ნათია ფანჯიკიძე EEU-ში: „მთავარი ამოსავალი წერტილია, ერთმანეთი გავხადოთ ბედნიერი“
„პროფესიის არჩევისას ძალიან მარტივი გზაა, შენს შვილს დააკვირდე“
„იცით, ჩემი პროფესია კრძალავს რჩევის მიცემას პირად საკითხებში, რადგან არასოდეს უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ შენ ამ ქვეყნად რაიმე სწორად გაიგე,“ – ასე დაიწყო ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ თავისი პასუხი, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი დაინტერესდა, თუ რა რჩევას მისცემდა იგი ადამიანებს.
ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრის, “კამარა“ დამფუძნებელი და ბლოგერი ნათია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) 14 ივნისს სტუმრობდა. შეხვედრამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და კომუნიკაცია კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საუბრის თემა იყო აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის ერთ–ერთი არსებითი საკითხი:
რა ფსიქოლოგიური ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?
„ძალიან მარტივი გზაა, შენს შვილს დააკვირდე, მარტო უყვარს თამაში თუ გუნდური თამაში ურჩევნია? ენერგიას აძლევენ თუ ართმევენ ადამიანები? აქედან გამომდინარე ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი. თუ ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობისას ხდება გამოცოცხლებული და ენერგიული, ის,რა თქმა უნდა, არ შეიძლება მუშაობდეს პატარა ოფისში, რომელშიც მის მეტი არავინ ზის. იმ ბავშვებს კი, რომლებსაც უყვართ რაღაცის გამოგონება, ფიქრი და თავისთვის ყოფნა, რა თქმა უნდა, ისეთი პროფესია უნდა ჰქონდეთ, სამუშაოდ მშვიდ, მყუდრო გარემოს რომ მოითხოვს.
არის კიდევ ერთი ფაქტორი, მიდრეკილებებს უნდა ამჩნევდეს მშობელი შვილს და რამდენიმე ალტერნატივაც შეიძლება შესთავაზოს. მაგალითად, ჩემს ქალიშვილს, როდესაც გაზარმაცდა, გარდატეხის ასაკში, როცა ყოველთვის ზარმაცდებიან, ვუთხარი: მეგონა, ბევრ პრეტენზიას განაცხადებდი, მაგრამ რადგან ასე არაა, აღარ ვდარდობ! ვიცი, რომ გაქვს კარგი ხელები. შენი „ჭკვიანი“ ხელებით გახდები ვიზაჟისტი. ჩემზე კარგი ხელფასი გექნება და ჩემგან განსხვავებით, სულ ბედნიერ ქალებს ნახავ, რომლებიც მიდიან ქორწილებში, ლამაზ ადგილებში. მერე ისევ გაიღვიძა მასში ამბიციამ და დაიწყო სწავლა. რომც არ დაეწყო, მე ამისგან არ შევქმნიდი ტრაგედიას! ვიცოდი, ის იმდენად გონიერია, მშიერი არ მოკვდება, რომ მას აქვს დამატებითი იარაღი – თავისი „ჭკვიანი“ ხელები.
არიან აუტისტური ხასიათის ბავშვები, რომლებიც ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ. აუტისტური ხასიათის და არა – სპექტრის. შემძვრალები არიან კომპიუტერში და ძალიან ბედნიერად თავს სწორედ ამ ვირტუალურ სამყაროში გრძნობენ. თამაშობენ, თამაშობენ და თამაშობენ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ურჩიო დედას, რადგან მეტი ინტერესი არ აქვს, იქნებ ეს უქციოს პროფესიად, ანუ ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. თუ ცხოველები უყვარს, გახდეს ვეტერინარი. რა პრობლემაა! ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს მშობლისგან სიმპათიით მიღებული. პროფესიის არჩევა არ უნდა იყოს მშობლის ოცნების შვილისათვის თავს მოხვევა. იმიტომ, რომ სწორედ ამის შედეგად ვხვდებით თავის საქმეში უბედურ ადამიანებს. გამოდის, რომ შენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ხარ მოწყენილი და თავს გრძნობ ძალადობის მსხვერპლად იმიტომ, რომ იმ საქმეს აკეთებ, რომელიც არ გიყვარს. საქმესაც ვერ აკეთებ კარგად, რადგან არ გიყვარს და თან არ ხარ ბედნიერი. ეს საუკეთესო მიზეზია იმისათვის, რომ შეცვალო შენი ცხოვრება და ის საქმე აკეთო, რომელიც გიყვარს და გახარებს“,- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.
ფსიქოლოგმა ასევე დაამატა, რომ არის ისეთი მომენტებიც, როცა ბავშვებს ბევრ პროფესიაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ. აქ საუბარში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ჩაერთო და თავისი შემთხვევა მოიყვანა მაგალითად.
სტუდენტმა განაცხადა, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ისე მოხვდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ისწავლიდა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილია, რომ მოეწონა ეს პროფესია. სტუდენტმა საქართველოში არსებულ უპერსპექტივო გარემოზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბევრია ისეთი პროფესია, რომლის მიღება და შემდეგ ამ პროფესიით დასაქმება ჩვენთან შეუძლებელია.
დღეს გვაქვს ბევრი საშუალება, სტუდენტმა გაჭრას ეს უპერსპექტივო გარემო. ისწავლოს საზღვარგარეთ, დაბრუნდეს და თვითონ გახადოს ეს გარემო პერსპექტიული. რა თქმა უნდა, ვისურვებდი უფრო მეტს, არ იქნებოდა ურიგო, განათლების სამინისტროს ჰქონდეს სტრატეგია, ქვეყანაში რამდენი კადრი რა მიმართულებითაა საჭირო და ამის მიხედვით იყოს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში დაფინანსება. ეს არის უპირველესად შესაქმნელი. ძალიან კარგია ბიზნესი, მაგრამ პროფესიულ სასწავლებლებში სულ უფრო და უფრო ნაკლები სტუდენტი სწავლობს უპერსპექტივობის გამო. მთავარი ამ სტრატეგიის შემუშავებაა: უნდა ვიცოდეთ, ამ ქვეყანას რამდენი კბილის ექიმი სჭირდება, რამდენი ფიზიკოსი და რამდენი გეოგრაფი“, – აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.
ფსიქოლოგს სტუდენტმა პიროვნების ჩამოყალიბების შესახებაც ჰკითხა, თუ როგორ მოქმედებს გარე სამყარო ისეთ ადამიანზე, რომელიც კარგ ოჯახშია დაბადებული.
„ადამიანის პირველი მიკროსამყარო გახლავთ მისი ოჯახი. აქედან გამომდინარე, პირველი უსაფრთხოების სისტემაც. ბავშვი რამდენად ნაფერებია, სამყაროს მიმართ რამდენად არის ნდობით გამსჭვალული, ეს ოჯახზეა დამოკიდებული, შემდეგ კი უკვე სწორედ ნდობაზეა დამყარებული მთელი ადამიანური ურთიერთობები.
ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები – სოსოია, ზურიკელა ობლები არიან, მაგრამ რამხელა სითბო და სიყვარულია მათში. ასევე ტომ სოიერი, ჰეკლბერი ფინი – ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე იზრდებიან, მაგრამ როგორი სიცოცხლით და სიყვარულით დამუხტული ადამიანები არიან?!
ნოდარ დუმბაძეს შეუძლია, გასწავლოს, სამყაროდან როგორ შეარჩიო, დასაყრდენად აქციო სითბო და პოზიტიური მომენტები. როგორ შეიძლება ადამიანს გაუჩინო პოზიტიური საყრდენი ცხოვრებაში სამოგზაუროდ? ეს ხდება ოჯახში. მერე, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორები, სოციუმი ძალიან დიდ როლს თამაშობენ. მხოლოდ ოჯახი ვეღარაფერს წყვეტს, როდესაც ადამიანი ზრდასრულია. თუმცა, თუ მშობელმა სწორი ფუნდამენტი შექმნა, ახალგაზრდას მნიშვნელოვნად გაუადვილდება გარესამყაროში არსებული პრობლემების გადალახვა, თორემ სოციუმს უამრავი ადამიანი ჰყავს გადაყლაპული და გადაჩეხილი თუნდაც ნარკოტიკებში ან განადგურებული ძალადობისადა ომების შედეგად,“ – განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.
სტუდენტის კითხვაზე, რა იქნებოდა ის ერთადერთი რჩევა, რასაც ნათია ფანჯიკიძე მისცემდა ადამიანებს, ფსიქოლოგმა უპასუხა:
იცით, ჩემი პროფესია კრძალავს რჩევის მიცემას პირად საკითხებში, რადგან არასოდეს უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ამ ქვეყნად შენ რაიმე გაიგე სწორად. ამდენად, ვერავის ვერაფერს ვურჩევ იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი იქით მირჩევს ბევრ ისეთ რამეს, რაც მე ჯერ არ დამინახავს.
ის, რაც თქვენი თვალებით განიცდება, რაც თქვენ დაინახეთ, ეს იმდენად უნიკალურია, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს ურთიერთობაში ძალიან ბევრი რამ ვასწავლოთ, მაგრამ ის, რომ მე თქვენ რამე გირჩიოთ, მე ახლა ეს აღმოვაჩინე და თქვენ მომყევით თქო, აბსოლუტურად არასწორი მგონია.
ერთადერთი სურვილი, რასაც გამოვთქვამდა ჩემი პროფესიის არსიც ისაა, რომ ადამიანი იყოს ბევრად უფრო ბედნიერი, ვიდრე ის იყო გუშინ, როდესაც ჩემთან მოვიდა. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ერთმანეთი გავხადოთ ბედნიერი. ასევე ჩემი სურვილია, რომ ვიღაცის დამცირება არ იქცეს სასურველ მდგომარეობად იმიტომ, რომ ასეთ დროს იწყება დეპრესიები, ადამიანის სულში ხდება ძალიან ბევრი ‘’ჩანგრევა’’, ძალიან ბევრი რაღაცის დასამარება. უბრალოდ, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ უფრო მიმღებლები, ეს ჩემი დიდი სურვილია, თორემ ყველას თავისი გზა აქვს და მე რომ გირჩიოთ, მე სადაც კოხტად გავიარე, იქ შეიძლება თქვენ გადაიჩეხოთ და თქვენ სადაც მოხერხებულად ხართ, მე შეიძლება, საერთოდ ვერ გავიარო. ამდენად, საკუთარ გზას უყურეთ კარგად“, – უთხრა ფსიქოლოგმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
სტუდენტების თქმით, ნათია ფანჯიკიძესთან შეხვედრა ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება მათთვის და იმაშიც დარწმუნებულნი არიან, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მომავალშიც არ უღალატებს ტრადიციას და საინტერესო სტუმრებს არაერთხელ მოიწვევს.
-
ორმაგი დიპლომი და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების რეალური შანსი – EEU-ში ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღება იწყება
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
-
EEU-ის რექტორი და სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქციაში ჩაერთნენ
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
-
გიორგი კეკელიძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)