GE

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: თემას გამოცდილება გვკარნახობს

ნინო კაპანაძე

სქემის მიხედვით, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლისთვის,  თუ მას  შემდგომ საფეხურზე გადასვლა სურს. ამ აქტივობამ ხელი უნდა შეუწყოს მკვლევრის პროფესიულ განვითარებას, სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებას.

სარეკომენდაციო თემათა ჩამოთვლა მართებული არ იქნება, რადგან მკვლევარ პედაგოგს პირადმა გამოცდილებამ, სასკოლო სიტუაციამ უნდა მოახაზვინოს ის თემატური ჩარჩო, რომელიც ღირს კვლევად და თან საკუთარ თავშიც და გარემოშიც ეგულება რესურსი ამ საქმის წამოწყებისა და განხორციელებისთვის. ეს არ უნდა იყოს კვლევა კვლევისთვის, რადგან მისმა შედეგებმა სარგებელი უნდა მოუტანოს მკვლევარს, კოლეგებს, სკოლას და რაც მთავარია, მოსწავლეს.

ნებისმიერი პრაქტიკული კვლევისათვის, რომელსაც  პედაგოგიური კვლევებიც მიეკუთვნება, ყველაფერი  პრობლემის შერჩევით იწყება. როგორც სოციოლოგები ამბობენ, კვლევა არ უნდა იქცეს ,,ღია კარის მტვრევად“. ანუ საკვლევი საკითხი უნდა იყოს აქტუალური სასკოლო თემში.

ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, მივმართოთ მაგალითს: ანა მეხუთე კლასის დამრიგებელია, უფრო ზუსტად, მისი 22 მოსწავლე უკვე მეექვსე კლასელია.

სასწავლო წელი დასრულდა და ანა კლასის პორტფოლიოს აწესრიგებს, მოსწავლეთა დახასიათებებს წერს. მთელი წელი,  ჩანაწერებს აკეთებდა, არაფორმალური დაკვირვებით ინიშნავდა ყველაფერს მოსწავლეებზე, საკუთარ სადამრიგებლო პრაქტიკაზე. ახლა ჩანაწერებმა ბევრი რამ გაახსენა, დადებითიც, პრობლემურიც.  კარგა ხანია ფიქრობს, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისათვის რომელი თემა შეარჩიოს.  სადამრიგებლო წელიწადის გახსენება-გააზრებისას მიხვდა, კვლევის ელემენტები ისედაც აქვს გამოყენებული, განზრახულობის გარეშე. მაგრამ ეს მხოლოდ ელემენტებია და არა კვლევა.

ჩანაწერებიდან ასეთი სურათი იკვეთება:

მეხუთე კლასის დამრიგებლობა განსაკუთრებულად რთულია. ეს სკოლაში ახალი საფეხურია, ოფიციალურად დაწყებითს ეკუთვნის, მაგრამ პირველკლასელის მსგავსად, მეხუთეკლასელს ახალ სასკოლო გარემოებებთან უწევს შეგუება. ოთხი წლის მანძილზე შეჩვეულ პედაგოგს უცნობი მასწავლებლები ენაცვლებიან. იცვლება გარემოც, სხვადასხვა გაკვეთილი სხვადასხვა ოთახში ტარდება, მასწავლებლებიც განსხვავებულ ქცევას ითხოვენ,  შეფასების სისტემებიც განსხვავებული აქვთ… თუ დაწყებითის მასწავლებელმა თითოეული ბავშვის ხასიათი და მიდრეკილებები იცის და შესატყვის მეთოდებს იყენებს, ასეთი ინფორმაცია უცნობია ახალი პედაგოგებისთვის. მეხუთე კლასელებს ხშირად აკადემიური შედეგები უუარესდებათ. ისინი იბნევიან ახალი, გაზრდილი და უცხო ამოცანების წინაშე.  ანას მეხუთე კლასთან მანამდე არ უმუშავია, ბავშვების დაბნეულობა თითქოს მასზეც გადმოვიდა, კოლეგებს მიმართა. დაამშვიდეს, ასე ხდება, მიეჩვევიანო. რით უნდა დახმარებოდა მოსწავლეებს, არავინ უთხრა. ანამ დაიწყო ამ თემაზე წიგნების, წერილების ძებნა. სადამრიგებლო გზამკვლევში  ბევრ საინტერესო რამეს გაეცნო, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.  ფსიქოლოგების რჩევები წაიკითხა. ზოგი რამ ენიშნა, ზოგიც საეჭვოდ მოეჩვენა, ბოლოს, წაკითხულისა და გააზრებულის საფუძველზე, შეიმუშავა გეგმა, როგორ დახმარებოდა მოსწავლეებს. რაღაცამ კარგად იმუშავა, რაღაცამ – არა…

  • სასწავლო წლის დასაწყისში ყოველდღიურად ხვდებოდა კლასს. კედელზე პედაგოგის სახელისა და გვარის გვერდით დიდი ასოებით დაწერილი საგნების ჩამონათვალი გააკრა. გამორჩეული ფერით დაწერა საგნები, რომელზეც საგნობრივ კაბინეტებში მოუწევდათ გასვლა, იქვე მიანიშნა კაბინეტის მდებარეობა.
  • მოსწავლეებთან ერთად დაამზადა ხელნაკეთი ,,ბეიჯები“, რომელზეც მათი სახელები და გვარები დაწერეს. სთხოვა ეტარებინათ ისინი, სანამ პედაგოგები მათ საბოლოოდ გაიცნობდნენ. ბავშვები ამან გაახალისა, დაძაბულობა შეანელა.
  • გულდასმით გაეცნო მოსწავლეთა დახასიათებებს და ზოგიერთი საკითხის დასაზუსტებლად შეხვდა დაწყებითის პედაგოგს, რომელმაც ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა თითოეულ მოსწავლეზე, მათი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ.
  • შეხვდა კოლეგებს, ანუ საგნის მასწავლებლებს და მათაც სთხოვა გაეთვალისწინებინათ მეხუთეკლასელთა სიტუაცია. დამატებით გააცნო კლასის და ცალკეული მოსწავლეების მახასიათებლები, ინტერესები, ინტელექტის თავისებურებები. კოლეგების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, ნაწილმა გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისთვის, ზოგიერთმა ამ შეკრებას უმიზნო უწოდა.
  • მოიწვია მშობელთა კრება და მშობლებს მეხუთე კლასის პრობლემებზე ესაუბრა. სთხოვა (როგორც ერთ პუბლიკაციაში წაიკითხა), წარმოედგინათ, რომ სამსახურში უცებ ერთი უფროსის ნაცვლად შვიდი ახალი უფროსი ჰყავთ, შვიდივე განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, ჩაცმაზე, ქცევაზე, საქმის შესრულებაზე, ანგარიშგებაზე. ყოველ საათში შემდეგ სხვა უფროსთან უწევთ შეხვედრა. დაიბნევიან და გაუჭირდებათ, თუ არა? ანალოგიური განცდები აქვთ ახლა მათ შვილებს და დახმარება სჭირდებათ. მშობლები უნდა დაინტერესდნენ მათი ემოციებით, შთაბეჭდილებებით. ესაუბრონ შვილებს,  გამოკითხონ, ვინ არიან მათი მასწავლებლები, რა ჰქვიათ მათ, სად უტარდებათ ესა თუ ის გაკვეთილი, რას ითხოვს მათემატიკის მასწავლებელი და რით განსხვავდება ქართულის ან ისტორიის მასწავლებლის მოთხოვნები. ეს კითხვები დაეხმარება მათ, მოახდინონ ახალი სიტუაციის დალაგება-სტრუქტურირება, უკეთ გაიაზრონ და დაიმახსოვრონ სიახლეები. სასურველია, შვილებს მოუყვნენ საკუთარ გამოცდილებაზე სკოლაში, მეხუთე კლასში და დაამშვიდონ, რომ ყველაფერი მალე დალაგდება.

მიუხედავად ანას  დიდი იმედისა, ამ კრებამ მხოლოდ ორი-სამი  მშობლის ჩართულობა გააქტიურა.

საუკეთესო მოკავშირეები თავად მეხუთეკლასელები აღმოჩნდნენ. თანამშრომლობა მათთვის ურთიერთობის სასურველი ფორმა გამოდგა. თუ რაიმეს ვერ გაიგებდნენ, მაშინვე დამრიგებელს სთხოვდნენ დახმარებას. ამიტომ ანამ მათ კითხვა-პასუხის დრო დაუწესა. ამან კარგად იმუშავა: მოსწავლეები ეკითხებოდნენ გაუგებარი სიტყვების, ტერმინების, ასევე შეფასების შესახებ. შემდეგ ანა უსვამდა მათ შეკითხვებს და ისინიც გულწრფელად პასუხობდნენ. ანაც ინიშნავდა ამ ყველაფერს და უხსნიდა, უზუსტებდა.

აქვე დადებითმა მომენტმა იჩინა თავი: მეხუთეკლასელები ძალიან სოლიდარულები აღმოჩნდნენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ კაბინეტების მიგნებაში, ახალი პედაგოგის სახელის, ახალი წესების გახსენებაში.

პრობლემა, რომელიც სკოლის ამ საფეხურზე იჩენს თავს, მოსწავლის აკადემიური ,,სტატუსის“ ცვლილებაა. მოსწავლეს ობიექტურადაც უჭირს ახალი საგნების, მეთოდების, მუშაობის განსხვავებული სტილის მორგება, თანაბრად ვერ ძლევს მასალას, შესაბამისად, იღებს დაბალ განმსაზღვრელ შეფასებას, რაც მანამდე უცხო იყო მისთვის. ეს ქმნის თვითშეფასების დაწევისა და მოტივაციის შესუსტება-დაკარგვის რისკს.

ასეთია ანას ჩანაწერები. სრული კვლევა თუ არა, მისი ელემენტები ნამდვილად სახეზეა. ახლა მას სურს ზაფხულის პერიოდი სრული კვლევის დასაგეგმად და მოსამზადებლად გამოიყენოს,  სექტემბრიდან კი მის განხორციელებას შეუდგეს.

,,მეხუთე კლასი – ახალი ქვესაფეხურის გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“ – ასე ფიქრობს კვლევის დასათაურებას.

პირველი, რაზეც  დაფიქრება მოუწევს, ის გახლავთ, სწორად ირჩევს თუ არა თემას ? არის თუ არა ის აქტუალური?

დაგვეთანხმებით, თემა ნამდვილად აქტუალურია. იგივე პრობლემა ყველა სკოლის ყველა მეხუთე კლასის წინაშე ყოველ წელს დადგება, ყველა დამრიგებელი დაიწყებს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას. მაშასადამე, თემა აქტუალურია და საინტერესო იქნება. შედეგებიც და  რეკომენდაციებიც დააინტერესებთ კოლეგებს.

თემა მნიშვნელოვანია აღმზრდელობითი პროცესისა და სასწავლო პროცესის მიმართულებით. ახალ პირობებთან დროული და ეფექტური ადაპტაცია მეხუთეკლასელებს ხელს შეუწყობს უკეთესი აკადემიური შედეგების მიღწევაში.

ანას აქვს კვლევის ჰიპოთეზა, რომ  მეხუთე კლასის პრობლემების დაძლევა ეფექტურად მაშინ მოხერხდება, თუ მასწავლებლები და მშობლები ითანამშრომლებენ და ხელს შეუწყობენ მოსწავლეს ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში.

პედაგოგის პრაქტიკის კვლევის მიზანი მეხუთე კლასის კონკრეტული საჭიროებების გამოკვეთა და დამრიგებლებისთვის მათზე მორგებული აქტივობების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებაა.

შეუძლია თუ არა ანას, დაძლიოს კვლევის პროცესი და ვინ ეგულება მხარდამჭერად?

ანას, პრაქტიკულად, მცირე კვლევა უკვე ჩატარებული აქვს, შეიძლება მას აკლია ორგანიზებულობა, რომელიმე კომპონენტი, მაგრამ ხელთ ნამდვილად აქვს ღირებული მასალა, რომლის გათვალისწინებითაც შეუძლია,  ჩაუღრმავდეს საკითხს და კვლევის არეალი გააფართოვოს.

ანა უთანხმდება კოლეგებს ითანამშრომლონ მასთან ამ კვლევაში. თანხმობას იღებს ორი პედაგოგისგან, რომელთაც მომავალ წელს მოუწევთ მეხუთე კლასების დამრიგებლობა. ისინი მზად არიან ჩაერთონ ექსპერიმენტში და გაიმეორონ ანას აქტივობები. მაგრამ არსებობს რისკფაქტორიც. საჭიროა მშობლების ჩართულობაც. წინასწარ ძნელია ამ პირობის მიღება.

კვლევის მომზადებას დრო სჭირდება და ზაფხული ამის საშუალებას აძლევს.

ანას მოუწევს დაფიქრება, საკუთარი შესაძლებლობების აწონ-დაწონვა, შეძლებს თუ არა ბოლომდე მიიყვანოს კვლევა. შეიძლება პირველ ეტაპზე უფრო გაამარტივოს კვლევის პროგრამა და ექსპერიმენტს თავი აარიდოს და მხოლოდ გამოკითხვებითა და საკუთარი პრაქტიკით დაკმაყოფილდეს. ეს საკითხი დაფიქრებას ითხოვს.

საჭიროა, წინასწარ განსაზღვროს კვლევის მეთოდი ან მეთოდები და ფორმები. ამ შემთხვევაში,  კვლევის ორივე მეთოდის (რაოდენობრივისა და თვისობრივის) გამოყენება გაამართლებს. კერძოდ, ანა შეადგენს კითხვარს მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის. გამოიკითხებიან მეექვსე- და მეხუთეკლასელები. კითხვარს შეავსებენ მშობლები და  მასწავლებელი. ჩაღრმავებული ინტერვიუ გაკეთდება  რამდენიმე მშობელთან და მასწავლებელთან. კვლევის დაწყებამდე უნდა მოხდეს კითხვარების შედგენა და პილოტირება. კითხვარებით გამოიკვეთება პრობლემები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მათი გადაწყვეტის გზები. შემდეგ მოხდება მონაცემთა შეკრება-დამუშავება. მთელი კვლევის მანძილზე საჭირო იქნება ჩანაწერების გაკეთება. ბოლოს, დგება მონაცემთა ანალიზის პერიოდი, რომელის დროსაც ჩამოყალიბდება ზოგადი დასკვნები და რეკომენდაციები.

საბოლოოდ ანა კვლევის ანგარიშს წარუდგენს კოლეგებს  პრეზენტაციის სახით, ან გააფართოებს აუდიტორიას და კვლევის შედეგების გამოყენებით მოამზადებს და გამოაქვეყნებს  სტატიას.

ასეთი კვლევა ნამდვილად მიაღწევს დასახულ მიზანს: მკვლევრის პროფესიულ განვითარებას, მეხუთეკლასელთა საჭიროებებზე ორიენტირებული რეალისტური რეკომენდაციების შემუშავებას და მათი  ინტერვენციის შემთხვევაში, სწავლა-სწავლების ხარისხის ხელშეწყობას.

ანუ ვასკვნით, რომ ანამ მართებული არჩევანი გააკეთა – თემა აქტუალურია. ვასკვნით იმასაც, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  არ წარმოადგენს სირთულეს, პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ამ აქტივობას აქამდეც ახორციელებდა. სქემის კრიტერიუმების გასათვალისწინებლად, საჭიროა, ერთხელ კიდევ გადავხედოთ გზამკვლევის მეორე ნაწილს, სწორად დაგეგმოთ და განვახორციელოთ კვლევა და მოვამზადოთ მისი ანგარიში.

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური