GE

გიორგი კეკელიძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს

„წიგნი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, საუკეთესო მეგობარია. ჩვენ წიგნებს უნდა მივუდგეთ, როგორც კარგ საჭიროებას და თუ ჩვენ ისინი შეგვიყვარდება, ბუნებრივია, ეს სასიამოვნო იქნება“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ  კითხვას, თუ რას ნიშნავს წიგნი ადამიანისთვს. პოეტმა, ესეისტმა და პროზაიკოსმა საჯარო ლექცია ‘’წიგნიერების’’  შესახებ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში წაიკითხა.

15350735_1504610746219075_8797264807084927464_n„პირველ რიგში, წიგნი არის საჭიროება, რომელიც გულისხმობს ერთგვარად სხვა ადამიანის მიღებული გამოცდილების გათვალისწინებას საკუთარ ცხოვრებაში და ეს გამოცდილებები წიგნებში ყველაზე უკეთ არის მოცემული. ერთის მხრივ, არის პერსონაჟი, რომელიც ცალკეული ადამიანის გამოცდილებას გულისხმობს და მეორეს მხრივ, ამ პერსონაჟის ანალიზი, რომელიც ერთგვარად კიდევ მეორე ადამიანის და კარგი მჭვრეტელის, ანუ მწერლის ჩართულობასაც გულისხმობს“, – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

შეხვედრას სტუდენტებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, დავით ჩერქეზიშვილი და პრორექტორი რუსუდან ჩიქოვანი დაესწრნენ. “გურული დღიურების” და “თომას ზღაპრების” ავტორმა გიორგი კეკელიძემ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა. მან ასევე 2014 წლის ეროვნული ბესტსელერის მეორე ნაწილის – ‘’გურული დღიურები 2’’ და ‘’თომას ზღაპრებიც” მიმოიხილა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ახალი სასწავლო წლიდან, გიორგი კეკელიძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ერთ-ერთ საგანს წაიკითხავს, თუ რომელს ამაზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

15380560_1504611829552300_1211488963813009670_n„ეს იქნება ერთგვარი კომპილაციური ტიპის საგანი, რომელიც მოიცავს ანიმაციას, კინემატოგრაფს, მხატვრობას, ლიტერატურას, ოღონდ მიმართული იქნება არა კონკრეტული ტექსტებისადმი, არამედ ზოგადი იდეებისადმი: ადამიანი და ეჭვი, ადამიანი და სიყვარული, ადამიანი და სული და ა.შ. რეალურად, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტიც და გამოცდილებებზე დაფუძვნებული პროგრამა“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა სტუდენტების კითხვას, თუ რომელ ეპოქაში ისურვებდა ცხოვრებას, ასე უპასუხა:

„ჩემთვის უმჯობესია საინტერესო ეპოქა,  ბევრი სიახლით  და წინააღმდეგობით სავსე, ვიდრე ეპოქა, სადაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად, შეძლებისდაგვარად, დალაგებულია. მეცხრამეტე საუკუნის მიწურული და მეოცე საუკუნის დასაწყისი ის ეპოქაა, რომელიც გულისხმობს სერიოზულ გარდატეხას კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის პროგრესის და კულტურის ჭიდილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არეალი, ადამიანის კრიზისის და ამ კრიზისის გადაწყვეტის საინტერესო პერიოდი. ამიტომ მე ამ ეპოქას ვირჩევ“.

გიორგი კეკელიძემ ასევე ისაუბრა, თუ რომელმა პოეტებმა იქონია მასზე გავლენა:

„დიდი გავლენა იქონია ვაჟ-ფშაველამ და შოთა რუსთაველმა თავის დროზე. იმიტომ რომ ამ ტექსტებს ადრიდანვე ვკითხულობდი და როგორც ყველა ბავშვს, მიმბაძველობის სურვილი მეც მქონდა. ცხადია, ასე არ გამოვიდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს გავლენა გავლენად დარჩა და იმედი მაქვს, რომ ეს გავლენა პოზიტიურია“.

„გურული დღიურების“  ავტორს ამ წიგნის წარმატებაზეც დაუსვეს კითხვა, თუ რამ განაპირობა „გურული დღიურების“ ყველა წლის საუკეთესო ბესტსელერად ქცევა:

15338718_1504611159552367_6487491208239182826_n„ძალიან რთულია ამაზე ავტორის მხრიდან საუბარი. ალბათ, იმიტომ, რომ ეს არის დაბრუნება 90-იან წლებთან იმ ენით, რომელი ენაც მოენატრა მკითხველს და მეორეს მხრივ, ბუნებრივია, გურიის ფენომენი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამეც, ალბათ, წიგნის მკითხველამდე სწორად დაგეგმილმა მიწოდების ფორმამ“.

რაც შეეხება “თომას ზღაპრებს”, როგორც გიორგი კეკელიძემ აღნიშნა,  თავის დროზე ეს იყო შემოთავაზება  და ექსპერიმენტი „ჯეოსელის“ მხრიდან, რომელიც საახალწლო მისალოცებს ამზადებდა და უნდოდა, რომ ზღაპრის ფორმით ყოფილიყო.

„შარშან დეკემბერში დავწერე პატარა ზღაპარი, რომელიც არის სკანდინავიელ გმირზე, თომთეზე. ის ჩამოდის ახალი წლის მოსალოცად ქართველ გმირ თომასთან, ამის შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტთან შეთანხმებით მე გადავწყვიტე, ჩემი სურვილის შესაბამისად, გამეგრძელებინა ამაზე მუშაობა. ეს არის დიდი გამოწვევა. ძალიან რთული, მაგრამ ვნახოთ რა გამოვა.“

სტუდენტების კითხვაზე, რა არის მთავარი წარმატებისთვის, გიორგი კეკელიძემ უპასუხა, რომ მთავარია, სწავლა, შრომა, თავისუფლება და ცოტა გამართლება, რომ წარატებას მივაღწიოთ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.

„სტუდენტები არიან ძალიან მომზადებულები. მიხარია, რომ მათთან ურთიერთობა მექნება მომავალ წელს. არიან ინტერესიანები, რაც მთავარია და არ არიან გულგრილები იმისადმი, რასაც აკეთებენ.

ძალიან კარგია, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მხატვრული ლიტერატურით არიან დაინტერესებულები და მიხარია, რომ ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური