GE

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება – ყველა დეტალი

განათლების სამინისტროს მიერ, 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში განხორციელებული ცვლილებების გამო, მშობლების ნაწილი გაურკვევლობამ მოიცვა, რადგან მოსწავლეთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებული ჰგონიათ. არაერთი მათგანი EDU.ARIS.GE-ს რედაქციას წერს, რომ სარეგისტრაციოდ საჭირო ვებგვერდი ჩართული არ არის და დახმარება სჭირდებათ. ამ ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოგიყვებით პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო დეტალს, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 21 აპრილის ინფორმაციაზე დაყრდნობით:

III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

როგორ გამოიყურება ველი, სადაც მოსწავლეს დავარეგისტრირებ და რომელი განყოფილებები უნდა შევავსო?

პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია

რას ნიშნავს სექტორი?

სექტორის მონიშვნის დროს თქვენ აფიქსირებთ რომელ ენოვან სექტორს ირჩევთ (ქართულს/რუსულს).

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

როგორ ვარჩევ სკოლას და რა უფლებებით ვსარგებლობ?

მშობელმა, პირველ რიგში, უნდა შეარჩიოს სკოლა, მისთვისა და ბავშვისთვის ოპტიმალური, მოსახერხებელი არჩევანი გააკეთოს. ეს შეიძლება იყოს ტერიტორიული სიახლოვე, კვალიფიციური კადრებისა თუ ზოგადად სკოლის მაღალი რეპუტაცია, წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მონაწილეობა, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო პროექტებში, გაძლიერებული კათედრები თუ სხვა.

არჩევანის შეცვლას გადაწყვეტთ? გახსოვდეთ, რომ ბოლო ეტაპს არ დაელოდოთ, რადგან როგორც წესი, სკოლებში ადგილები შეზღუდულია, თუ თქვენი შვილი არასასურველ სკოლაში ჩაირიცხა მობილობის შესაძლებლობა არსებული კანომდებლობით მხოლოდ პირველი სემესტრის დახურვის შემდეგ მოგეცემათ. ასევე, მშობელს აქვს უფლება რეგისტრაციის დაწყებამდე ბევრათ ადრე გამონახოს დრო შერჩეულ სკოლაში ვიზიტისთვის და მიიიღოს მასზე დეტალური ინფორმაცია, ასევე იკითხოს რამდენი პირველკლასელის მიღების რესურსი აქვს სკოლას, ვინ არიან მასწავლებლები, დამრიგებლები, გაეცნოს მათ პორტფოლიოს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლეთა წარმატების შესახებ და გაარკვიოს რამდენად უსაფრთხოა სკოლა. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველჰყოს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. თუ განგიმარტეს, რომ ეს უფლება მხოლოდ ჩარიცხვის შემდეგ მოგეცემათ და მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლია სკოლის შინა განაწესი წაიკითხოთ, შეახსენეთ, რომ ამის უფლება თქვენ გაქვთ ან უბრალოდ მიმართეთ შესაბამის დაწასებულებებს, რომლებსაც ქვემოთ ვახსენებთ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოვტოვებთ?

თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ან შეფერხებას შეგიქმნით სკოლა ან გექნებათ სხვა მიზეზი, უნდა დაელოდოთ მეოთხე ეტაპს. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მიმართოთ იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის ტერიტორიულ ერთეულშიც მდებარეობს სკოლა და ოპერატიულად შეატყობინოთ პრობლემის შესახებ, დაუკავშირდეთ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს (995 32) 2 200 220.

აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ თითოეული ეტაპი გარკვეულ დროს მოიცავს, რასაკვირველია, უნდა დაიცვათ რეგისტრაციის ვადები და ბოლო დღეს არ დაიწყოთ რეგისტრაცია, რადგან უფრო ნაკლები დრო გექნებათ პრობლემის მოსაგვარებლად, და შესაძლოა ვადებში ვერ ჩაეტიოთ ან უბრალოდ მოხვდეთ თქვენთვის არასასურველ სკოლაში.

ასევე იხილეთ:

მნიშვნელოვანი ცვლილებები პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში – განახლებული პროცედურა 2022 წლისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური