„პირველ რიგში, ვფიქრობ ისევ გაკვეთილებზე, რომ იყოს საინტერესო“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი
“ჩვენს მოსწავლეებს მასწავლებლებისგან სჭირდებათ თავისუფლების მაგალითების ჩვენება; – ჩვენ, მასწავლებლებსაც გვჭირდება ვაჩვენოთ ერთმანეთს ასეთი მაგალითები; – სისტემასაც ჭირდება; – მე გისურვებთ თქვენ, ბატონო მიხეილ, თავისუფლებას”, – ასე მიმართა 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა გიორგი ჭაუჭიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს, როდესაც მას ამ ჯილდოს გადასცემდნენ.
მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს, 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. ის ამბობს, რომ თავისუფლება სიკეთეა, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს და მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე იფიქროს.
„ეს არის ერთ-ერთი ხაზგასასმელი რამ და ამიტომაც გავუსვი ხაზი ჩემი გამოსვლისას. როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების დონეზე და პირველ რიგში, განათლების სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას!“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გიორგი ჭაუჭიძემ.
ჩვენს კითხვაზე თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ, მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გვპასუხობს, რომ პირველ რიგში, ფიქრობს ისევ გაკვეთილებზე, რომ იყოს საინტერესო.
„უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა. პირველი საფიქრალი არის საინტერესო გაკვეთილები – როგორ შეიძლება გავაკეთო უფრო მეტი, მეორეს მხრივ, მინდა გავაგრძელო ის საქმე, რომელსაც აქამდე ვაკეთებდი და ბოლო ორი თვეა, დავიწყე ჩემს მასწავლებელ და მეგობარ პაატა პაპავასთან ერთად. ვქმნით ონლაინ დედაენას, რაც გულისხმობს პირველ კლასში სწავლების მიზნით გაკვეთილების სცენარების შექმნას მასწავლებელთა მონაწილეობით და შემდეგ ამ რესურსების განთავსებას ონლაინ, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი მსურველისთვის. მინდა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი გავაკეთო.
მე წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებ ხოლმე, ვცდილობ, ეს სასწავლო რესურსი გავუზიარო ჩემს კოლეგებსაც, ასევე თუ რამე შემიძლია დახმარების თუ რეკომენდაციების სახით, როგორც მივიღო მათგან, ასევე მეც გავუზიარო. ვეცდები ამ მხრივ უფრო მეტი გავაკეთო. იმიტომ რომ ეს ჩემი დაჯილდოება, ვფიქრობ, მასწავლებლების მხრიდან ჩემ მიმართ პოზიტიური გამომხმაურების შედეგია“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
გიორგი ჭაუჭიძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მნიშვნელობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ჯილდოს პოპულარობის მიზეზი თავად ორგანიზატორები არიან.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. ასევე მასწავლებლების გაცნობას და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას. კონკურსს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯილდოს პოპულარობის მიზეზი თავად ორგანიზატორები არიან. ირინა ხანთაძის და გიორგი ჭანტურიას პროფესიონალიზმი და სიწრფელე განაპირობებს იმას, რომ ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია მიდის მათთან თანამშრომლობაზე, რაც საბოლოოდ განაპირობებს ამ კონკურსის პოპულარობას“, – აღნიშნავს გიორგი ჭაუჭიძე.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვიის ფონდია, რომელიც ამ კამპანიას დაწყების დღიდან აფინანსებს და როგორც ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.
„ჩვენი ფონდი აფინანსებს მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტებს და ჩვენი მიზანია, რომ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეფექტი ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაზე. მიზანი არის ის, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს, გახდეს ისეთივე, როგორიც არის წამყვანი ევროპული ქვეყნების განათლების სისტემები და ამასთან გახდეს ხელმისაწვდომი.
როდესაც განათლების ხარისხზე ვსაუბრობთ, ჩვენი საბოლოო ამოცანაა, მოსწავლემ მიიღოს ცოდნა, გამოიმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც მას ცხოვრებაში გამოადგება – ეცოდინება სირთულეების გადალახვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რაც ერთის მხრივ, გახდის მას კონკურენტულს ბაზარზე, შესაბამისად, ქვეყანა გახდება კონკურენტული და მეორეს მხრივ, ეს ადამიანი იქნება ბედნიერი, რადგან შეეძლება აკეთოს ის საქმე რაც მას ანიჭებს სიამოვნებას.
ამ მიზნის მიღწევაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ოჯახთან ერთად, აქვს სკოლას და მასწავლებელს. მან უნდა გაზარდოს თავისუფალი ადამიანი, ასწავლოს საგანი, გაუჩინოს ინტერესი და ა.შ. შესაბამისად, თუ მასწავლებელი არ იქნება ძლიერი და მზად ამისთვის, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს.
ეს ჯილდო ასეთი მასწავლებლების გამოვლენას ემსახურება. მისმა კოლეგამაც რომ დაინახოს, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და იზრუნოს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მეორეს მხრივ, სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ არ არიან ამ პროფესიაში ჩართულები, მაგალითი გახდეს ჯილდოს მფლობელი და უბიძგოს პედაგოგობისკენ.
მინდა მოულოცო გიორგი ჭაუჭაძეს გამარჯვება და უფრო მეტი წარმატება ვუსურვო. ჩვენ პირველი დღიდანვე, 2017 წლიდან, დავუჭირეთ, ამ პროექტს მხარი და ვაგრძელებთ, სამი წელია. გვაქვს სურვილი, რომ მომავალშიც იყოს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ჯილდოს გენერალური სპონსორი.
დღეს სისტემა იმდენად დიდი გამოწვევების წინაშეა, რაც უნდა ძალისხმევა გასწიოს სახელმწიფომ, ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის. საზოგადოება, კერძო პირები ამ პროცესში უნდა ჩავერთოთ და ჩვენ ჩვენი აგური დავდოთ ამ შენობის აშენების პროცესში. წელს უკვე ბევრი კერძო კომპანია უჭერს მხარს ეროვნულ ჯილდოს. კარგი ტენდენცია ჩანს, რაც გვახარებს“, – უთხრა EDU.ARIS.GE -ს ზურაბ კერვალიშვილმა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძვნებელი, ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის (CTC) აღმასრულებელი დირექტორი, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ წელს ჯილდოს ყველაზე ფართომასშტაბიანი კამპანია ჰქონდა და უფრო მეტი ადამიანიც ჩაერთო ამ პროცესში.
„წელს შემოვიღეთ ნომინირების პროცედურა. 700-მდე მოქალაქე ჩაერთო ამ პროცესში. არ არის ეს პატარა რიცხვი. შემდეგ ჩვენ დავიწყეთ კამპანია, რომ ჯილდოს მხარდამჭერებისთვის მიგვეცა საშუალება, ფულადი მხარდაჭერა გამოეხატათ მსურველებს. წლევანდელი ჯილდოს თანხის 30% სწორედ ამ შემოწირულობებით შეივსო. ესეც სიმბოლურ დატვირთავს ატარებს. ჩვენ ვახერხებთ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას იმ საკითხებზე, რისთვისაც ვმუშაობთ.
ასევე ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოგვეხმაურა. განსაკუთრებით აღვნიშნავ კერძო სკოლების ინიციატივებს. ასევე, რა თქმა, უნდა ილიას უნივესრიტეტის შემოერთებას“, – აცხადებს ირინა ხანთაძე და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.
„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი ვითარდებოდეს და იძენდეს სხვა შინაარს. გარდა იმისა, რომ კონკურსის მიზანია, გამოავლინოს წარმატებული მასწავლებელი და გააცნოს ის საზოგადოებას, გვინდა, რომ მომავალ წლებში ეროვნული ჯილდოს ქოლგის ქვეშ აქტიურად ვილაპარაკოთ პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვასთან დაკავშირებით. მაგალითად, როგორ შეიძლება მაძიებლობის ინსტიტუტის გაძლიერება. გვინდა, რომ ამ მხრივ გავშალოთ დისკუსია. გვიხარია, რომ ილიას უნივერსიტეტი არის ჩვენი პარტნიორი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი კავშირი და მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს სტუდენტებთან და ჩვენ ამ ურთიერთობასაც გამოვიყენებთ ახალგაზრდა კადრების პროფესიაში მოზიდვისთვის.
მომავალი წელს ნამდვილად გვექნება ახალბედა მასწავლებლების და მაძიებლობის ინსტიტუტის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ეს საკითხი იქნება ჩვენთვის პრიორიტეტული.
გასულს წელს დაიწყო კამპანია კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე. როგორ შეიძლება მასწავლებელმა კრიტიკული აზროვნება წაახალისოს მოსწავლეში, ან როგორ შეიტანოს ეს საკითხი სწავლების პროცესში. ამ მიმართულებას გავაგრძელებთ. ვფიქრობთ, რომ ათეულის კლუბის წევრები ძალიან აქტიურად იქნებიან ამ პროცესში ჩართული.
ათეულის კლუბის წევრებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ განავითარონ სხვადასხვა სასწავლო საინტერესო ინოვაციური რესურსები. ჩვენს კოალიციას ექნება იმის საშუალება, რომ მხარი დაუჭიროს სხვადასხვა მცირე გრანტების სახით საინტერესო და თემატური ღონისძიებების ორგანიზებას. ანუ საგრანტო კომპონენტს კვლავ ავამოქმედებთ და ამ შესაძლებლობასაც შევთავაზებთ ათეულის წევრებს.
ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გამოხმაურება. მათი მხარდაჭერა არის სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინება და ძალიან დიდი საჩუქარი ჩვენი ათეულის კლუბისთვის. სულაკაურის გამომცემლობა მზად არის ათეულის კლუბის ყველა წევრის მიერ შექმნილი რესურსის გამოსაქვეყნებლად. გამოცემის უზრუნველყოფას იღებენ თავიანთ თავზე“,- ამბობს ირინა ხანთაძე.
განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების მხარდაჭერაში ჯილდოს წლევანდელი მფლობელის დიდი იმედი აქვს.
„მთელი გულით ვულოცავ გიორგის ამ დამსახურებულ გამარჯვებას. ვფიქრობთ, რომ მასთან ერთად ძალიან საინტერესო მომავალი წელი გველის. ჯილდოს მხარდამჭერად გვესახება ჩვენს ყველა პროცესში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი იქნება დისკუსიების ფასილიტატორი. ასე რომ აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ გამარჯვებულთან. იქამდე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ღირსეულად მიიღო მან ეს ტიტული. ის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება ერთ-ერთი ჩვენ მიერ ორგანიზებული შეხვედრა ამ თემას დავუთმოთ. თავისუფლების ცნება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ გიორგისთან ერთად შევძლებთ ამ თემის ძალიან საინტერესოდ გაშლას“, – აღნიშნა ირინა ხანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაფუძვნდა და მას უკვე ჰყავს 3 გამარჯვებული.
2017 წლის 5 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლი ლადო აფხაზავა გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი. 2018 წლის 13 დეკემბერს ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლების სიაში მოხვდა, ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს იგი მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დაასახელეს.
2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მენტორი მასწავლებლი მანანა კაპეტივაძე გახდა.
როგორც ჯილდოს დამფუძვნებლები აცხადებენ, არაერთი საინტერესო პედაგოგი გამოავლინა ამ კამპანიამ, რომლებიც ჯილდოს ათეულის კლუბის წევრები გახდნენ და მონაწილეობას იღებენ სხვადსხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება