პროექტი დაეხმარება უნივერსიტეტებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი პროგრამები შექმნან – რაში დაიხარჯება აშშ-ის 7 მილიონი
საქართველოს და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, USAID -ის 7 მილიონიანი გრანტი, სხვა საჭიროებებთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასაც მოხმარდება, რაც დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებას გულისხმობს.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი პროექტი 5 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს და ის როგორც სკოლების, ასევე უმაღლესი სასწავლებლების განვითარებასაც გულისხმობს.
„ახალი 7 მილიონიანი პროგრამა გულისხმობს ყველა საჯარო სკოლაში შესაბამისი აქტივობის განხორციელებას და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს რესურსების შექმნას, მასწავლებელთა გადამზადებას (დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს ვგულისხმობ), წიგნიერებას და რაოდენობრივ აზროვნებაში დახმარებას. პროგრამა ასევე მოიცავს შეფასებების განხორციელებას, განმავითარებელი შეფასებების ინსტრუმენტების შექმნას, რაც დაეხმარება მასწავლებლებს და სკოლებს, რომ ადრეული იდენტიფიცირება გაუკეთონ მოსწავლეთა საჭიროებებს და დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები, მათ შორის განავითარონ თავიანთი საგაკვეთილო გეგმები. ეს პროცესი წავა აბსოლუტურად ყველა საჯარო სკოლაში, ის აუცილებლად დაეხმარება „ახალი სკოლის მოდელის“ განვითარებას და დანერგვასაც, თუმცა ის რესურსების განვითარება და ის ინტერვენციები რაც დაგეგმილია ამერიკის მიერ ინიცირებულ ახალ პროგრამაში, იქნება შეთავაზებული ყველა სკოლისთვის“,-ამბობს ირინე აბულაძე.
მისივე თქმით, ახალი საგრანტო პროექტი დაეხმარება უნივერსიტეტებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი პროგრამები შექმნან და ხელი შეუწყონ სკოლებისთვის ახალი კადრების მომზადებას.
„USAID-ის პროგრამა ასევე დაეხმარება უნივერსიტეტებს, განვითარონ, გააუმჯობესონ და შექმნან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი პროგრამები. მნიშვნელოვანია მუშაობა წარიმართოს საუნივერსიტეტო დონეზე, რომ უნივერსიტეტებმა მოამზადონ ისეთი ახალი კადრი სკოლებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას“, – განაცხადა ირინე აბულაძემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება