პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?
გარე დაკვირვება პედაგოგთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გარე დაკვირვებას, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს 5 კრედიტი ენიჭება. ეს ხუთი კრედიტი, დანარჩენ 14 კრედიტთან ერთად, ,,უფროსი მასწავლებლის” საფეხურზე მყოფ პედაგოგს კატეგორიის შენარჩუნებაში დაეხმარება.
მოქმედი მასწავლებლების განაწილება სქემაში აგვისტო-სექტემბერში განხორციელდება. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, როგორი იქნება გარე დაკვირვება პრაქტიკაში? რა ევალებათ პედაგოგებს, რაზე მუშაობს ამ ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და რას დაპირდა მაია მიმინოშვილის უწყება იმ პედაგოგებს, რომლებმაც საცდელი ვიდეო გაკვეთილები უკვე ჩაწერეს.
რატომ ვიდეოგაკვეთილი?
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გარე დაკვირვებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებდა, ნაეკის ხელმძღვანელობამ დაკვირვების ორი მოდელი განიხილა – დამკვირვებელი და ვიდეო გაკვეთილი. არჩევანი ვიდეოგაკვეთილზე შეჩერდა.
,,მარტივი ფსიქოლოგიაა, როდესაც ადამიანს აკვირდებიან, ის ქცევას ცვლის. ჩვენ შევჩერდით ვიდეოგაკვეთილებზე, გაკვეთილის ჩაწერის მოდელზე, ანუ დამკვირვებელი აღარ მივა სკოლაში გაკვეთილის სანახავად. მასწავლებლები თავად ჩაწერენ საკუთარ გაკვეთილებს და პირდაპირ გამოგვიგზავნიან. დამკვირვებლის მიერ მასალის შეფასებას გარკვეული დისკომფორიტი ახლავს. პედაგოგს აღარ ექნება განცდა, რომ მის გაკვეთილზე უცხო პირი ზის, ამოწმებს და ჩანაწერებს აკეთებს. ვიდეოგაკვეთილს პედაგოგი თვითონ წერს. თვითონ წყვეტს როდის, რომელ გაკვეთილზე გააკეთოს ჩანაწერი. მერე ჩანაწერს ნახულობს, შეუძლია, სხვა პედაგოგსაც აჩვენოს და მხოლოდ მას შემდეგ გადმოგვიგზავნოს, რაც მიიღებს გადაწყვეტილებას კარგია თუ არა მისი ვიდეო. პედაგოგს შეუძლია, ვიდეოგაკვეთილი ყოველდღე ჩაწეროს, სანამ არ მიეჩვევა კამერას და ტექნიკას არ გაუშინაურდება. ამიტომაც, დაძაბულობის მომენტი მოეხსნება,”- ამბობს მაია მიმინოშვილი. მ
ისივე თქმით, გარე დაკვირვების მიზანი არ არის იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის მასწავლებელი ყველა გაკვეთილს კარგად ატარებს. გარე დაკვირვებით ნაეკი ეცდება დაამტკიცოს – შეუძლია თუ არა პედაგოგს კარგი გაკვეთილის ჩატარება.
ვიდეოგაკვეთილების ტექნიკური მხარე
როგორც ნაეკში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხიმგებელია, რომ ყველა სკოლაში მოაწყოს ერთი აუდიტორია მაინც, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით – მინიმუმ ორი კამერითა და შესაბამისი მიკროფინებით. რაც შეეხება ასატვირთ სივრცეს, სადაც პედაგოგებმა თავიანთი ვიდეოგაკვეთილები უნდა გააგზავნონ ჯერ შექმნილი არ არის. თუმცა, როგორც ექსეპრტები ამბობენ, ეს უნდა იყო ,,YOUTUBE”-ის მსგავსი სივრცე, სადაც პედაგოგს შეეძლება თავად ატვირთოს ვიდეო. მსგავსი ვებ-სივრცე ,,ამაზონს” აქვს და მილიონ დოლარზე მეტი ღირს. მიმინოშვილს თქმით, გარე დაკვირვების პროცედურა საკამოდ დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ მან აუცილებლად უნდა გაამართლოს.
რით მოწმდებიან მასწავლებლები -რა არის რუბრიკა
გარე დაკვირვება საქართველოში ჯერ აპრობირებული მეთოდი არ არის. ამიტომაც, ნაეკს საქართველოსთვის ერთგვარი „ახალი ველოსიპედის” გამოგონება დასჭირდა. უნდა განისაზღვროს, რის საფუძველზე მოხდება იმის მტკიცება, კარგია თუ არა ესა თუ ის ვიდეოგაკვეთილი?! ნაეკი ამ ეტაპზე ვიდეოგაკვეთილის შეფასების სქემაზე – რუბრიკაზე მუშაობს. პირველ წელს თავად რუბრიკამაც უნდა გაიაროს პილოტირების რეჟიმი. დამუშავების პირველ ეტაპზე რუბრიკა ასკითხვიანი იყო და მასში გაწერილი იყო ის პრინციპები, რასაც კარგი გაკვეთილის ჩამტარებელი მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კითხვარის დახვეწა. როგორც ნაეკში აცხადებენ, რუბრიკა არ ცდება მასწავლებელთა პროფესიულ სტანარტებს.
ვინ ეხმარება ნაეკს რუბრიკის შედგენაში
,,ჩვენც უნდა გვესწავლა რუბრიკის შემუშავება. დავიწყეთ არსებული ვიდეოგაკვეთილების შესწავლა, თუმცა, ამერიკაში ჩატარებული გაკვეთილი ქართველი პედაგოგის შესამოწმებლად არ გამოგვადგებოდა. ამიტომაც, ვთხოვეთ მოხალისე პედაგოგებს, რომ გაკვეთილები ჩაეწერათ და მოეწოდებინათ ჩვენთვის. მათი ვიდეომასალა ანონიმურია. ჩვენი ჯგუფი ამ მასალებს ნახულობს და რუბრიკის დახვეწა მიმდინარეობს. თავიდან ვფიქრობდიით, რომ მოახლისე პედაგოგები არ გამოჩდნებოდნენ, თუმცა შევცდით, უამრავი ვიდეოგაკვეთილი დაგვიგროვდა. ახლა პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ყველა მათგანს უკუკავშირს დავპირდით და ყველას უნდა დავუბრუნოთ პასუხი – რა მოგვეწონა და რა არის შესაცვლელი მათ გაკვეთილში“,- აცხადებს მაია მიმინოშვილი.
რა ფასდება ვიდეოგაკვეთილით
გარე დაკვირვების დროს, გაკვეთილის შინაარსობრივ მხარეზე არ კეთდება აქცენტი. შინაარსობრივი მხარის შემოწმება შიდა შეფასების პრეროგატივაა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ირინა ჟვანია აცხადებს, ამ ეტაპზე რუბრიკის ერთი მოდელი არსებობს, რომელიც 4 დომენს ემყარება.
„დაგეგმვა, სასწავლო გარემო, სწავლება და პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან დაკვირვებადია სასწავლო გარემო და სწავლების მნიშვნელობა. ეს ორი სფერო, თავის მხრივ, ჩაშლილი იქნება კომპონენტებად. ფიზიკურ გარემოზე პედაგოგი პასუხიმგებლობას ვერ აიღებს, ვერც სასწავლო რესურსებზეც იქნება პასუხიმგებელი. თუმცა, შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ადეკვატურად იყენებს იმ რესურსებს, რომელიც მის ხელთ არის. გავითვალისწინებთ რამდენად სწორად იყენებენ სტრატეგიებს. შეფასება 4 დონიანია – ამ დონეების გავლის შემდეგ გვეცოდინება, რა დონეზეა პედაგოგი. პირველი დონის პედაგოგი კრედიტს ვერ აიღებს. მეორე, მესამე და მეოთხე დონის შემთხვევაში კრედიტი მიენიჭებათ, თუმცა კრედიტები არ ჩაიშლება იმის მიხედვით, მეოთხე დონე დაიკავა მასწავლებელმა, თუ მეორე. ანუ პედაგოგი გარე დაკვირვების შედეგად იღებს ნოლ კრედიტს, ან ხუთს,”-აცხადებს ირინა ჟვანია.
დამატებითი დოკუმენტები
ვიდეოგაკვეთილებთან ერთად პედაგოგებს ნაეკისთვის კიდევ ორი დოკუმენტის გაგზავნა მოუწევთ – გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის დოკუმენტის. თუმცა ეს ორი დოკუმენტი ცალკე არ ფასდება და ქულა სამივე მასალის ერთობლიობით გამოითვლება.
ვინ და როგორ უნდა შეაფასოს ვიდეოგაკვეთილი
ვიდეოგაკვეთილებს პირველ ეტაპზე საგნის სპეციალისტები – სერტიფიცირებული პედაგოგები და განათლების საკითხების ექსპერტები შეაფასებენ. იგეგმება ინტენსიური ტერნინგკურსის ჩატარებაც, რომელიც შემფასებლებისთვის რუბრიკის გაცნობას და რეკომენდაციების მიცემას ემსახურება. თითო ვიდეოგაკვეთილს ორი პირი შეამოწმებს, განსხვავებული შეფასების შემთხვევაში კი პროცესში მესამე შემმოწმებელიც ჩაერთვება.
აპელაციის პროცესი
ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არჩევანი ვიდეოგაკვეთილზე შეჩერდა და არა დამკვირვებელზე, სწორედ აპელაციის პროცესს უკავშირდება.
,,რომ არა ვიდეოგაკვეთილი – გვექნებოდა მხოლოდ დოკუმენტი, რომელიც შევსებული იქნებოდა დამკვირვებლის მიერ. ეს პედაგოგს აპელაციის შესაძლებლობას ართმევდა. ახლა, პედაგოგს ხელში აქვს ვიდეო. თუ მას შეფასება არ მოეწონა, შეუძლია, რომ გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოში. სასამართლო, თავის მხრივ, დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს,”- განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე.
რჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან
კიდევ ერთი დეტალი – თუ პედაგოგმა პირველივე ვიდეოგაკვეთილის გაგზავნის შემდეგ ხუთი კრედიტი ვერ მოიპოვა, სპეციალისტები ურჩევენ მათ, ახალი ვიდეოგაკვეთილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მეორე დღესვე არ გადაუგზავნონ. გარე დაკვირვების გასავლელად ვიდეომასალის ნაეკისთვის გაცნობის შესაძლებლობა მასწავლებლებს წელიწაში ორჯერ ექნებათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)
ეკა არის© წივწივაძე
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება