„პირველ კითხვაში მოკლედ დაასახელეთ ილუსტრაციის მთავარი სათქმელი“ – სპეციალისტის დახმარება მათთვის, ვინც სამოქალაქო განათლების გამოცდას წერს
“სამოქალაქო განათლება წელს 2 600-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს არჩეული. ბევრი აბიტურიენტი მეოთხე, დამატებით საგნად აბარებს. სხვა საგნებისგან განსხვავებით, სამოქალაქო განათლების საგამოცდო ტესტს აქვს გარკვეული სპეციფიკა და თუ მაღალი ქულის მიღება გსურთ, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოთ”, – უხსნის EDU.ARIS.GE-ს სამოქალაქო განათლების ტრენერი და მენტორი მასწავლებელი, მერი ბეჟუაშვილი და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 23 ივლისს ამ საგანში აბარებენ გამოცდას, გასათვალისწინებელ გაფრთხილებებს აძლევს.
შეგახსენებთ, რომ წელს სამოქალაქო განათლების საგნის ტესტში ცვლილებები არ შესულა, გამოცდა ერთ (შუადღის) სესიად, 23 ივლისს ტარდება.
სპეციალისტი მოგვითხრობს, რომ სხვა საგამოცდო ტესტებისგან განსხვავებით, სამოქალაქო განათლების ტესტი განსაკუთრებულად ამოწმებს იმას, თუ რა თეორიული ცოდნა აქვს გამოსაცდელს და, შესაბამისად, ტესტში მოცემული დავალებები აბიტურიენტისგან, არა პირადი გამოცდილებების, არამედ კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების გახსენებასა და ანალიზს ითხოვს. ჩვენი რესპონდენტი აბიტურიენტებს გაფრთხილებებს იმ მაღალქულიან დავალებებზე აძლევს, რომელთა სწორად შესრულებაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გაფრთხილება წაკითხული ტექსტის რედაქტირების დავალებისთვის:
1. ტექსტის რედაქტირების დროს, პასუხების ფურცელზე უნდა გადაიტანოთ მხოლოდ ნაპოვნი შეცდომა მის გასწორებულ ვარიანტთან ერთად და არა მთელი წინადადება. შეცდომათა არასწორი თანმიმდევრობა გავლენას არ მოახდენს შეფასებაზე;
2. არ შეგეშინდეთ ტექსტის და შეხვდით იმ განწყობით, რომ მასში შეცდომების პოვნა არ ითხოვს იმაზე მეტს, რაც თქვენს შესაძლებლობებს სცილდება. ამიტომ, ისარგებლეთ საკუთარი ცოდნის მაქსიმუმით და ენდეთ თქვენს ლოგიკას.
რჩევები სასკოლო პროექტის დავალების სწორად შესრულებისთვის:
1. სასკოლო პროექტის მონახაზის შედგენის დროს, შეეცადეთ ამოცანებისა და განხორციელების გზების სწორ ფორმულირებას. მაგალითად, ერიდეთ ასეთ წინადადებებს – დავრგავთ ან დავრგოთ ხეები, ჩავატარებთ ან ჩავატაროთ ტრენინგი. წერეთ ასე: ხეების დარგვა, ტრენინგის ჩატარება, ფილმის ჩვენება, ნახატების, კომიქსების ან პოსტერების შექმნა და ა.შ;
2. კარგად წაიკითხეთ პროექტის აღწერა და დასახული მიზანი, რომელიც დაგეხმარებათ იმ 2 კონკრეტული მიმართულების დაწერაში, რომელიც ამოცანაა. ამოცანები მიზნის მიღწევის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. ფაქტობრივად, მიზანი უნდა დაიშალოს ორ ნაწილად, განხორციელებული აქტივობები, კი უნდა ემსახურებოდეს ამოცანის შესრულებას;
3. წარმოიდგინეთ თავი ამ პროექტის საინიციატივო ჯგუფში და ეს უფრო გაგიმარტივებთ მსჯელობას.
გაფრთხილებები არგუმენტირებული მსჯელობის დავალებისთვის:
1. ამ დავალების შესრულებისას წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ თავს ედებატებით, რადგან აქ არ გყავთ მეორე მხარე, ამიტომ ხართ როგორც მომხრის, ისე მოწინააღმდეგის როლში და მოგიწევთ ისეთი არგუმენტის მოყვანა, რომელსაც ზოგჯერ შინაგანად არ ეთანხმებით;
2. გაითვალისწინეთ, თითოეული არგუმენტი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი აზრის მატარებელი. მაგალითად, მსჯელობა უნდა მოიცავდეს მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გარკვეული პოზიციის დასაბუთებაა შესაძლებელი;
3. ეცადეთ, არგუმენტების შინაარსი არ იყოს ერთნაირი აზრის მატარებელი და მოკლებული არგუმენტაციის უნარს. არგუმენტი უნდა იყოს რაციონალური, კონკრეტული, მყარი და საფუძვლიანი;
4. სადისკუსიო თემის/რეზოლუციის მომხრე არგუმენტს იწყებთ: „მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ …“ რეზოლუციის საწინააღმდეგო არგუმენტს: „მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ…
რჩევები ილუსტრაციების შესახებ:
1. ამ დავალებას ახლავს 3 კითხვა, რომელიც ითვალისწინებს ილუსტრაციის სინთეზს. ილუსტრაციაზე ასახული მოვლენა/პრობლემა უნდა განიხილოთ მიზეზ-შედეგობრივ ჭრილში. თქვენ, ფაქტობრივად, გამადიდებელი შუშის ქვეშ დებთ მოცემულ პრობლემას და აფიქსირებთ სწორ ხედვას, ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ილუსტრაციის სწორად ამოცნობა-აღწერა;
3. გადახედეთ ილუსტრაციას, დააკვირდით მასზე დატანილ ყველა ელემენტს;
4. გახსოვდეთ! ილუსტრაციაზე ერთი წერტილიც კი არ არის შემთხვევით დატანილი.
5. დაკვირვების საფუძველზე შეიქმენით თქვენეული, დამოუკიდებელი წარმოდგენა, ჯერ კითხვების გარეშე. წარმოდგენების შექმნა ერთი ორად ზრდის დავალების სწორად შესრულების შანსებს;
6. ყურადღებით გაეცანით კითხვებს. პირველ კითხვაში მოკლედ ვასახელებთ ილუსტრაციის მთავარ სათქმელს. მაგალითად, ილუსტრაციაზე გამოსახულია კორუფცია ან ბავშვთა შრომა, მიკერძოებული სასამართლო სისტემა და ა.შ
7. მეორე და მესამე კითხვა ითხოვს მოცემული მოვლენის სრულ სურათს: გამომწვევ მიზეზებს, შედეგებს და ხშირად მოგვარების გზებსაც. ამიტომ, დავალების შესრულების დროს დაამყარეთ ლოგიკური კავშირები. პასუხები უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული.
მითითებები რუკის ანალიზისთვის:
1. რუკა, ისევე როგორც ილუსტრაცია, სხვადასხვა ტიპისაა. აუცილებელია, დავადგინოთ რუკის ტიპი და შემდეგ დავიწყოთ კითხვებზე პასუხის გაცემა.
2. რუკის ანალიზი ითხოვს ქვეყნების ტიპოლოგიის გარჩევას სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით: გეოგრაფიული მდებარეობით, დემოკრატიის ხარისხით, მოსახლეობის რაოდენობით, სახელმწიფო წყობით, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის, სოციალური-ეკონომიკური განვითარების დონით და ა.შ. მონაცემები რუკაზე დატანილია საერთაშორისო კვლევების შედეგად, საერთაშორისო ინდექსების მიხედვით;
3. რუკის ანალიზის დროს, ყურადღება მიაქციეთ რუკაზე დატანილ ლეგენდას, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი;
4. რუკის ლეგენდა მოცემული ინდექსის მიხედვით, ქვეყნების რანჟირების საუკეთესო საშუალებაა, კითხვებზე პასუხების 80% მოცემულია თავად რუკაზე. ასე რომ, აუცილებელია რუკა მაქსიმალურად კარგად შევისწავლოთ;
5. ხშირ შემთხვევაში, კითხვები ლოგიკურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და შესაძლებელია, რომ მეორე კითხვის პასუხით, პირველს მიხვდეთ. ან მესამე კითხვის პასუხით – მეორეს და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის სამოქალაქო განათლების საგამოცდო ტესტი 60-ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი და 10 წუთი. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი