აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან
2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი იცვლება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას ქარვასლაში შეკრებილ მთავრობის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს განუცხადა, უახლოეს მომავალში საზოგადოებას განათლების დაფინანსების ახალ მოდელს შესთავაზებენ.
მისივე თქმით, ამის განხილვაში როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
მინისტრის აზრით, დაფინანსების მოქმედი მოდელი დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ამბობს, რომ ეს საკითხი თითოეული უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან ერთად აქვს განხილული. ახალი სისტემა, ჯეჯელავას აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული.
„შევეცდებით, ახალგაზრდები იმ პროფესიაში, იმ მიმართულებით დავაფინანსოთ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებიან. აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს. ეს კომპონენტი დღევანდელ სისტემაში გათვალისწინებული არ არის. მოგეხსენებათ, დღეს ერთხელ თუ მიიღო სტუდენტმა გრანტი, ის მას ბოლომდე მიყვება მიუხედავად აკადემიური შედეგებისა“,– განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ აღნიშნული სწორ მიმართულებებს არ წაახალისებს.
მოგვიანებით, მინისტრმა ზემოაღნიშნული საკითხი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განავრცო.
მისი თქმით, არ არის სწორი, როცა აბიტურიენტი ერთხელ მოემზადება, გრანტს მიიღებს ხოლო შემდეგ კი აღარ სწავლობს. ამ დროს კი, სხვამ მინისტრის თქმით, შეიძლება, ეროვნულ გამოცდებში დაბალი ქულები აიღოს, მაგრამ შემდგომ უნივერსიტეტში „ძალიან მაგრად ისწავლოს“. სწორედ ამიტომ მიაჩნია მას დაფინანსების წესის აუცილებლად აკადემიურ მოსწრებაზე მიბმა.
„სოციალური კომპონენტებიც გადასამუშავებელი და გასავითარებელია. სისტემა უფრო გამჭირვალე უნდა იყოს. სტუდენტი უნდა ხედავდეს, რატომ იღებს, ან ვერ იღებს გრანტს. უნივერსიტეტებთან ერთად სამუშაო ჯგუფს ვქმნით და იგი ახალ სქემას დაამუშავებს“,– განუცახადა EDU.ARIS.GE-ს ჯეჯელავამ.
ჩვენ დეტალებით დავინტერესდით და მინისტრს ვკითხეთ, თუ რამდენი ხნით მოპოვებულად ჩაეთვლება სტუდენტს ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული გრანტი – მხოლოდ ერთი წლით, თუ ერთი სემესტრით.
მინისტრმა გვიპასუხა, რომ „ორ თვეში გახდება ცნობილი, თუ რა და როგორ იქნება.“
როგორც ჯეჯელავამ დაგვიზუსტა, შეეცდებიან, რომ დღეს არსებული დაფინანსების სისტემა 2017 წლისთვის ნაწილობრივ მაინც შეიცვალონ.
„არ მგონია, სრულად ამოქმედება მოვასწროთ, მაგრამ რაღაც ახალი კომპონენტები ამოქმედდება“,– უთხრა მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს ყველაფერი აბიტურიენტების უკმაყოფილებას, მინისტრმა გვიპასუხა, რომ სწორი გადაწყვეტილებები ამის მიუხედავად უნდა მიიღებოდეს.
„სწორი რაც არის, ვინმეს უკმაყოფილებას რომც იწვევდეს, მაინც სწორია. ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელსაც ცუდი აბიტურიენტი უკმაყოფილოები ეყოლება, ხოლო კარგი აბიტურიენტები – კმაყოფილები“,– დასძინა განათლების მინისტრმა.
„ნუცას სკოლა“ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა გაგვეზარდა – ატესტატის გაცემის პრინციპი უსამართლოა
თაკო არის© მათეშვილი
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება