„ონლაინ სწავლის ან მუშაობის დროს კონცენტრირება ხდება მხოლოდ ეკრანზე, რაც იწვევს ხერხემლის გადატვირთვას“
კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლა მოუხდა, მათ შორის მოსწავლეებსაც, რომლებიც სასკოლო გაკვეთილებს სახლის პირობებში ესწრებიან.
სპეციალისტების დიდი ნაწილი საუბრობს, რომ ონლაინ სწავლება განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახება და ამ შედეგებს რამდენიმე წელიწადში უფრო ნათლად ვიხილავთ. განათლების გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჯანმრთელობის პრობლემა, რომელსაც ადამიანებს და მათ შორის ბავშვებს ცხოვრების პასიურ რეჟიმში გადასვლა უქმნით.
ეკრანდამოკიდებულების ზრდა, როგორც მოზარდებში, ასევე პედაგოგებში, როგორც მხედველობის, ასევე ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემებს წარმოქმნის წინაპირობაა. სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ონლაინ სწავლის ან მუშაობის დროს მაქსიმალურად იფიქრონ ხერხემლის მდგომარეობაზე.
ნეიროქირურგი გოჩა ჩუტკერაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ონლაინ სწავლების პერიოდში მშობელი შეამჩნევს, რომ მოზარდს ძვალსახსროვანი სისტემის გარკვეული ცვლილებები აქვს, აუცილებელია რეაბიტოლოგს მიმართოს და შესაბამისი კვლევები ჩატარდეს, რომ შემდეგი გართულებები არ განვითარდეს.
„ხერხემალი არის მალებისგან შექმნილ მყარი ბერკეტი, რომელიც მრავალი სახსრისგან შედგება და მისი საშუალებით ხდება მოძრაობა, დგება მომენტი, როდესაც კუნთოვანი და მყესოვანი სისტემა ძალიან დასუსტებულია, ჩვენი თავის ყველაზე დიდი მტერი ჩვენ ვართ, როდესაც არ ვვარჯიშობთ, ან იმაზე მეტ დატვირთვას ვაძლევთ ხერხემალს, ვიდრე ჩვენ ეს შეგვიძლია. მეორე უკიდურესობაა, როდესაც საერთოდ არაფერს ვაკეთებთ, ვდუნდებით. როდესაც ვართ ეკრანზე დამოკიდებული, მთლიანად უგულვებელვყოფთ ჩვენი ხერხემლის პოზას, კონცენტრირება ხდება მხოლოდ ეკრანზე და ხდება ხერხემლის გადატვირთვა, რაც შეიძლება გახდეს თიაქრის გამომწვევი მიზეზი. როდესაც არასწორ პოზაში ვამყოფებთ ხერხემალს იოგები განიცდიან დიდ გადატვირთვას“, – ამბობს ნეიროქირურგი.
აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, სპეციალისტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კომპიუტერის ეკრანთან ბავშვის ჯდომის სტილს ეხება. როდესაც მოზარდი უყურებს ეკრანს, ეკრანის ზედა კიდე უნდა იყოს თვალის ხაზიდან ოდნავ დაბლა. რაც შეეხება ვარჯიშს, რეკომენდირებულია, რომ ყოველი ონლაინ გაკვეთილის შემდეგ ბავშვი წამოდგეს და გარკვეული ვარჯიშები გააკეთოს.
როგორ გავხადოთ სხეული უფრო მოქნილი – ვარჯიში დამწყებთათვის (ვიდეო)
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს