GE

პირველკლასელის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტრაციაც დასწრების პრინციპით მოგიწევთ

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი მისამართის მიხედვითაც იქნება შესაძლებელი.

უფრო ზუსტად კი, რეგისტრაციის მესამე ეტაპზე – „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია“, მომავალი მოსწავლეების მშობლები/მეურვეები პირველკლასელს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაარეგისტრირებენ და ამ ეტაპის მიზანს, როგორც განათლების სამინისტრო ამბობს, მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.

თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-მ 19 თებერვალს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დასმული კითხვის პასუხად გაარკვია, ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციაც, ისევე, როგორც საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციაზე, ამ შემთხვევაშიც დასწრების პრინციპით წარიმართება.

“დიახ, ამ შემთხვევაშიც დასწრებაზე იქნება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თუ სხვა უბანში მცხოვრები მოსწავლის მშობელი ამავე თქვენი უბნის სკოლაში მოინდომებს შვილის რეგისტრაციას, ის ამას ვერ შეძლებს”, – დაგვიზუსტეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

მათივე განმარტებით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ონლაინ რეგისტრაციაც 09:00 საათზე დაიწყება და განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია – 2026 წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისი დოკუმენტაციის საჯარო სკოლაში წარსადგენად კი დრო 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით გექნებათ.

„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.

“ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით. აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით”, – განმარტავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

გაითვალისწინეთ, რომ მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.

ასევე იხილეთ:

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური