პარლამენტი განათლების ერთიან კოდექსზე მუშაობის დაწყებას გეგმავს – „განათლების სსიპ-ების საქმიანობა არაერთგვაროვანია და კანონით მოსაწესრიგებელი“
პარლამენტი განათლების ერთიან კოდექსზე მუშაობის დაწყებას გეგმავს, რომელმაც სკოლამდელი, პროფესიული, ზოგადი თუ უმაღლესი განათლების აქამდე არსებული კანონები ერთად უნდა მოაქციოს, რაც უწყებათაშორის არათანმიმდევრულობას და გადაფარვებს მოშლის, – ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ განათლების და მეცნიერებისა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.
ამილახვარმა პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებისა და მიღების საჭიროების კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც, მისი ინფორმაციით, ექსპერტებმა შეისწავლეს 7 კანონი, რომელიც მთლიანობაში მოიცავს განათლების და მეცნიერების რეგულირებას. ამილახვარი ამ კვლევების საფუძველზე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, არსებული კანონები, რომელიც მრავლად გვაქვს და სულაც არ არის ცუდი კანონები, განათლების ერთიან კოდექსში იქნება თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვანია.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კვლევისას შესწავლილ იქნა ის ძირითადი კანონები, რომლითაც რეგულირდება განათლების სფერო.
“იყო აღნიშნულ კანონებში არათანმიმდევრულობის და ფრაგმენტულობის დადგენა და გამოვლინდა დუბლირება გადაფარვები. ჩვენ ამოცანად დავისახეთ, რომ კვლევის მონაწილეეებს კარგად შეესწავლათ შვიდივე კანონი და დაედოთ რეკომენდაციები და დასკვნები, რამდენად შესაძლებელია, რომ ყველა ეს კანონი გაერთიანებულიყო სისტემურად, ერთ კოდექსში. კანონების სტრუქტურაში ექსპერტებმა არათანმიმდევრულობა და გადაფარვების საკითხი შეისწავლეს, სადაც დადგინდა, რომ სტრუქტურის ზოგიერთი ელემენტი არ გვხვდება ყველა კანონში, ანუ არის რაღაც ელემენტები, რომელიც ერთ კანონში არის და მეორეში არ არის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძირითადი პრობლემა ამ კანონების არის, რომ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპოქაში არის მიღებული. ერთი არის 90-იან წლებში მიღებული, შემდგომ – 2000-იან წლებში. პროფესიული განათლების შესახებ კანონი სულ რაღაც 3 წლის წინ მივიღეთ. შესაბამისად, ტერმინები, სტრუქტურა, შინაარსი, მათი აცდენა ერთმანეთთან საკმაოდ მრავლად გვხვდება.
მეორე, რაც დაადგინეს, ეს არის სტრუქტურის რიგითობა განსხვავებულია, არ არის ერთნაირი ყველა ამ კანონში. სტრუქტურის ელემენტები სხვადასხვა კანონში განსხვავებული მოცულობით და შინაარსით არის წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, გვხვდება ასევე ტერმინოლოგიაში არათანმიმდევრულობა. სხვადასხვა კანონში იდენტური ტერმინები განსხვავებულად განიმარტება, რაც პრობლემას წარმოადგენს. ზოგ კანონში ტერმინები საერთოდ არ არის განმარტებული.
„დღეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სსიპ-ები იგულისხმება, საქმიანობის საკანონმდებლო მოწესრიგების ტენდენციები არაერთგვაროვანია. სხვადასხვა კანონებში, მაგალითად, სკოლამდელის, პროფესიულის, ზოგადის თუ უმაღლესში, თავისი შესაბამისი მარეგულირებელი სსიპ-ების უფლებამოსილებები არის გაწერილი, რომელიც სტრუქტურულად და შინაარსობრივად აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად არის ჩამოყალიბებული ყველა სხვა კანონში და ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი და პრობლემა, რომელიც გამოვლინდა, ეს არის განათლების საფეხურებსა და სფეროებს შორის ბმების სისუსტე. ანუ, მთლიან ჭრილში, როგორც ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ განათლების ყველა საფეხური, ეს სისუსტე არ არის მაინცდამაინც კანონმდებლის მიერ კარგად გააზრებული. არ არის გააზრებული ამ კანონების ურთიერთკავშირი და ბმა ერთმანეთთან, რომელიც, საბოლოო ჯამში, ერთიან ჯაჭვს მოგვცემდა“, – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებისა და მიღების საჭიროების კვლევის პრეზენტაცია გამართულია. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ახალ კოდექსზე მუშაობა, რომელზე დისკუსიაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უნდა გაიხსნას.
როგორც დღევანდელ სხდომაზე ითქვა, სამი წელი ამ კოდექსის შექმნისთვის საკმარისზე მეტი დროა და მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდში მოესწრება.
სხდომის დასასრულს, გიორგი ამილახვარის მიერ წარმოდგენილ წინადადებას კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება