GE

ნინოწმინდის პანსიონის საქმეში შსს ჩაერთო

წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ უწყებამ ინფორმაცია 4 ივნისს გაავრცელა.

„საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი“- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების დაწყების პარალელურად, დაწესებულებაში 4 ივნისს, ასევე შევიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც პანსიონიდან 6 ბავშვი უკვე გაიყვანეს, 10-ის შესახებ კი, მსჯელობა მიმდინარეობს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ მედიასთან  განაცხადა, რომ დაწესებულებაში შესვლა რამდენიმე თვის მანძილზე სოციალურ მუშაკებსაც ჰქონდათ შეზღუდული და მიზეზად პანდემია სახელდებოდა.

„მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც“-ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პანსიონის აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის„ 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები – რა იმალება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და რა გზას აირჩევს სახელმწიფო?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური