„ნუცას სკოლა“ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა გაგვეზარდა – ატესტატის გაცემის პრინციპი უსამართლოა
„ატესტატის გაცემის პრინციპი, მარტივად რომ ვთქვათ, უსამართლოა,“ – ამბობს განათლების სფეროს სპეციალისტი, პროფესორი გიორგი გახელაძე და დასძენს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ფაქტიურად ნულოვანი შედეგის მომცემია, რადგან იგი ვერც მოსწავლის ცოდნას ზომავს და ვერც იმას, თუ რა აკეთა მან სკოლაში 12 წლის გნმავლობაში.
სპეციალისტს უამრავი შენიშვნა აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებითაც. მიიჩნევს, რომ მან თავისი როლი უკვე დიდი ხანია შეასრულა – კორუფცია აღმოფხვრა და ახალგაზრდებს თანაბარ პირობებებში ბრძოლის საშუალება მისცა. ახლა კი, მისი აზრით, ეს სისტემაც ისეთივე მანკიერი გახდა, როგორც მისი წინამორბედი იყო, რადგა ერთი სახის კორუფცია აღმოფხვრა, მაგრამ მეორე სახის ჩამოაყალიბა.
გიორგი გახელაძე: არსებული გამოსაშვები გამოცდები ზოგადი განათლების მიზნებს აცდენილია და ბავშვის განათლებას ვერც ზომავს. მისი მეშვეობით ვერ დაადგენთ რა და როგორ ისწავლა მოსწავლემ 12 წლის განმავლობაში.
ის, რომ იგი ერთადერთი პირობაა ბავშვმა 12 –წლიანი ცუდი თუ კარგი შრომის შედეგად ზოგადი განათლების ატესტატი მიიღოს და რომ ეს მხოლოდ კატის გამოცდაზეა დამოკიდებული, თავისთავად, კარგი არაა. შეიძლება გამოცდაზე ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენოთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ 12 წლის განმავლოაბში საგნის ცოდნაში წინ მივდიოდით. შეიძლება ეს ყველაფერი სულაც არა სკოლაში არამედ სხვა ადამიანთან – რეპეტიტორთან ვისწავლეთ. ამის საშუალებას ტექნიკურად კატის გამოცდა იძლევა.
ამავდროულად, შეიძლება სტრესის გამო ცუდი შედეგი ვაჩვენოთ, მაშინ როცა ბავშვი ბევრს შრომობდა, პროგრესირებდა და წინ მიდიოდა. ანუ, ამ თვალსაზრისით, გამოსაშვები გამოცდების სისტემა ზოგადი განათლების ამოცანებთან არაადეკვატურია. ატესტატის გაცემის პრინციპი, მარტივად რომ ვთქვათ, უსამართლოა.
–რის საფუძველზე უნდა მიიღოს მოსწავლემ ზოგადი განათლების ატესტატი?
გ.გ: პირველ რიგში სკოლის მიმდინარე, წლიური და საფეხურებრივი შეფასებების საფუძველზე. ჩვენი საზრუნავი კი ის უნდა იყოს, რომ თავად ეს შეფასების სისტემა რაც შეიძლება ობიექტური, სამართლიანი და ადეკვატური გავხადოთ. ეს სკოლების ხარისხის მართვის სისტემების გაუმჯობესებას უკავშირდება და არა ამა თუ იმ ტიპის გამოცდების ორგანიზებას.
ეს გამოცდა უმარტივესია. ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც ვიღაცა ასწავლის, რომ ტესტში სულ „ა“ პასუხები შემოხაზოს, ბარიერს გადალახავს. ამით ატესტატს მიიღებს ისე, რომ შეიძლება სკოლაში არც უვლია. რას გვიჩვენებს ეს? არც არაფერს!
–ანუ სკოლამ მხედველობაში უნდა მიიღოს 12 წლის განმავლობაში მოსწავლის მიერ დაგროვილი გამოცდილება, აქტივობები და ატესტატი ამის საფუძველზე გასცეს?
გ.გ: რა თქმა უნდა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 12 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ადამიანი 180 სასწავლო დღეს შრომობს და ჩვენ მერე გვინდა ეს სამ საათში გავზომოთ?
–მისაღები გამოცდები თუ ასრულებს მიზანს – შეამოწმოს აბიტურიენტის განათლების დონე და დაადგინოს უნდა ისწავლოს თუ არა მან უმაღლეს სასწავლეებლში?
–გ.გ: ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი, რაც ჩვენთან მოქმედებს, შეჯიბრებითია. ანუ, ე.წ. სასელექციო ტიპის გამოცდაა. იგი მხოლოდ ადგენს მოცემულ მომენტში ვინ ვის აჯობა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების ფუნქციას მეტ-ნაკლებად კი ასრულებს, მაგრამ წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ცუდად.
ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა თავისი ფუნქცია მალევე შეასრულა – 2007-2008 წლისათვის, როცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გაბატონებული კორუფცია აღმოფხვრა, რაც ხარისხის უმართავობით იყო განპირობებული. სკოლადამთავრებულ აბიტურიენტებს საშუალება მისცა ერთმანეთს ერთნაირ პირობებში გაჯიბრებოდნენ.
თუმცა, ამის შემდეგ ასეთი გამოცდების უსასრულოდ გაგრძელება აზრს კარგავს, რადგან იგი ცენტრალიზებულია. თანაც თანმხლები კორუფციული სისტემა განუვითარდა – რეპეტიტორების ინსტიტუტის სახით. 2009 წლისათვის მანამდე არსებული რეპეტიტორების ინსტიტუტის რესტრუქტურიზაცია მოხდა და ამ დროიდან მოყოლებული, ახალი ტიპის სარეპეტიტორო, კორუფციულად წახალისებული სისტემა გვაქვს. უშუალოდ უმაღლესებში ქრთამის გადახდის ნაცვლად ახლა გამოცდების წარმატებით ჩაბარება შეუძლია იმას, ვინც ცალკე ემზადება. ფასი კი ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ არის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამსწორებელ-შემფასებელთან მომზადება კიდევ უფრო ძვირია. ადამიანები უფრო მეტს იხდიან არა იმაში, რომ უბრალოდ მათემატიკის კარგ მასწავლბელთან მოემზადონ, არამედ იმაში, რომ მაინცადამაინც ისეთთან მოემზადონ, რომელიც საგამოცდო ნამუშევრების გამსწორებელი, ან მეთვალყურეა. ესეც კორუფციაა.
გარდა ამისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწსებულებაში მოხვედრისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული განათლების საჭიროება სულ უფრო და უფრო მცირე ხდება. ამიტომაც არის, რომ საშუალო საფეხურზე ჩვენთან სკოლაში სიარულს თავს არიდებენ და უბრალოდ მხოლოდ ფორმალურად ირიცხებიან, რათა ატესტატი მიიღონ. რეალურად კი პარალელურ საგანმანათლებლო სივრცეებში დადიან.
თანასწორობის იდეაც გამქრალია, რადგან ჩაბარების მეტი შანსი აქვს იმას, ვინც მეტ თანხას ხარჯავს. ამ თვალსაზრისით სამართლიანობა აბიტურიენტებს შორის აღარაა. ეს თემა სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსთანაა მიბმული. ეს ბევრმა კვლევამ აჩვენა.
–ანუ, ერთიანი ეროვნული გამოცდები კარგ სტუდენტებს ვეღარ გვარჩევინებს?
–გ.გ: დიახ. როგორც უკვე გითხარით, უმღლესების ხარისხის მართვის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პოლიტიზირებულმა სისტემამ იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ ბაკალავრიატში მისაღებ ადგილთა რაოდენობა კურსდამთავრებულთა რაოდენობას ლამის გაუტოლდა. ეს ნამდვილად არაა ადეკვატური. მარტივად რომ ვთქვათ, „ნუცას სკოლა“ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა გაგვეზარდა. სხვათაშორის, არა კერძო სექტორის ხარჯზე, სახელმწიფო სასწავლებლებშიც იგივე ხდება.
ასე რომ, ეს გამოცდა შეჯიბრებითობას კი ადგენს, მაგრამ არც იმას უწყობს ხელს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო აბიტურიენტები აღმოჩნდნენ და არც იმას, რომ საუკეთესო აბიტურიენტების გამოვლენა სამართლიან და თანასწორ პირობებში მოხდეს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გაჭიანურებულმა მოქმედებამ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა და ხარისხის მართვის შინაგანი ძალა დააკნინა. თავად სახელმწიფო მმართველობა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში დამოკიდებული გახდა ამ ინსტრუმენტზე და არა ხარისხის მართვაზე. გარდა ამისა, სახელმწიფოსაც და ადამიანებსაც, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება უნდათ, მეტს ახარჯვინებს. სინამდვილეში კი ის შემოღებული იყო, როგორც მხოლოდ გარდამავალი ინსტრუმენტი. ასე რომ, არც ერთი კრიტერიუმით აღარ ვარგა.
–მიუხედავად ამდენი ნაკლისა, არც განათლების სამინისტროში და არც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უახლოეს მომავალში გამოცდების ფორმატის ცვლილებას არ გეგმავენ. როგორ ფიქრობთ, რატომ? რატომ არ ცდილობს სახელმწიფო ისინი უფრო სრულყოფილი გახადოს?
–გ.გ: სახელმწიფო თავისი ბუნებით საკუთარი ძალაუფლების გაზრდისაკენ ორიენტირებულია. ამიტომ იგი არასოდეს ეცდება ამა თუ იმ დარგში, მათ შორის განათლებაში, მართვის ცენტრალიზებული ბერკეტები ხელიდან გაუშვას. ასეთ ამბავს ძალიან შემართული და ძლიერი ხედვის მქონე რეფორმატორები სჭირდება. სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ გამოცდაზე მიბმული ატესტატი და დაფინანსების პოლიტიკა, ბერკეტია და ის, როგორც მმართველი, არასოდეს ეცდება საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ან თავად საგანამნათლებლო დაწესებულებებს ეს ბერკეტები და უფლებამოსილება გადასცეს.
გარდა ამისა, ჩვენთან განათლების სისტემის სახელმწიფო უწყებებში, სამწუხაროდ, გონიერი და განათლების გულშემატკივარი ხალხი ნაკლებადაა. განათლების, თორემ მმართველობის გულშემატკივრები არიან.
–ანუ, ამ ინტერესებს თაობების განათლება ეწირება?
–გ.გ: მე თუ მკითხავთ, ეწირება. თუმცა, საზოგადოებაში დაბნეული განწყობებია. ნებისმიერ განათლებასთან მიმართებაში მათ აქვთ განწყობა, რომ ეს ფუჭად დაკარგული დროა, თუმცა, მისი მიღების სურვილი მაინც არის. სახელმწიფოსთან მიმართებაში კი კრიტიკული დამოკიდებულება ნაკლებადაა. ეს უკვე სხვა ჭირია -ჩვენ საზოგადოებაში დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი ცხოვრებისადმი მზადყოფნის ნაკლებობაა. ეს პოსტსაბჭოთა პარაზიტული საზოგადოების გადმონაშთია. გვირჩევნია სხვამ გადაწყვიტოს და მერე ამით კმაყოფილები, ან უკმაყოფილონი ვიყოთ. ეს უკავშირდება დაწესებულებების ავტონომიურობას, მართვას, შენახვას და ა.შ. სახელმწიფო და ჩინოვნიკებიც ამ ინერციით მიდიან. დღესაც ჰგონიათ, რომ მათი ვალი და პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი სიკეთეები სრულად კონტროლია.
რომელიმე ჩინოვნიკს რომ შესთავაზოთ უნივერსიტეტებს კრიტერიუმების დადგენის ფუნქცია გადასცენ, გიპასუხებენ, რომ ისევ კორუფცია აყვავდება და რომ უმაღლესები ამისათვის მზად არ არიან. რეალურად კი, თუკი მათ საშუალება არ მიეცი თავად განვითარდნენ და ერთმანეთს განვითარებასა და ხარისხიან მომსახურებაში გაეჯიბრონ, საზოგადობას კი – თავად დაადგინოს სად უფრო სამართლიანი და სწორი მიღებაა, მანამდე სახელმწიფოს ყოველთვის ეგონება, რომ ეს პასუხისმგებლობა მან უნდა იკისროს.
ამავე თემაზე:
“რაში გვჭირდება 12 ცენტრალიზებული გამოცდა?!- საზოგადოება ამ კითხვას მალე დასვამს”
თაკო არის© მათეშვილს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება