„პედაგოგები და ექიმები არიან სწორედ ის ჯგუფი, რომლებიც პირველები იქნებიან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინა ხაზზე“
ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პირველ ეტაპზე მედიკოსები და მასწავლებლები უნდა ჩაერთონ. ამის შესახებ მან სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ, ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეხვდა.
შეკითხვაზე რამდენად უსაფრთხო იქნება ადამიანებისთვის მოკლე დროში, ექსტრემალურ პირობებში შექმნილი ვაქცინა, პროფესორმა უპასუხა, რომ ის ზოგადად ვაქცინის შექმნის პროცესის შესახებ ბევრ დეტალს იცნობს და ვაქცინაციის წინააღმდეგი ვერ იქნება.
„პედაგოგები არიან სწორედ ის ჯგუფი, ასევე ექიმები, რომლებიც პირველები იქნებიან წინა ხაზზე, როდესაც ვაქცინაცია დაიწყება. თქვენ იქნებით პირველები, ვინც უნდა გაიაროს ეს პროცესი, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ყველაზე მოწინავე ხაზზე მყოფები, ექიმებთან ერთად. სწორი, უსაფრთხო ვაქცინა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაქვს გამოცდილება ვაქცინების დამტკიცების სფეროში, ეს იყო მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც ახალი პნევმოკოკური ვაქცინა დამტკიცდა, მე ვიყავი ტექნიკური ბორდის წევრი. 8 ადამიანი ვართ მსოფლიოში, რომლებმაც მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ვაქცინის გაშვებაზე. ამ ბორდის მაგალითზე ჩამოყალიბდა კოვაქსი (რომელმაც კოვიდის ვაქცინა შექმნა). ზუსტად იგივე პროცესია, გავლილი მაქვს ის საფეხურები, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, როდესაც ახალი ვაქცინა მტკიცდება, ანუ ყველა დეტალი, ამიტომ მე ვერ ვიქნები ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანი“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მსოფლიო კოვიდპანდემის შესაჩერებლად მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება. გამოკვეთილია რამდენიმე ვაქცინა, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის ზუსტად რომელ მათგანს შემოიტანენ საქართველოში და მოსახლეობის რა ჯგუფი იქნება ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან მიწვეულები. ვაქცინის შემოტანის საკითხებზე სწორედ ეს კომისია იმუშავებს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება