GE

ორი მადლობა და ძველი (ახალი) განათლების მინისტრის სამომავლო გეგმები

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ჯერ როგორც მინისტრი, შემდეგ კი როგორც პრემიერის მრჩეველი, ჩართული იყო განათლების კომპლექსური რეფორმის დაგეგმვის მიმდინარეობის პროცესში, ამიტომ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, თუმცა უფრო „სწრაფი და ეფექტური ტემპებით“.

მომავალ გეგმებზე საუბარი მინისტრმა მადლობით დაიწყო, მან პრემიერს და გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხელ ჩხენკელის კიდევ ერთი მადლობა „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, რაც მან განათლების მინისტრისგან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაღებული ქველმოქმედების გამო დაიმსახურა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციის, უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლების ანაზღაურების ზრდის საკითხებს.

„განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ყურადღება მიექცევა ყველა მიმართულებას, განსაკუთრებულად გამოვყოფდი პედაგოგების და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების ზრდის საკითხს, რომელიც გაგრძელდება. აქვე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს უნივერსიტეტების პროფესორების და მეცნიერების, ასევე პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ანაზღაურების ზრდა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ასევე თქვა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სკოლების ავტონომიის ზრდის საკითხს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. მან ასევე ისაუბრა პროფესიულ განათლებაზე და დასაქმების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მიმართულების პოპულარიზაციისთვის ახალი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში მაგალითად ორ პროექტი დაასახელა.

„მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო ორი მეგაპროექტი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ფაქტია, რომ გაისად, 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება. ასევე, მეორე მეგაპროეტი ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტში. ადრონული თერაპიის ცენტრში იქნება სიმსივნის მკურნალობა და ასევე ძალიან სერიოზული კვლევითი პროცესი მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. ეს უზარმაზარი პროექტებია და ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედება ამ საშვილიშვილო პროექტებში. ეს გახლავთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან კულტურის კომპონენტის გამოყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იდეას მხარს უჭერს.

„ამაზე გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს. შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გეცნობებათ. რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ეს სფეროები ერთმანეთთან, მაგრამ გამოყოფის შემდეგაც, მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო კულტურის მიმართულებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან, ანუ, მასობრივი სპორტი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის, ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული მნიშვნელობა საუნივერსიტეტო სპორტის. შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ძალიან მნიშველოვანია და აქ არის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა სისტემებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პრემიერმა გახარიამ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღეს წარუდგინა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური