GE

პარლამენტმა მესამე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 28 ივნისს, 78 ხმით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, მოიპოვოს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება.

დღესვე, პარლამენტმა მესამე მოსმენით და ასევე 78 ხმით მიიღო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებაც.

პროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი განათლება, ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ეს ცვლილება არ ეხება ორმაგ მოქალაქეებს.

ცვლილებით, შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სახელმწიფო სასწავლო გრანტზე მაღალი საფასური, ნაცვლად 2022- 2023 სასწავლოო წლისა, გადავადდა 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით. ასევე, 2023 – 2024 სასწავლო წლის ჩათვლით არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესაძლებლობა გაგრძელდება 2030 – 2031 სასწავლო წლის ჩათვლით.

ცვლილებების ინიციატორი ორივე შემთხვევაში საქართველოს მთავარობაა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური