GE

ორმაგი დიპლომი და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების რეალური შანსი – EEU-ში ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღება იწყება

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) თანამედროვე საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება განათლების მეცნიერებების, ბიზნესისა და ინჟინერიის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, მოგცემთ შესაძლებლობას მიიღოთ ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებთ.

ფრესენიუსის უნივერსიტეტი 1848 წულს დაარსდა, ფილიალები გერმანიის სხვადასხვა 9 ქალაქში აქვს. ასევე, ამსტერდამში, ნიუ-იორკსა და სინგაპურში. ორმაგი ხარისხის დიპლომს კი გუანჯოუსა და თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან ერთად გასცემს.

გერმანიაში სწავლის შესაძლებლობა, ორმაგი დიპლომი, საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შანსი, მოთხოვნადი პროფესია, მზარდი ანაზღაურება, სეზონური სკოლები პროფესიული განვითარებისათვის, სემინარები და სპეციალური კურსები საუნივერსიტეტო დაფინანსებით – ეს არასრული ჩამონათვალია იმ სარგებლისა, რაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის მომავალ სტუდენტებს ელოდებათ.

ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა პირველი აკრედიტებული აკადემიური სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გერმანიის Fresenius-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა ციფრული მენეჯმენტის მოდელების, სტრატეგიებისა და სისტემების შესახებ და გამოუმუშაოს ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში კრეატიული მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

„პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მულტიდისციპლინარულ გარემოში, თანამედროვე ციფრული გამოწვევების იდენტიფიცირებას, კვლევისა და საკუთარი სწავლის პროცესების დამოუკიდებლად წარმართვას, ინოვაციური იდეების გენერირებას, ციფრული ბიზნეს მოდელის დაგეგმვას, განვითარებასა და განხორციელებას“, – აცხადებს პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი შალვა მაჭავარიანი.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა 120 ECTS კრედიტიანია და მისი სტანდარტული ხანგრძლივობა 2 წელს, ანუ 4 სემესტრს შეადგენს, საიდანაც ერთ სემესტრს სტუდენტები გერმანიაში, კიოლნში, Fresenius-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაივლიან.

პრაქტიკისა და თეორიის ერთიანობის პრინციპით შექმნილ თანამედროვე პროგრამას ქართველი და გერმანელი ლექტორები, ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები წარუძღვებიან. სტუდენტები მიიღებენ რეალურ ცოდნას როგორც ტრადიციული მენეჯმენტის მიდგომებზე, ისე ციფრული მენეჯმენტის ახალ მეთოდებზე, ორგანიზაციებში ციფრული ცვლილებების შესახებ. ექნებათ ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული გამოწვევებისა თუ შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი. სწავლის დასრულების შემდეგ კი შეეძლებათ როგორც ქართულ, ასევე გერმანულ (მათ შორის საქართველოში) კომპანიებში დასაქმება, საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ხელმძღვანელობა, საჯარო სექტორში მაღალი მენეჯერული პოზიციების დაკავება და ა.შ. გარდა ამისა, კურსდამთავრებულები შეძლებენ განახორციელონ კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა.

ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ვიცე-რექტორი შალვა მაჭავარიანი და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში დეტალურად პასუხობენ ყველა იმ კითხვას, რომელიც პროგრამის გარშემო არსებობს და იმ უპირატესობებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მას სხვა პროგრამებისგან გამოარჩევს.

„მოგეხსენებათ, მზარდი ციფრული ტრანსფორმაცია ცვლის როგორც პროდუქტისა და სერვისების ბუნებას, ისე მთელ ინდუსტრიებს. ადამიანებმა ამ სწრაფ ცვლილებებზე რეაგირება უნდა მოახდინონ და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები აქტიურად მართონ. კომპანიები უნდა გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და ისწავლონ რადიკალური ცვლილებების სათანადოდ გააზრება, რათა ახალ გამოწვევებთან ადაპტირება შეძლონ.

„შესაბამისად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია ისეთი კვალიფიკაციის მენეჯერების ჩამოყალიბებაზე, რომლებმაც მსგავსი სახის გამოწვევებს უნდა უპასუხონ. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ასეთი კვალიფიკაციის მენეჯერებზე მოთხოვნა დიდია როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში და შესაბამისად, დასაქმების შანსები მაქსიმალურად რეალურია“, – აცხადებს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ვასილ კიკუტაძე.

პროგრამის მიზანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, შალვა მაჭავარიანის თქმით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მოზადებაა, თანამედროვე გამოწვევების შესატყვისი ცოდნით, პრაქტიკული უნარებითა და შემოქმედებითობით. ის ამბობს, რომ პარტნიორ უნივერსიტეტს, გერმანიაში, ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ცნობილ ევროპულ კომპანიებთან და ჩასვლისთანავე, სტუდენტები, დაიწყებენ მათთან წინასადიპლომო პრაქტიკის გავლას.

„იქ, სამუშაოზე აყვანის დროს, გარდა ღრმა ცოდნისა, დიდ ყურადღებას აქცევენ შემოქმედებითობას, რადგან სწორედ შემოქმედი ადამიანი ქმნის ინოვაციას, რაც ნებისმიერი კომპანიის მაღალი კონკურენტუნარიანობის საწინდარია. ასე რომ, ეს კომპანიები დაინტერესებულები არიან ნიჭიერი სტუდენტების მოზიდვით და სამსახურში იღებენ იმათ, ვინც საუკეთესოდ გამოავლენს თავის ცოდნას, შემოქმედებითობასა და პრაქტიკულ უნარებს.
არეალი, სადაც ციფრული მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულებს დასაქმება შეუძლია, საკმაოდ ფართოა, ვინაიდან ესაა სპეციალობა, რომელიც თითქმის ყველა სფეროში თანაბრად საჭირო და გამოსაყენებელია. დასაქმების სფეროებია: ინვესტიციების მენეჯმენტი, ოპერაციების მართვა, რისკ მენეჯმენტი, სტრატეგიული განვითარება, ცვლილებათა მენეჯმენტი, მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტი, მარკეტინგი, კონსალტინგი და ა.შ.

„პანდემიის პერიოდმა გამოაჩინა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც კარგად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, გაცილებით წარმატებულები არიან. მათ აქვთ დისტანციურად სამუშაოს წარმართვის უნარი და ამ დროს არავითარი შეფერხება არ ექმნებათ. დღევანდელი ორგანიზაციების უმეტესობა თანდათანობით გადადის მუშაობის შერეულ რეჟიმზე, საამისოდ სჭირდებათ თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ დისტანციურად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. გვინდა თუ არა, დიგიტალიზაციის ეპოქა იწყება, რომელიც თავის მოთხოვნებს აყენებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, რაც უფრო ადრე ავუწყობთ ფეხს ცვილებებს, მით უფრო კარგ პოზიციაში ვიქნებით“, – აღნიშნავს პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი შალვა მაჭავარიანი.

ბიზნესის და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვასილ კიკუტაძე გვიხსნის, პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და შესაბამისი, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მოწვეული ლექტორები, რომელთაც აქვთ სამაგისტრო პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენციები, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება და ადამიანური რესურსის დიდი ნაწილი აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებთან როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიური კუთხით.

სამაგისტრო პროგრამებზე ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატები საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან. საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენაში და სპეციალობის გამოცდას. უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. სამაგისტრო პროგრამაზე სულ 20 ვაკანტური ადგილია.

საკონტაქტო:

თამთა ლეკიშვილი
ბიზნესის და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
+995 595 90 80 10
t.lekishvili@eeu.edu.ge

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური