„პრობლემა არის ადამიანში, რომელიც სისტემას არ იცნობს“ – როგორ მიიღეს განათლების ექსპერტებმა კომიტეტის იურისტი თავმჯდომარე
მოულოდნელი, მიუღებელი, გაუგებარი, დრო გვაჩვენებს – ძირითადად ეს სიტყვები გვესმოდა განათლების სფეროს სპეციალისტებისაგან, რომელთაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე პროფესიით იურისტის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის დანიშვნის შეფასება ვთხოვეთ.
მაშ ასე, EDU.ARIS.GE-მ ბევრი წლის განმავლობაში განათლების საკითხების განხილვით დაკავებული ადამიანების კომენტარები ჩაწერა იმ ადამიანის დანიშვნაზე, რომელიც თავისი საქმიანობისა და კარიერის განმავლობაში ნაკლებად იყო კავშირში იმ სფეროებთან, რომელთაც განათლების კომიტეტი აერთიანებს.
აკადემიკოს ზურაბ ვახანიასთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავარი ის კი არაა, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე, არამედ ის, რომ კომიტეტი უფუნქციოა. მას უჭირს გაიხსენოს ღირებული რამ, რაც განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ამ კომიტეტს აქვს გაკეთებული.
„განათლების პოლიტიკა თვითდინებაზეა მიშვებული. არის დროებითი კამპანიები, რომლებიც არანაირ შედეგს არ იძლევა. არავინ პასუხს არ აგებს იმაზე, რომ მილიონები იხარჯება და შედეგი არ არის. ერთიანი სტრატეგია არ არსებობს და რასაც აკეთებენ, ისიც მცდარი მიმართულებითაა. სულერთი არაა ვინ იქნება თავმჯდომარე? ის, რომ იგი ამ დარგის სპეციალისტი არაა, კიდევ არაა იმდენად პრინციპული. ადამიანი თუკი მოინდომებს, პროფესიონალებს ამოიყენებს გვერდით და ა.შ. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ აქ მთავარი პიროვნება კი არა, სახელმწიფო ნებაა. ცენტრალიზებული სახელმწიფო პოლიტიკა არ არის.(პარლამენტი) პოლიტიკას თუ არ განსაზღვრავს, მაკონტროლებელი მაინც ხომ უნდა იყოს? არაფერი მსგავსი არ კეთდება და ამის ცვლილებას არც მოველი, რადგან ეს განათლების კომიტეტის თავმჯდომარეზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნავს ვახანია.
წულუკიანისა და მისი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა განათლების საკითხების სპეციალისტმა, ფიზიკოსმა გიორგი გახელაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ამ თანამდებობაზე მოსვლით საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ბიუჯეტის ფლანგვის გარდა არაფერს მოელის.
„რა მოლოდინი უნდა მქონდეს განათლებასთან მიმართებაში ადამიანისგან, რომელმაც თავის დროზე საკუთარი განათლება დამალა? სამარცხვინოა – სადღაც ოდესღაც ჩაიწერება, რომ 2020 წელს საქართველოში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის პოლიტიკას საზღვრავდა მატყუარა და თაღლითი წულუკიანი. ამ ადამიანის ინტერესები, მხოლოდ და მხოლოდ, პირადი კეთილდღეობის მოხვეჭაზე გადის.
„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სისტემა კი, ჩვენს ქვეყანაში, სახელმწფოს მონოპოლიზებული აქვს და არაკეთილსინდისიერი და კორუფციონერი მოხელის ხელში უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ ბევრი ფული მოიხვეჭოს. ჩახედეთ რა ბიუჯეტი აქვს მთლიანად დარგს. ეს დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარია. ამ ბიუჯეტის განკარგვაზე მითითებების მიმცემი და გადაწყვეტილებების მიმღები სწორედ ეს ქალბატონი გახდება. ამ ადმიანის საერთოდ საჯარო სამსახურში ყოფნა და მით უმეტეს, განათლების სფეროში ყოფნა, სამარცხვინოა.
„ყველაზე მთავარი მოლოდინი, რაც მაქვს, ისაა, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნით საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები დაიწყება, როგორც ინსტიტუციურად, ისე პერსონალურად. ცხადია, პირდაპირი სადამსჯელო ფუნქციები არ აქვს, მაგრამ მაორგანიზებელი იქნება მუქარებისა და შანტაჟის, საჩივრებისა და დაშინების. ზოგ შემთხვევაში ღიად, ზოგ შემთხვევაში – ფარულად. ის იქნება მთავარი ბიძგი ამ რეპრესიების და სამინისტროც, რა თქმა უნდა, მას დაჰყვება, რადგან ჩვენი სამინისტრო და მით უმეტეს მისი დაქვემდებარებული სსიპ-ები არანაირი დამოუკიდებლობით არ გამოირჩევიან. მან არაერთხელ აჩვენა, რომ საპირისპირო აზრის მოსმენაც არ შეუძლია, არათუ მიღება. ასე რომ, ამას ძალიან მალე დაიწყებს“, – აცხადებს გახელაძე.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა „სიურპრიზი“ იყო სიმონ ჯანაშიასთვისაც, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ ქვეყანაში მსგავსი გადაწყვეტილებების ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს. ამის დასტურად კი ექსპერტი იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს, როცა განათლებაში ხალხი გენერალური პროკურატურიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდანაც გადმოჰყავდათ.
„(საქართველოში) ადამიანებს თავიანთი პროფესიული გამოცდილების მიხედვით არ ნიშნავენ. გამონაკლისი იყო წინა თავმჯდომარე, რომელიც ნამდვილად განათლების სფეროდან იყო – სკოლის ყოფილი დირექტორი გახლდათ. ახლა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდება იმის მსგავს მიზნებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა – სკოლებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებას. თუ გავიხსენებთ როდის მოხდა ეს, შეიძლება გარკვეული პარალელებიც დავინახოთ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს 2009 წელს გააკეთა, მას შემდეგ, რაც 2008 წლის არჩევნები არცთუ ისე წარმატებით ჩაატარა და ჩათვალეს, რომ სკოლები საკმარისად გაკონტროლებული არ იყო და ამის გამო მათ საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღეს. ახლაც მსგავსი სიტუაცია გვაქვს – „ქართულმა ოცნებამ“ არცთუ წარმატებული არჩევნები ჩაატარა და ყველაზე უფრო ძლიერი ფიგურა, რომელიც პოლიტიკური კონტროლის დამყარებითაა ცნობილი, განათლების კომიტეტში ხელმძღვანელად მოჰყავს. თეა წულუკიანის შესახებ ბევრი არაფერი მახსენდება, მაგრამ მახსოვს მაგალითად ის ფაქტი, რომ მან დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ და ეს სასამართლომაც დაადასტურა. ასეთი ადამიანის განათლების სისტემის მართვაში გადმოყვანა, ჩემი აზრით, გარკვეული გზავნილია. სხვა მხრივ კი, ჩვენ საერთოდ არ ვიცით რისი გაკეთება უნდა „ქართულ ოცნებას“ განათლებაში.
„ჩვენ ასევე გვაქვს გამოცდილება, რომ განათლების სფეროში ასაქმებენ ადამიანებს, რომლებმაც სხვა სფეროში თავისი კომპეტენცია ამოწურეს. გვინახავს როგორ ხდებიან თავდაცვის მინისტრები პროფესორები და როგორ ნიშნავენ უნივერსიტეტების რექტორებად მინისტრის მოადგილეებს. ასე რომ, ეს მიმართულებაც შეგვიძლია განვიხილოთ – უფრო სასიამოვნო სამსახური შესთავაზეს ადამიანს, რომელმაც თავისი თავი ამოწურა. სხვა დასაბუთება არ მაქვს“, – დასძენს ჯანაშია.
თემაზე კომენტარის გაკეთება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის („ახალი სკოლის მოდელი“) განათლების ექსპერტს თამარ ჯაყელს ვთხოვეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ მას ჩვენთან „განათლების საკითხებზე საუბარი“ ურჩევნია. თუმცა კითხვაზე მაინც გვიპასუხა და განგვიცხადა, რომ იგი ადამიანებს „პარტიულობისაგან მოწყვეტილად“ უყურებს და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ პარტიაშია ესა თუ ის პიროვნება, რადგან „კარგი და ცუდი ყველა პარტიაში შეიძლება იყოს“.
„ქალბატონი თეასადმი ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ იგი უკომპრომისო და უშიშარი ადამიანია. იმ იდეებისთვის, რაც მას აქვს, მართლაც თავდადებულად იბრძვის. ეს ერთი თვისებაა, რაც შემიძლია გამოვყო. მეორე თვისება ისაა, რომ მის მასზე ძალიან ძლიერი იერიშები იყო ხოლმე და ამ დროს სულ მაინტერესებდა მისი გამოსვლები. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი მსჯელობა საკმაოდ არგუმენტირებული იყო. ამ ორი თვისების მიხედვით შემიძლია ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. თავის სფეროში, რამდენადაც მე შევძელი ამის გარკვევა, ეს ადამიანი საკმაოდ ღრმადაა შესული და იცოდა რას აკეთებდა. განათლებაში იმხელა რეფორმებია გასატარებელი და იმხელა ცვლილებებია შესატანი, რომ ეს პიროვნული თვისებები ნამდვილად აუცილებელია – მედგარი, უშიშარი, უკომპრომისო ბრძოლა სიტუაციის შესაცვლელად. ამ თვალსაზრისით მე დადებითად ვუყურებ. შინაარსობრივ საკითხებზე, ცხადია, განათლების სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ. მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თეთრის და შავის გარჩევას შეძლებს. სამწუხაროდ, თავად განათლების სისტემაში გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც თეთრსა და შავს დღემდე ვერ არჩევს. მას სიტუაციაში გარკვევა და საკითხების სიღრმისეულად დამუშავება, შეუძლია. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს“, – დასძენს თამარ ჯაყელი.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელ, განათლების სპეციალისტ შალვა ტაბატაძისთვის, ყველაფერი ცალსახა და მარტივია – განათლება, მეცნიერება და კულტურა ისეთი სფეროებია, რომელსაც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა უხელმძღვანელოს. ანუ, იგი სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულად მიჩნეული არ არის და არავინ ფიქრობს, რომ ამ სფეროებში მნიშვნელოვანი პოლიტიკის გატარებაა საჭირო. შესაბამისად, ტაბატაძე ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე ნებისმიერი შეიძლებოდა გვენახა.
„საპარლამენტო სიებს თუ ნახავთ, გინდათ მმართველი პარტიის და გინდათ ოპოზიციის, ვერ იპოვით ადამიანს, ვინც განათლებას, მეცნიერებასა და კულტურას შესაბამისად შეიძლება უხელმძღვანელოს, ვისაც ამ მიმართულებით ხედვა გააჩნია. თავად პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ ამ მიმართულებით ხედვა. ასე რომ, თეა წულუკიანი იქნება თუ პავლე პეტრიაშვილი, ამას მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს. ანუ, ამ სფეროებისადმი ისეთი აღქმაა, რომ ესაა დამხმარე სფეროები, რომლებიც შეიძლება მართოს და პოლიტიკა შექმნას ყველამ, რადგან არაა მნიშვნელოვანი.
„რეაგირება, რომელიც წულუკიანის დანიშვნას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში მოჰყვა, კიდევ უფრო უარესი იყო. საუბარი იმაზე კი არ მიდიოდა, რომ მას არ გააჩნია ხედვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის პოლიტიკის სფეროში, არამედ იმაზე, რომ თეა წულუკიანი ჩააჩოჩეს და რაღაც ადგილი, რაღაც თანამდებობა მიუგდეს. ანუ, საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდანაც ეს სფერო აღქმულია როგორც სფერო, რომელიც ვიღაცას შეიძლება მიუგდო. იქ ადამიანის დანიშვნა მის დაქვეითებას, ჩაჩოჩებასა და პოლიტიკურ კრახს უდრის. აქ პრობლემა თეა წულუკიანში კი არაა, პრობლემა არის ადამიანში, რომელიც სისტემას არ იცნობს და როცა ადამიანი სისტემას არ იცნობს, რთულია მან ზედამხედველობა განახორციელოს სრულყოფილად, ან განათლების პოლიტიკა განსაზღვროს. ესაა სწორედ პრობლემა რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა, როგორც წესი, ან საჩუქარია ვინმესთვის, ან ჩაჩოჩებული ადამიანისთვის გადაგდებული თანამდებობა“, – გვითხრა შალვა ტაბატაძემ.
წინა რესპონდენტებისგან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი დენის დავითაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თეა წულუკიანი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი პროფესია განათლების სფეროში საინტერესო რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებას ხელს შეუწყობს. არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ჯეროვან კონტროლს განახორციელებს და ზოგადად, კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე იქნება.
„მე მასთან ურთიერთობა მქონდა მაშინ, როცა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე იყო და ნამდვილად ძლიერი მენეჯერული თვისებები გააჩნია. იგი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად განათლების სფეროში ასე საჭირო რეფორმებს დაგეგმავს და განახორციელებს. წარმატებას ვუსურვებ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დიდი ხანია ვართ სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, ხელს შევუწყობთ, რომ სწორად დაიგეგმოს და ჩვენს გამოცდილებას კომიტეტსა და ქალბატონ თეა წულუკიანს, გავუზიარებთ“, – აღნიშნავს დავითაშვილი.
„მის პერსონას განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან ვერანაირად ვერ ვაკავშირებ“ – ეს კი განათლების კიდევ ერთი სპეციალისტის, რეზო აფხაზავას სიტყვებია. მისთვის გაუგებარია რითი იხელმძღვანელეს მმართველ გუნდში წულუკიანის შერჩევის პროცესში.
„ჩემი აზრით, ქვეყანაში ეს პროფანაციაა, ამ სისტემის ნგრევა ერთმნიშვნელოვნად უნდა დასრულდეს. ხელისუფლებაში და მათ შორის, განათლების სისტემაში, უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტული სისტემის სპეციალისტები არიან და არა ადამიანები, რომლებსაც განათლების მართვასთან ახლოსაც არ აქვთ გავლილი. თან ეს დამოკიდებულება, რომ თურმე განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობა თეა წულუკიანისთვის დაქვეითებაა, ამხელა სისტემის შეურაცხყოფაა და ასევე, საზოგადოების ლუსტრაციაა, რომელიც თვლის, რომ იგი თურმე განათლების უმნიშვნელოვანესი კომიტეტის თავმჯდომარეობით დააქვეითეს. მოლოდინებიც არ მაქვს პოზიტიური. რამდენად გამოირჩევა ეს ადამიანი თანამშრომლობითი კულტურითა და პროგრესული ხედვით ამ თემაში, არ ვიცი. რა კომპეტენციას ადასტურებს, ან რა მოტივაცია აქვს, საერთოდ გაუგებარია და ამ პარლამენტის დიდად შედეგიანობის, სამწუხაროდ, არ მჯერა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში განათლებისადმი დამოკიდებულება უკვე გასაგებია და ეს დამოკიდებულება თითოეულ მოქალაქესა და ქვეყანას ძალიან ცუდად მოუბრუნდება“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში რეზო აფხაზავამ.
თეა წულუკიანის კანდიდატურის შეფასებისას განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი, პირველ რიგში, პარლამენტის შესუსტებულ ფუნქციებზე საუბრობს, რომელიც, ძირითადად, მმართველ ძალის მიერ ინიცირებული ახალი კანონების მიღებით არის დაკავებული და სახელმწიფო პროგრამებისა და უკვე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებს კონტროლს არ ახორციელებს. საპარლამენტო კონტროლი, მოსიაშვილის აღქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ძალზედ დაბალია და მისი გაძლიერება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
„მე ვერ ვიხსენებ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტს, რომლის ეს ფუნქციაც თვალსაჩინო იქნებოდა. აქედან გამომდინარე, თეა წულუკიანის კანდიდატურა, რომელიც განათლების სპეციალისტი არაა და განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ნაკლებად პრობლემური მგონია. უფრო პრობლემურია ის, თუ რა იგეგმება პარლამენტში მისი მაკონტროლებელი ფუნქციის გასაძლიერებლად. არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ასე მოხდება, თუმცა თუ მოხდა, მაშინ განათლების კომიტეტმა და სხვა კომიტეტებმაც უნდა შექმნან მოკვლევის ჯგუფები, შეისწავლონ კონკრეტული საკითხები და კანონების აღსრულებისა და სახელმწიფო პროგრამების კონტროლი, ან გარკვეული ცვლილებების ინიცირება ისე უნდა მოახდინონ “, – მიიჩნევს მოსიაშვილი.
კომენტარი ვერ მივიღეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლად დანიშნული წევრისა და განათლების ექსპერტ გია მურღულიასგან, რომელიც მედიასთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს, თუკი საქმე საკამათო ტელესკოლის ეფექტიანობის საკითხს ეხება, მედიასაშუალების საჯარო უარგუმენტო კრიტიკის ჩათვლით. გია მურღულიამ ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი იმ მიზეზით შეიკავა, რომ საკითხში კარგად ვერ ერკვევა.
„სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ მაქვს სრული წარმოდგენა მის პრიორიტეტებზე – შეუძლოდ ვარ და სრულფასოვნად ვერ ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ცხადია, ასეთი საუბრისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა მქონდეს“, – განგვიცხადა მურღულიამ.
მას განვუმარტეთ, რომ ჩვენი კითხვა მხოლოდ იმას ეხებოდა, თუ რამდენად სწორად მიაჩნია პროფესიითა და საქმიანობით განათლების სფეროსთან კავშირში არმყოფი ადამიანის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა, თუმცა ასეთი პასუხი მივიღეთ: „წინასწარი შეფასებები, რომლებსაც საფუძვლად არ აქვს კონკრეტული განზრახვები და განცხადებები, არ მიყვარს. წინასწარმეტყველი არ ვარ.”
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი 11 დეკემბერს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. კენჭისყრის შედეგად მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რაც შეეხება მოადგილეებს, თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს შალვა პაპუაშვილი დაიკავებს, მისი კანდიდატურა, რეგლამენტის თანახმად, თავად თეა წულუკიანმა წარადგინა. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კი კომიტეტს გიორგი ამილახვარი წარუდგინა, რომელიც წულუკიანის კიდევ ერთი მოადგილე იქნება. ორივე დეპუტატი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის მოხვედრილი. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 17 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს, საიდანაც 10 უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება, ხოლო 7 – უფრაქციო დეპუტატი.
„განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობა ჩემი სურვილი იყო და ეს მოულოდნელობა არ ყოფილა“
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება