანელოებით თქვენი კითხვა არასწორია. თქვენი შეცდომის გამო ყველა აბიტურიენტს ამ კითხვაზე პასუხი სწორად უნდა ჩაუთვალოთ. (თუ მეტყვით ოქსიტოცინი ჰიპოფიზში სინთეზდებაო მაშინ გრიფირებული სახელმძღვანელო დამისახელეთ სადაც ეს წერია)”,, – მიმართავს გამოცდების ცენტრს ჩვენთან გამოგზავნილ წერილში ერთ–ერთი აბიტურიენტი.

იხილეთ ამონარიდი სახელმძღვანელოდან:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური